შაბათი, აპრილი 20, 2024

ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი სასტუმრო აღჭურვილობისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე ტურიზმის სფეროს 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ვიზიტორებს ტურისტულ სერვისებს, პროდუქტებსა და მიმართულებებს სთავაზობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან ერთად გამოფენაზე სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი აჭარის ტურისტული პროდუქტებიც, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ბათუმის ტურისტული გამოფენის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად იმსჯელეს: თუ რა გამოწვევები აქვს სექტორს კვალიფიციური კადრების კუთხით? რა შესაძლებლობები არსებობს საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად? რამდენად ეფექტურია დუალური განათლება და სხვა არსებული პროგრამები, რომელმაც ტურიზმის სფერო პროფესიული კადრებით უნდა უზრუნველყოს?

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და რესტორნები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, დაცული ტერიტორიები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სატრანსპორტო კომპანიები, მუნიციპალიტეტები, ტურიზმის დეპარტამენტები და ასოციაციები ღებულობენ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი. ტურისტული გამოფენა, რომელიც საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება, დღეს გაიხსნა და 21 მაისს დასრულდება. მასზე დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული