ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოსთვის პოლიტიკური და ლოგისტიკური ჩიხია – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, ამა წლის 15 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება ეძლევათ. ასევე აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ორივე ქვეყნის მთავრობის (რუსეთი, საქართველო) მხრიდან მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა დასახელდა. ის, რომ პუტინს ნაკლებად აინტერესებს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, ყველამ ვიცით და საკუთარ კანზე არაერთხელ გამოგვიცდია მისი სიმწვავე. ვფიქრობ, თქვენთვის ამის ახსნა საჭიროებას არ წარმოადგენს. ფაქტია, რომ ოფიციალური კრემლის ეს ნაბიჯი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და რუსეთის, კერძოდ კი, პუტინის ინტერესებს ემსახურება.

მოდით განვიხილოთ რა შედეგს მოუტანს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით კი საავიაციო დარგს.

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ავიაკომპანიები და აეროპორტები მკაცრი სანქციების ქვეშ მოყვნენ. უნდა ვიცოდეთ, რომ რუსული ავიაკომპანიების დიდ ნაწილს თანამედროვე საჰაერო ლაინერები (Airbus, Boeing) დასავლეთის ქვეყნებიდან ჰყავდათ შემოყვანილი, ლიზინგით. სანქციების შემდეგ მეიჯარე კომპანიებმა უკან გამოითხოვეს საკუთარი თვითმფრინავები, რაზეც რუსეთისგან ცივი უარი მიიღეს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივად ეს საჰაერო ხომალდები რუსეთს გატაცებული ჰყავს. ამის გამო რუსული კომპანიები ვერ იღებენ საჭირო საავიაციო ნაწილებს, საჰაერო ხომალდებს სრულყოფილად არ უტარდებათ ტექმომსახურება და დროთა განმავლობაში, ნაწილების ცვეთის პარალელურად, ეს საფრენი აპარატები, მგზავრების სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველნი ხდებიან (აღარ ვსაუბრობთ რუსული წარმოების თვითმფრინავებზე, რომლებიც სანქციებამდეც ფიზიკურად და მორალურად ამორტიზირებული იყო).

პრესით და ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ კომპანიებს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან კვირაში 49 რეისი აქვთ მოთხოვნილი. რა მოხდება თუ საქართველოს მხარე დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და აეროპორტები მოემსახურებიან სანქცირებულ რუსულ კომპანიებს? ტექნიკურად, ეს ავტომატურ რეჟიმში ჩვენი აეროპორტების სანქცირებას გამოიწვევს. მაგრამ არის ამ საკითხის პოლიტიკური მდგენელიც, რაზეც ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმაც გააკეთა მინიშნება და რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელიც გამოეხმაურა. ამერიკის ოფიციალური პირების პოზიციაა, რომ თუ განახლდება რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო ფრენები, საქართველოს აეროპორტები შესაძლოა დასანქცირდეს. ანუ ჩვენი საავიაციო დარგი ტექნიკურად კი მოექცევა სანქციების ქვეშ, მაგრამ ამის გარდა არის კიდევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები. ამის კარგი მაგალითია თურქეთი. ვაშინგტონის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავათ ანკარა არ წყვეტს საჰაერო მიმოსვლას რუსეთთან. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თეთრ სახლში ფაქტობრივად იმაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს და თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ბედიც.

საჯაროდ გამოითქვა აზრი, რომ რუსული კომპანიები იფრენენ არა გატაცებული დასავლური საჰაერო ხომალდებით, არამედ რუსული თვითმფრინავებით. ეს მომენტიც უნდა განიმარტოს. საჰაერო ხომალდები არ არის სანქციების ქვეშ, არამედ ავიაკომპანიები და რუსეთის სახელმწიფო, რომელთაც მიითვისეს ისინი. ასე, რომ ეს არ არის გამოსავალი. მეტიც, როგორც აღვნიშნეთ ზემოთ, რუსული თვითმფრინავთმშენებლობა ბევრ კითხვებს იწვევს ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების სანქცირება? ფაქტობრივად, სულ მცირე, გაუქმდება ორმხრივი რეისები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით. ვერ იფრენენ ვერც ქართული და ვერც უცხოური კომპანიები. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პარალელურად სანქციებში მოჰყვება თუ არა თურქული კომპანიებიც. ეს იქნება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ბოლო პერიოდის განმავლობაში ისედაც ვერ უწევდნენ ქართული კომპანიები თურქულს კონკურენციას სამგზავრო გადაყვანაში. თუ სანქციები მათ არ შეეხებათ და ჩვენ შეგვეხება – თურქეთი ქართულ ავიაბაზარზე სრულყოფილი მონოპოლისტი გახდება, რაც ფასებზეც იმოქმედებს. თუ ორივე დასანქცირდება გამოვა, რომ საჰაერო კარი ევროპისკენ იკეტება და მხოლოდ რუსეთისკენ მოგვიწევს ფრენა, რომელიც საქართველოსთვის როგორც ლოგისტიკური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით ჩიხია.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსულის მსგავსად მათაც ლიზინგით ჰყავთ შემოყვანილი საჰაერო ხომალდები. სანქციების შემთხვევაში უკეთეს შემთხვევაში არ მოხდება ხომალდების საავიაციო ნაწილებით უზრუნველყოფა, ხოლო უარეს შემთხვევაში მეიჯარე კომპანია მათ უკან გაიხმობს და საქართველო ფაქტობრივად დარჩება სამოქალაქო ავიაციის გარეშე.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული