პარლამენტის ფრაქცია ,,რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარლამენტის ბიუროს მიერ მიმდინარე სასესიო კვირაში საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხის განხილვაზე უარის გამო. ოპოზიციონერი ლიდერი მწვავედ აკრიტიკებს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს:
,,არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ რიგში მყოფი საკითხებიდან რომელიმე გაქრეს. ასეთი რამ, აქამდე არ ყოფილა.
ბატონმა პაპუაშვილმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა, დღის წესრიგიდან საგამოძიებო კომისიის თაობაზე კენჭისყრა გააქროს.
შეუძლებელია სანქციების შემდეგ, რომელიც ვიხილეთ კონკრეტულ მოსამართლეებზე, ამ მოსამართლეებზე გადაფარებამ, მათმა დაცვამ, მთელი სახელმწიფო მანქანის ჩართვამ, მთელი პარლამენტის პარალიზებამ, ახლა უკვე დღის წესრიგიდან საკითხის გაქრობამ არ გამოიწვიოს ის, რომ კონკრეტულად ბატონი პაპუაშილი არ განიხილებოდეს, როგორც ამ კლანის ნაწილი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


