ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა და უკრაინის კონტრშეტევა – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

როგორც უკრაინის მომხრე, ისე მოწინააღმდეგე – ყველა ერთხმად თანხმდება, რომ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე, მდგომარეობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების დღის წესრიგზე გავლენას ახდენს. ამიტომ ზესახელმწიფოს ლიდერებიც კი ყურადღებით აკვირდებიან აქ განვითარებულ მოვლენებს. გასულ წელს უკრაინულმა მხარემ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში. ზამთარმა ბუნებრივად შეაფერხა მათი სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით წინსვლა. ორივე მხრიდან სამხედრო ექსპერტებში არის იმის მოლოდინი, რომ ზამთრის ყინვების გამო დაკარგულ დროს უკრაინა გაზაფხულზე აქტიურობით აუცილებლად აინაზღაურებს.

გამოითქვა ვარაუდები, რომ უკრაინის გენშტაბის მთავარი ყურადღება გადატანილი იქნება ხერსონის მხრიდან მდინარე დნეპრის ფორსირებით ყირიმის ან მელიტოპოლის მიმართულებაზე. მეორე მთავარი ხაზი არის დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტი. ამ მიმართულებით თვეების განმავლობაში მძაფრი ბრძოლები მიდის პატარა ქალაქ ბახმუტისათვის, რომელიც ამ ორ ოლქს შორის ერთგვარი სატრანსპორტო კვანძია. პრიგოჟინის „ვაგნერი“ ძალას არ ზოგავს მის გასაკონტროლებლად, მაგრამ პრაქტიკულად ეს მცირე დასახლება ხელიდან ხელში გადადის. წარმატება ფრონტის ამ მონაკვეთში გარდამავალია და ძირითადად რუსების რესურსების გამოფიტვას უწყობს ხელს.

შეუძლებელია დანამდვილებით ითქვას უკრაინის გენშტაბი კონტრშეტევისთვის რომელ მიმართულებას აირჩევს, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რამშტაინის ფორმატში მონაწილე ქვეყნების მხრიდან უკრაინის სამხედრო შეიარაღების რეზერვები აქტიურად ივსება, ასევე წვრთნასა და აღჭურვას გადის უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობა, ყოველივე ეს კი  სტრატეგიული თუ ტაქტიკური გადაწყვეტილებების ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლონეთის ტერიტორიაზე შეიქმნა უკრაინის დახმარების ერთგვარი ხაბი, სადაც თავს იკრებს ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამის გამო, თავად რუსებსაც აქვთ იმის მოლოდინი, რომ გაზაფხულზე, ერთ კონკრეტულ, მათთვის უცნობ, ლოკაციაზე წარმატების მოსაპოვებლად ოფიციალური კიევი ერთიან მძლავრ დარტყმას მოამზადებს, რასაც სავარაუდოდ ფრონტის მთელ ხაზისთვის ტენდენციური ხასიათი ექნება და სამომავლოდ ამ ომში უკრაინული მხარის გამარჯვების რწმენას გააჩენს.

ამ შემთხვევაში უკრაინული მხარის წარმატებისთვის დიდი მნიშვნელობა მოულოდნელობის ეფექტს ექნება. რუსებს რჩებათ მხოლოდ ერთი გამოსავალი, გამოიცნონ მოწინააღმდეგის მომავალი კონტრშეტევის მიმართულება და მომზადებულნი დახვდნენ, მაგრამ შანსები 50/50-ზეა. პრინციპში ძალიან დიდი არჩევანიც არ აქვთ. მაშინ, როცა დიდ ძალებს დონეცკის მიმართულებაზე პატარა ქალაქის (ბახმუტის) აღებას ახმარენ, ფრონტის დანარჩენი ნაწილი შეიძლება ითქვას ყურადღების გარეშეა დატოვებული.

ჩვენი მხრიდან მიამიტური საქციელი იქნება ვიფიქროთ, რომ რუსებს მელიტოპოლის ფრონტზე მობილიზირებული რესურსები არ გააჩნიათ და უკრაინული შეირაღებული ძალებისთვის ეს მარტივი და სასიამოვნო გასეირნება იქნება. მაგრამ თუ უკრაინელები გამოიყენებენ ხარკოვის ბრძოლებში მიღებულ გამოცდილებას და მას ტაქტიკაშიც გამოიყენებენ, ადვილი შესაძლებელია დიდ წარმატებას მიაღწიონ. მელიტოპოლის აღება უკრაინელებს საშუალებას მისცემს მოწინააღმდეგეს მოუჭრან ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო კომუნიკაციები. თუ ამას ყირიმის ხიდზე სარაკეტო შეტევებსაც დავუმატებთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რასაც „ჰაიმარსები“ და „ლეოპარდ-2“-ები ვერ გააკეთებენ, პანიკა და შიში ბოლომდე მიიყვანს. თან ძალიან კარგად ვიცით რა იდეოლოგიურ დატვირთვას ატარებს რუსებისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის დაკარგვა.
ამ სიტუაციაში შემთხვევითი არ იყო კონგრესის თავდაცვის კომიტეტისთვის განკუთვნილი პენტაგონის საიდუმლო მასალების „გაჟონვის ფაქტიც“. მართალია აშშ-ს სპეცსამსახურები ყველანაირად ცდილობენ ინტერნეტ სივრცის ამ დოკუმენტის ასლებისაგან „გასუფთავებას“, ინფორმაციამ მსოფლიო უკვე მოიარა და ადრესატამდეც მიაღწია (მას შემდეგ რაც რუსულ სპეცსამსახურებში მოხვდა, მათ მიერ რედაქტირებული საჯარო სივრცეშიც გავრცელდა). ასევე მიუხედავად იმისა, რომ მასში მითითებული მონაცემები იმავე სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკაზე გარკვეულ ინფორმაციას იძლევა, რაც ერთი შეხვედით არ უნდა აწყობდეს ამერიკელებს (კერძოდ ის, რომ პენტაგონი უსმენს ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს და იცის მათი პოზიცია რუსეთისადმი იარაღის მიყიდვა-არმიყიდვის საკითხში, ასევე ინფორმაცია ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მოსადის მიერ ქუჩის აქციების მოწყობის შესახებ და სხვა) – ეს კიდევ არ არის იმის მანიშნებელი, რომ ამ მასალის გავრცელებაში თავად პენტაგონის ხელი არ ურევია. გვახსოვს, რომ აშშ სპეცსამსახურები უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან რუსეთის ქმედებების პრევენციის მიზნით არ ერიდებოდნენ სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელების დროს წყაროს გამჟღავნებას, რათა ეჩვენებინათ, რომ დეტალურად ფლობდნენ მონაცემებს კრემლის გეგმების შესახებ.

სავარაუდოდ, უკრაინის კონტრშეტევის წინ პენტაგონის ფაილების გავრცელება, ეს რუსული სპეცსამსახურების სატყუარაა, ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანის მიზნით და უკრაინული ჯარის რეალური მდგომარეობის შესახებ მცდარი წარმოდგენების შესაქმნელად. მომავალი გვიჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენები.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული