შაბათი, მაისი 18, 2024

ევროპელებს საქართველოში მილიარდობით ინვესტიციების მოსაზიდად მყარი გარანტიები ესაჭიროებათ – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ სამყარო შეიცვალა. ის მსოფლიო წესრიგი, რომლის აღდგენასაც პუტინი ცდილობდა, იგულისხმება საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია, დავინახეთ, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად შეუძლებელია. დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტი უკრაინის გამარჯვებაზე დგას. ეს კარგად ესმის კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს. ამის გამო რამშტაინის ფორმატში შეხვედრების მონაწილე სახელმწიფოები უკრაინას ეხმარებიან როგორც ფინანსურად, ისე შეიარაღებითა და სადაზვერვო ინფორმაციით. ამის გარდა ეკონომიკურმა სანქციებმა, რომელიც მიმართული იყო კრემლის პოლიტიკური გავლენებისა და ეკონომიკური სიძლიერის შესამცირებლად, თავისი შედეგები უკვე მოიტანა და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალშიც მოიტანს.

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების ფარგლებში მაქსიმალურად შეამცირეს რუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების მოხმარება. ამის გარდა რუსეთი დატოვა ყველა დიდმა მაღალი ტექნოლოგიების მქონე კომპანიამ. ასევე ეკონომიკური შეზღუდვების გამო რუსეთზე გამავალმა სატრანზიტო მარშრუტებმაც თავისი ფუნქცია დაკარგეს. შედეგად მიმდინარე წლის რუსეთის ბიუჯეტში დეფიციტმა მარტის დასაწყისში 34 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბიუჯეტის დეფიციტის დასაძლევად მთავრობა სტრატეგიულ რეზერვებს იყენებს. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ იანვარში, კრემლის ხაზინამ 3.6 ტონა ოქრო და 2.3 მილიარდი ჩინური იუანი გაიტანა ბირჟაზე გასაყიდად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ამ ტემპებით გაგრძელდება პროცესები, რეზერვები რუსეთს ამ წლის ბოლომდე არ ეყოფა.

რუსული ენერგორესურსების მოხმარების შემცირების გამო ევროპის სახელმწიფოებისთვის კასპიის აუზის ნავთობმა და გაზმა სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. ენერგიის წყაროები, რომლის მიწოდებაც ცენტრალური აზიიდან ევროპაში იგეგმება, რუსეთის ნაცვლად ტრანზიტით საქართველოზე გაივლის. ამას გარდა, ჩინეთიდან წამოსული მშრალი ტვირთი, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირისთვის, სახმელეთო მარშრუტით, ასევე საქართველოზე გადის. ეს არის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა, რომელიც უკრაინაში ომმა დროებით გახსნა და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მუდმივად ღია არ დარჩება. ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო მომენტია, რათა შექმნილი მდგომარეობა მაქსიმალურად სასიკეთოდ გამოვიყენოთ და „აბრეშუმის გზის“ აღდგენას ხელი შევუწყოთ.

იმისათვის, რომ საქართველომ სრულყოფილად აიღოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია, ტექნიკურად საჭიროა ტრანსპორტის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მოიცავს როგორც მატერიალურ ნაწილს, ისე ადამიანურ რესურსების არსებობას, კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით. ამიტომ სატრანსპორტო დერეფანი ჩვენს ქვეყანაში შემოიტანს მილიარდობით ინვესტიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ცოდნასა და გამოცდილებას.

ერთადერთი რისი გაკეთებაც საქართველოს პოლიტიკურად ევალება, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, რომელიც მოიცავს:

  • რეფორმების გატარებას სასამართლო, საარჩევნო სისტემაში;
  • დეოლიგარქიზაციას;
  • საზოგადოებაში დეპოლარიზაციას;
  • ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას;
  • ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას;
  • თავისუფალი მედიასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას;
  • მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და ძალადობაზე ეფექტიან რეაგირებას;
  • გენდერული თანასწორობის გაძლიერებას;
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას;
  • დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევას.

ანუ ჯამში, ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა. რომ შევაჯამოთ, კოლექტიური დასავლეთი ჩვენგან მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პოლიტიკური ნების არსებობას ითხოვს. ეს ბუნებრივიც არის. წარმოვიდგინოთ, რომ სატრანზიტო დერეფნის გაყვანა ძვირადღირებული პროექტია და დიდი ფინანსური რესურსების მობილიზებასთან არის დაკავშირებული. ევროპელები კი პრაგმატული ხალხია. ისინი სანამ აქ საავტომობილო და სარკინიგზო გზების, პორტების, მილსადენების, მაღალი სიმძლავრეების ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას დაიწყებენ და ამისათვის დიდ ფულს დახარჯავენ, ჩვენი სახელმწიფოსაგან მყარი გარანტიების მიღებას შეეცდებიან. ევროპული ბიზნესი, რომლის სახელითაც ევროპელი პოლიტიკოსები საუბრობენ მხოლოდ დემოკრატიულ ხელისუფლებებს და ინსტიტუციებს ენდობიან. მათ კარგად იციან, რომ არაფერი ისე არ უქმნის საფრთხეს კაპიტალს, როგორც გაურკვევლობა და არასტაბილურობა.

ამ დღეებში ევროპის პარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი სტუმრობდა თბილისს. გერმანელი დიპლომატის განცხადებებში ნათლად იკითხებოდა, რომ საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ინტერესი, მაგრამ არის დიდი კითხვებიც მის მომავლთან და არჩეულ გზასთან დაკავშირებით.

ევროსტრუქტურებში ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს. ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ავირჩევთ დასავლურ ღირებულებებს და დავუახლოვდებით ევროკავშირს, თუ უფრო მეტად რუსეთისკენ გადავიხრებით, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ჩადებს თუ არა ევროპელი ინვესტორი საქართველოში ფულს სწორედ ჩვენს სწორ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

საქართველო ასეთი მარტივი არჩევანის წინაშე თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს არ მდგარა. ერთის მხრივ გვაქვს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმა, რომლის შესრულებაც ჩვენივე სახელმწიფოს ინტერესებშია და რაც მთავარია ევროპულ ერთიან ოჯახში გაწევრიანების გარდა, თავის მხრივ, მოგვიტანს განვითარებას, სტაბილურობასა და მილიარდობით ინვესტიციებს. ხოლო მეორეს მხრივ გველოდება რუსული სამყარო, რომელიც ცნობილია, თავისი დეპრესიული ეკონომიკით, კორუფციით და სიღარიბით, სადაც ერთადერთი წარმატება მეზობლების ტერიტორიების მიტაცებაა.

თუ სახელმწიფოს ინტერესებს პირად და პარტიულ ინტერესებს არ გადავაყოლებთ ჩვენს ქვეყანას მომავალი ექნება, სხვა შემთხვევაში განვითარებაში „ბანანის რესპუბლიკას“ ვერ გავცდებით და რაც მთავარია დავკარგავთ ისტორიულ შანს, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ერთხელ თუ ჩნდება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული