პარასკევი, აპრილი 19, 2024

“მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით” – დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განცხადებას აკეთებს ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, ჯერ არ არის დაკომპლექტებული სასამართლოს შემადგენლობა, როცა განხილვის 6 თვიანი ვადიდან უკვე 3 თვე არის გასული და სასამართლოს მოუწოდებს, რომ არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის ვადები:

,,მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი სასამართლოში შესულია უკვე 3 თვეზე მეტია. ის აწერია მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, არა თუ საჩივრის განხილვა არ დაწყებულა, არამედ მოსამართლეთა ვინაობა არ არის განსაზღვრული, ვინც უნდა განიხილოს ჩვენი საკასაციო საჩივარი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ეძებს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც მოაწერინებს ხელს წინასწარ გამოტანილ უკანონო განაჩენს.

რაც შეეხება თავად მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, რომელზეც ვითომდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით მოხვდა საქმის დაწერა, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საქმის განაწილების სისტემა არის ხარვეზიანი და სასამართლო კლანი მანიპულირებს ამ სისტემით და პოლიტიკური მდგენელის საქმეებს აწერს იმ მოსამართლეებს, რომლებიც მათთვის სასურველ, წინასწარ ნაკარნახევ, გადაწყვეტილებებს იღებს.

მერაბ გაბინაშვილი 2019 წელს დანიშნულ იქნა უზენაეს სასამართლოში კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. ვინაიდან ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული და სასამართლო კლანის ერთგული წევრი, მისი დანიშვნისას უგულებელყოფილი იქნა კანონის მოთხოვნები.

შესაბამისად, ჩვენთვის უკვე აშაკარაა, რომ ხელისუფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის ცდილობს სასამართლოს შემადგენლობის დაკომპლექტებას. ცხადია, ეს ჩვენს უფლებებს არსებითად არღვევს, ვინაიდან სასამართლოს აქვს 6 თვიანი ვადა და ამ ვადის ნახევარზე მეტი ისე ამოიწურა, რომ ჯერ სასამართლოს შემადგენლობაზე ვერ ჩამოყალიბდა სასამართლო კლანი.

კიდევ ერთხელ გვსურს დაჟინებით მოვუწოდოთ სასამართლოს, რომ არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის 6 თვიანი ვადა“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული