სამშაბათი, მაისი 21, 2024

“საზოგადოების ერთიანობამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ რეალური ძალა ხალხის ხელშია” – ალექსი ნონიაძე

რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი ალექსი ნონიაძე:

7-9 მარტის ქუჩის პროტესტამდე, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, დაპირისპირება დაიწყო ბევრად უფრო ადრე პარლამენტში, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრების წინააღმდეგობისა და პროტესტის ფონზე.

აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში გამოტანას მწვავე რეაქცია მოჰყვა ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების მხრიდანაც. ევროკავშირის დიპლომატების შეფასებით ამ კანონის მიღებით საქართველო მნიშვნელოვნად დაშორდებოდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს სერიოზულად დააზიანებდა. უფრო მკვეთრი და პრინციპული უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის საგარეო უწყებამ. არაფერს ვამბობთ საზოგადოების ცნობილი სახეების მოსაზრებებზე, რომელიც მკვეთრად ნეგატიური იყო და ეწინააღმდეგებოდნენ „ქართული ოცნების“ დამაზიანებელ ქმედებებს.

საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება სესიაზე პირველი მოსმენით მხარი დაეჭირა ამ კანონპროექტისთვის იყო პროვოკაციული და არ პასუხობდა ქვეყანაში არსებულ არც პოლიტიკურ, არც ეკონომიკურ და თავდაცვის გამოწვევებს. პირიქით ხელი შეუწყო სახალხო მღელვარებასა და მატერიალური ქონების დაზიანებას. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ ძალას, რადგან ნაცვლად ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისა (რაც ნებისმიერი ხელისუფალის უშუალო ვალდებულებაა) საჯარო სივრცეში შემოაგდო თემები, რომელიც პროტესტს და დაძაბულობას იწვევს.

პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ნაბიჯი იყო ერთგვარი ტესტის ტოლფასი, დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგაც ქართული საზოგადოება რამდენად აქტიურად დაუჭერდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ევროპულ პერსპექტივას მხარს. მეორეს მხრივ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად გადაიდგა ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც მხოლოდ კრემლის რეჟიმს აძლევს ხელს.

საქართველოს მოქალაქეებმა ეს ტესტი წარმატებით ჩავაბარეთ. 7-9 მარტს აქციაზე იდგნენ როგორც ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა თაობის, ისე სხვადასხვა პროფესიის და სოციალური ფენის წარმომადგენლები. განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ ახალგაზრდები, Gen Z თაობა, რომელთა შეუპოვრობამაც რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას თავისი ახალგაზრდული სული შთაბერა და განუმეორებელი პეწი შესძინა. მცდარი მოსაზრება თითქოს ჩვენი სტუდენტები რუსების მსგავსად ინდიფერენტულები არიან ქვეყნის მომავალთან მიმართებაში მიმდინარე მოვლენებმა ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა, რაც ორმაგად სასიხარულოა.

პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები, ეს იყო მოქალაქეების მხრიდან ბუნებრივი და სამართლიანი ბრაზი, რეაქცია ერთდროულად იმედგაცრუებაზე, კანონმდებლების თვითნებობაზე, სპეცრაზმის მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობაზე, სახელმწიფოს მხრიდან პროვოკაციებზე, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფაზე. ხალხმა ხელისუფლებას აჩვენა, რომ რეალური ძალაუფლება მის ხელშია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნაბიჯი მის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს და, რომ მასთან (ხალხთან) უნდა იყოს შეთანხმებული.

7-9 მარტის მოვლენებმა მორიგ ჯერზე დაგვანახა, რომ საზოგადოების (პოლიტიკოსები, ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორი, ცნობილი სახეები, ხალხი) კონსოლიდაციას დიდი ძალა აქვს და ნებისმიერი წინააღმდეგობის გადაჭრის შესაძლებლობა გააჩნია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება ამ ერთობის თაობებად, საქმიანობის სახეობებისა, თუ რელიგიური ნიშნით დაშლისკენ და დაყოფისკენ, ემსახურება მხოლოდ კრემლის ნარატივს. სამოქალაქო საზოგადოება ყველა მეთოდით უნდა შეეწინააღმდეგოს რუსიფიკაციის პროცესს, რომელიც სწორედ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის გათიშულობით იწყება,” – აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული