სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება და ღალატი საქართველოს წინააღმდეგ” – “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში

პოლიტიკური პლატფორმა, “სტრატეგია აღმაშენებელი” მწვავე განცხადებას ავრცელებს მმართველ პარტიასთან მიმართებაში და “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ ქმედებებს ქვეყნის წინაშე ღალატად აფასებს:

“ქართული ოცნება” კვლავ მიზანმიმართული ქმედებებით ამცირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს, რადგან ყველამ ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გარეშე წარმოუდგენელია ევროკავშირის წევრობა.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ვერ მიიღებს იმ 14 მილიარდის ოდენობის სიკეთეს, რომელიც სხვადასხვა პროექტებით გარდამავალ პერიოდში უნდა მიეღო ქვეყანას ევროკავშირისგან.

ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება და ღალატი საქართველოს წინააღმდეგ.

მიზანმიმართულად სჩადიოდნენ ანტიევროპულ ქმედებებს, იღებდნენ ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომ ქვეყანას ვერ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მაგალითად: მოსმენების შესახებ კანონი, ნიკა გვარიას დაკავება, ახლაც შემოიტანეს ე.წ. კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც თავისი არსით რუსულ და ბელორუსულ კანონებთან უფრო ახლოს არის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასა და ღირებულებებს.

უფრო მეტიც, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების მიღების გამო უცხოეთის აგენტებად აცხადებენ. ასევე, მიმდინარეობს სააკაშვილის განადგურების სპეცოპერაცია, რაც კიდევ უფრო გვაშორებს ევროპას, ევროპულ პერსპექტივას, ევროპულ კომფორტს, ევროპული ცხოვრების დონეს.

სწორედ ამიტომ, როცა ამ ისტორიულ შანსს გვაკარგინებს “ქართული ოცნება” და მიმდინარეობს წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ახლა მეორეხარისხოვან საკითხებზე პოლიტიკური კინკლაობა დანაშაულია.

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კიდევ ერთხელ, გთხოვთ, დავდგეთ ერთად ევროპული პერსპექტივის გადარჩენისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული