“ბილიკიდან გზატკეცილამდე”: მსოფლიო რუკაზე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალი იზრდება – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

304
სააგენტო "პარალელი"

დავოსის ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დასრულდა. რით იყო წლევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი? ცალკე პანელური დისკუსია მიეძღვნა ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა სატრანსპორტო დერეფანს და მის პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გადის. დისკუსიაში: „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსული აგრესიის შემდეგ ევროპის სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ რუსულ ენერგორესურსებზე უარი ეთქვათ.

დღეისთვის ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კასპიის აუზის ალტერნატიული ენერგიის წყაროების მიღება (მაგალითად, სანქციებამდე გერმანია 50%-ით რუსულ აირზე, ხოლო 1/3-ით რუსულ ნავთობზე იყო დამოკიდებული). ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, შუამავლის (რუსეთის) გარეშე, გავიდნენ ევროპის ენერგიის დიდ სამომხმარებლო ბაზარზე. მათთვის ამ შემთხვევაში არამარტო ეკონომიკური სარგებელი, არამედ პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხიც გაიზრდება. შედეგად, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალი იზრდება [რადგან ჩვენს ქვეყანას ევროპისთვის, ამ ეტაპზე, სხვა პროდუქტის (სერვისის) შეთავაზება არ შეუძლია].

პროექტით დაინტერესებულია ოფიციალური პეკინიც. ჩინეთი სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს, რაც მიწოდების არხების უსაფრთხოებითა და ფინანსური რისკების შემცირებით მიიღწევა. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ჩინური პროდუქციისთვის რუსეთის ალტერნატიული სახმელეთო გზა ჩვენს ქვეყანაზე გადის, შესაბამისად საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოტენციალი და უსაფრთხოება პეკინის ინტერესთა სფეროშია.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ პროცესს ეწინააღმდეგება რუსეთია. ოფიციალური კრემლი არა მარტო საკუთარი ეკონომიკის შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავს, არამედ სუსტდება მისი პოლიტიკური გავლენები ევროპის კონტინენტზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.

სხვადასხვა მონაცემებით აზერბაიჯანს ამ ეტაპზე ბუნებრივი აირით საკუთარი და ევროპის მზარდი მოთხოვნების ერთდროულად დაკმაყოფილების საკმარისი სიმძლავრეები არ გააჩნია. ამიტომ ალიევის სტრატეგია მარტივია. აზერბაიჯანი დაბალ ფასში შიდა მოხმარებისთვის შეისყიდის რუსულ გაზს, ხოლო საკუთარს ევროპაში უფრო ძვირად გაყიდის. ფაქტიურად ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი რუსული გაზის რეექსპორტიორად გვევლინება ევროკავშირში. მაგრამ ეს დროებითი მოვლენა, სანამ ოფიციალური ბაქო სრულად არ აითვისებს საკუთარი პოტენციალს. რუსეთი ბუნებრივია არ მიესალმება პასიურ მდგომარეობაში ყოფნას, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ აქვს. იძულებულია საკუთარი ენერგორესურსები იაფად გაყიდოს, ვიდრე მოქმედი გაზისა და ნავთობის საბადოები დაკონსერვების გამო დაკარგოს.

ალიევის განცხადებით აზერბაიჯანულ პორტებს წლიურად 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია. მოძიებულია სახსრები, რომ უახლოეს მომავალში ეს პოტენციალი კიდევ 10 მილიონი ტონით გაიზარდოს. ამ კუთხით შეზღუდულია საქართველოს შესაძლებლობებიც: განსაკუთრებით შეზღუდულია და არასაკმარისია ქართული პორტების შესაძლებლობები. რაც შეეხება რკინიგზას, მისი წარმადობა 25 მილიონი ტონა წელიწადში, ხოლო მისი მოდერნიზაციის შემთხვევაში, რაშიც აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ფინანსების ჩადებას აპირებს, თითქმის ორჯერ გაიზრდება და წლიურად 48 მილიონ ტონას მიაღწევს.

შესაძლებლობების ზრდის პარალელურად იზრდება გამოწვევებიც. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე “საცალფეხო ბილიკიდან” დიდი რაოდენობის ტვირთისა და ენერგომატარებლებისთვის “მსხვილ მაგისტრალად” ვაქციოთ, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და დიდი რაოდენობით ინვესტიციებია მოსაზიდი. მთავარი ამოცანა არის ის, რომ სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გაივლის, ეკონომიკურად გამართლებული პროექტი იყოს. ამის შესახებ თავის სიტყვაში პანელზე გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ალიევმაც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ საჭიროა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოქმედება და პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის სატარიფო შეთანხმების გაფორმება.

როცა სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ პარამეტრებზე ვსაუბრობთ აუცილებლად შეფასებებში „კარიდან კარამდე“ პრინციპი უნდა გამოვიყენოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ დანახარჯებთან ერთად დროით დანახარჯებს, ანუ რა ვადაში მივა ტვირთი A პუნქტიდან B პუნქტში. მაგალითად, როგორც პანელურ შეხვედრაზე გაჟღერდა, ჩინეთიდან ევროპის კონტინენტამდე მშრალი ტვირთების ტრანსპორტირება რკინიგზით 15 დღეში იგეგმება. აქედან გამომდინარე გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი. მთავარი მათ შორის არის საზღვრის კვეთა. საბაჟო პროცედურები, რომლითაც ტვირთი საზღვრზე გადის, ერთდროულად უნდა იყოს უსაფრთხოების თვალსაზრისით ამომწურავიც და ამავდროულად მომსახურების ვადების თვალსაზრისით ეფექტურიც, რათა დიდი ხნით მისი საზღვარზე დაყოვნება არ მოხდეს.
ამ მიზნით, პროექტში მონაწილე სახელმწიფოების სამართლებრივი ბაზა, მაქსიმალურად უნდა ჰარმონიზირდეს და შემუშავდეს უნიფიცირებული სტანდარტების, ნორმების, მიდგომების ერთობლიობა. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც განაპირობებს სხვადასხვა სტრუქტურების კოორდინირებულ მოქმედებებს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტვირთის გატარების პროცესში, ეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და მისი ეფექტური ექსპლუატაციაა.

ტვირთის წლიური გამტარუნარიანობის ზრდა მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოსთვის. აუცილებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვის გზით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად დავუახლოვოთ თანამედროვე სტანდარტებს. ამ კუთხით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზეც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ახალი პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დარჩენილ 49%-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

მორიგი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ არ იმოქმედებს, მაგრამ უშუალო გავლენა ექნება პროცესზე, სატრანსპორტო სისტემის ენერგიით სტაბილური მომარაგებაა. გაზრდილი ტვირთბრუნვა ენერგიის გაზრდილ მოხმარებას გამოიწვევს. ქვეყნის ენერგოსისტემა მზად არ არის ახალი გამოწვევებისთვის. მაშასადამე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად უნდა ვიფიქროთ ენერგეტიკის სფეროს განვითარებაზეც (არაფერს ვამბობთ ელექტროენერგიის ჭარბ წარმოების შესაძლებლობაზე და მის ექსპორტზე ევროპაში).

სტუმართმანსპინძლობის სექტორის გამართული მუშაობა და საკვები პროდუქტების გაზრდილ მოხმარება ცალკე საუბრის თემაა, რომელიც ინტენსიური სატრანზიტო ტრაფიკის პირობებში დღის წესრიგში ბუნებრივად დადგება.შეჯამების სახით ვიტყვით, რომ ჩვენი მეზობლებისთვის საქართველოს როლი და ფუნქცია პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე დღითიდღე იზრდება.

მთავარი ახლა ჩვენი მოქმედებებია, თუ რამდენად გამოვიყენებთ ისტორიულ შანსს და დასმულ ამოცანებს თავს გავართმევთ!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები პუბლიკაციაზე