ხუთშაბათი, მარტი 28, 2024

პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა – ვახტანგ გომელაური

დაზიანებული კორპუსი და სატრანსპორტო საშუალებები, დაზარალებული მოსახლეობა, რამდენიმე მაცხოვრებელი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს… ასეთია, დილით, გურამიშვილის გამზირზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი აფეთქების ადგილი მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველებისგან პირადად მოისმინა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა შემთხვევის ადგილზე მედიის კითხვებს უპასუხა.

“ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში გამოიწვია აფეთქება, რამაც კორპუსის რამდენიმე სართულის დაზიანება გამოიწვია, ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა. საბედნიეროდ, დაღუპული არავინ არ არის, მხოლოდ ერთია დაშავებული შედარებით მძიმედ, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. ეს ადამიანი არის ის პირი, ვინც იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა. ოთხი ადამიანია მსუბუქად დაშავებული, მათ მალე გამოწერენ საავადმყოფოდან.

როგორც გვეუბნებიან ექსპერტები, იყო გაფრთხილებული ეს ოჯახი, რამდენიმე თვის წინ, რომ არ დაეერთებინათ ასე და ჩაუჭრეს. სავარაუდოდ, ამ მიერთებამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად.

როგორც ვიცი არ მოუმართავთ, თუმცა კანონის შესაბამისად პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჯერ ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებით დადგინდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება. გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული