ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“ჩხენკელ მეხოტბე” ხომ არ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?! – ნანა ტოხვაძე

სკოლების დირექტორების სერთიფიცირების პროცესთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე და მწვავე კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს განათლების მინისტრ, მიხეილ ჩხენკელთან მიმართებაში:

ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევისა და კრიტიკის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი მიზანმიმართულად, 3 წელი გააჭიანურა.

არ მოგვისმენია არცერთი ლოგიკური მიზეზი და არგუმენტი, თუ რატომ იყო მიტოვებული საქართველოს 2000-ზე მეტი საჯარო სკოლა პასუხისმგებელი პირის და საგანმანათლებლო ლიდერის გარეშე. საბოლოოდ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 3 წლიანი დაგვიანების შემდეგ, 2023 წლის 22 იანვარს ჩაინიშნა. თუმცა, სამწუხაროდ, გაჯანჯლებულ და არათანმიმდევრულ პროცესში კიდევ მეტად დაზარალდა სკოლა – მონაწილეობის მსურველთა რიცხვი თითქმის განახევრდა. დირექტორობის მსურველი 3205 რეგისტრირებული აპლიკანტიდან ტესტირებაზე გამოცხადდა მხოლოდ 1839 კანდიდატი.

რამ გამოიწვია ეს სავალალო სტატისტიკა? შემთხვევით, „ჩხენკელ მეხოტბე“ ხომ არ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ამ პროცესში? როდის დაინტერესდება განათლების სამინისტრო, რომ გამოიკვლიოს და გაასაჯაროვოს აპლიკანტთა ინდიფერენტულობისა ან, უფრო უარესი, პროცესისადმი უნდობლობის გამომწვევი მიზეზები?

ცხადია, სასკოლო საზოგადოებაში წლებია მუსირებს პასუხგაუცემელი კითხვები:

  • რამდენად ჩატარდებოდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში დირექტორობის მსურველთა ტესტირების, შემდგომ კი თანამდებობაზე წარდგენისა და არჩევის პროცესი?
  • რამდენად შედის სამინისტროს რეალურ ინტერესში მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა?
  • რამდენად თავისუფალ და პოლიტიკური მითითებებისგან, წნეხისგან დაცლილ სამუშაო პირობებს შეუქმნიან ახალარჩეულ დირექტორებს?
  • მისცემენ კი დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებას სასკოლო გარემოს გასაჯანსაღებლად?

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ახალი სტანდარტით გაწერილი დირექტორთა ფუნქცია-მოვალეობები და დაკისრებული პასუხისმგებლობები სრულ შეუსაბამობაშია მიღებულ ანაზღაურებასთან, რაც კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზია სასკოლო გარემოსგან კომპეტენტური კადრების დისტანცირების“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული