შაბათი, აპრილი 20, 2024

“მაჩალიკაშვილის საქმე ბევრს გაისტუმრებს ციხეში. ამის დროც დადგება” – ვახო სანაია

სტრასბურგის სასამართლოს მიერ თემირლამ მაჩალიკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებას ახდენს ჟურნალისტი ვახო სანაია, სანდრო გირგვლლიანის საქმესთან მიმართებაში კონკრეტული შედარებების ჭრილში:

მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების რთულად ახსნა საზოგადოებას აბნევს. როცა ხალხს მარტივად ვერ უყვებიან, ასეთ დროს ხელისუფლების მანიპულაციას ადვილი გასავალი აქვს და ცდილობს, გააფერმკრთალოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

წულუკიანი იქნება ეს, იუსტიციის სამინისტრო თუ სხვები ხალხის მანიპულაციას ცდილობენ. ამისთვის იყენებენ ჩანაწერს, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) არსებით ნაწილში.

ევროპულმა სასამართლომ მართლაც თქვა, რომ ვერ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა არსებით ნაწილში.

ვნახოთ, რას გულისხმობს მე-2 მუხლი ანუ სიცოცხლის უფლება. კონვენციის ეს პუნქტი მოიცავს ორ ასპექტს – არსებით და პროცედურულ ნაწილებს.

სასამართლოს აზრით, ამ მუხლის (სიცოცხლის უფლება) ორი ნაწილიდან – ერთი არ დარღვეულა, მეორე კი – დაირღვა.

არ დარღვეულა – არსებით ნაწილში.
დაირღვა – პროცედურულ ნაწილში.

რას ნიშნავს პროცედურული ნაწილი. ხელისუფლება ცდილობს, წარმოადგინოს ისე, თითქოს რაღაც უმნიშვნელობა ამბავი მოხდა. სინამდვილეში ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილია უმძიმესი ფაქტი – ხელისუფლებამ არ ჩაატარა გამოძიება. პროცედურული ნაწილი გულისხმობს გამოძიების ჩატარებას.

ციტატა :
,,პროცესის ხარვეზების გათვალისწინებით, კერძოდ, ხარვეზიანი პირველადი საგამოძიებო ეტაპის, მათ შორის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების ხერხის გათვალისწინებით, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირული გამოკვლევის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დაგვიანებული დაკითხვის გათვალისწინებით, მომჩივანი პირებისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, რამაც მათ ხელი შეუშალა პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში – სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის“.

ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი, რომელიც მომავალში აუცილებლად უზრუნველყოფს იმას, რომ ერთხელაც ჩატარდება საფუძვლიანი გამოძიება და ბევრი ადამიანი აღმოჩნდება ციხეში. როგორი მანიპულაციური განცხადებებიც არ უნდა აკეთონ წულუკიანმა და სხვებმა, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და ამის საფუძველს სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იძლევა.

მომავალში ყველაფერი დადგინდება – ვინ და რა მიზნით უშლიდა ხელს საფუძვლიან გამოძიებას; ვინ იყვნენ ის პირები, რომლებმაც გამოძიება დაბლოკეს და ვინ აძლევდა მათ ბრძანებებს.
რადგან აქცენტია კონვენციის მე-2 მუხლზე, გავახსენოთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე – სანდრო გირგვლიანის საქმე.

მოვიყვანოთ ზუსტი ჩანაწერი განაჩენიდან.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე კონვენციის მე-2 მუხლზე სასამართლო:
● ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ
ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას
განმცხადებლების შვილის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების
თვალსაზრისით;
● ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ
განმცადებლების შვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ხელიდან მკვლელობის საქმეში
კონვენციის მე-2 მუხლის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ესე იგი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა:
სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა არსებით ნაწილში, დაირღვა – პროცედურულ ნაწილში.

ანუ

მაჩალიკაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლომ მე-2 მუხლთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანა.

ახლა გამოვიდეს ხელისუფლება და თქვას, რომ არაფერს ნიშნავს მე-2 მუხლის პროცედურული დარღვევა.

P.S. ჩემს პირად აზრსაც გამოვთქვამ. რა თქმა უნდა, დარღვეულია სიცოცხლის უფლება ორივე ნაწილში – არსებითშიც და პროცედურულშიც, თუმცა სასამართლომ ისე გადაწყვიტა, როგორც გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილებაც არის უმძიმესი. ისევე, როგორც უმძიმესი იყო სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში.

ერთი სიტყვით, მაჩალიკაშვილის საქმე ბევრს გაისტუმრებს ციხეში. ამის დროც დადგება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული