სოლედარი კრემლში მიმდინარე შიდა ბრძოლების პოლიგონია – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

112
სააგენტო "პარალელი"

უკრაინის პატარა ქალაქ სოლედარში (მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასი ადამიანი) რუსეთ-უკრაინის ომის 11 თვის განმავლობაში ყველაზე მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობს. ყოველ საათობრივად ვრცელდება განსხვავებული ინფორმაცია იქ არსებული ოპერატიული მდგომარეობის შესახებ. წარმატება და ინიციატივა მოწინაღმდეგეებს შორის ხელიდან ხელში გადადის. ბრძოლები მიმდინარეობს თითოეული სახლისთვის, თითოეული გოჯი მიწისთვის.

ქალაქში მთელი არ დარჩა არცერთი შენობა. სოლედარის უკრაინელ დამცველებს, რომელთა შორის ქართველი მებრძოლი ბევრია, პრიგოჟინის „ვაგნერელები“ (კერძო სამხედრო კომპანია) უტევენ 5-6 კაციანი დივერსიული ჯგუფების მეშვეობით. ბრძოლები მიმდინარეობს მოწინაღმდეგეებს შორის, შეიძლება ითქვას პირისპირ, 20-30 მეტრიანი დაშორებით.

რატომ არის ეს პატარა ქალაქი ასეთი მნიშვნელოვანი და პრინციპული რუსეთისთვის, რომ ისინი ცოცხალი თავით არ თმობენ პოზიციებს? საიდან გაუჩნდათ რუსებს ბრძოლის ასეთი მოტივაცია? ჩვენ კარგად გვახსოვს ზაფხული-შემოდგომის სამხედრო კამპანიის დროს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შედარებით ადვილად დათმეს უკრაინის ორი დიდი რეგიონი, ხარკოვი მთლიანად და დონეცკი ნაწილობრივ. აქ კიდევ ამ პატარა ქალაქში ასეთი სამხედრო დრამა ვითარდება. სინამდვილეში სოლედარი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კრემლის „აპარატჩიკების“ შიდა დაპირისპირების პოლიგონია.

მივყვეთ მოვლენების განვითარებას თანმიმდევრულად. გასული წლის მარტში-აპრილში, მაშინ როცა კრემლის კიევზე “ბლიც კრიგი” ჩავარდა და რუსეთის ჯარის უძლეველობის მითი დაიმსხვრა. ჩვენს წინა სტატიებში ვწერდით, რომ პუტინის ამ ომში განტევების ვაცი დასჭირდებოდა და თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან დაპირისპირებული რუსული ელიტის კლანები მაქსიმალურად ეცდებოდნენ, რომ ხელი ამ სიტუაციაში გენშტაბის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის შეეწმინდათ.

ერთ-ერთი ვინც ამ სიტუაციით ისარგებლა პრიგოჟინი-კადიროვის ტანდემი იყო. ორივე მათგანს საკუთარი არმია ჰყავთ და შოიგუ მათი მხრიდან კონკურენტად აღიქმება. პუტინის რუს გენერლებზე რისხვის მიუხედავად, თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა შეინარჩუნეს თანამდებობები. შოიგუ სამხედრო უწყების ხელმძღვანელის რანგში უკვე 10 წელია იმყოფება. მან თავდაცვის სამინისტროში ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მისდამი ლოიალურად განწყობილი კადრები დანიშნა. მოგეხსენებათ, რომ ადამიანებს ისე არაფერი აახლოვებს ერთმანეთთან, როგორც კორუფცია და დანაშაულებრივი ქმედებები. კორუფციონერმა სამხედრო გენერლებმა მართალია ბრძოლის ველზე თავისი ქმედითუნარიანობა ვერ აჩვენეს, სამაგიეროდ აპარატულ ბრძოლებში, რასაც ჰქვია, თავი გამოიჩინეს.

პრიგოჟინი-კადიროვის დაჯგუფებამ, როგორც ჩანს, ეს მომენტი ვერ გათვალა, ისიც, რომ პუტინი ბოლომდე არავის ენდობა და ხელისუფლებას სწორედ კრემლის დაპირისპირებულ ელიტებს შორის ბალანსის შენარჩუნებით ახერხებს. პუტინის ინტერესებში არ შედის რომელიმე ერთი კლანის მოძლიერება. მართალია მას, ერთის მხრივ, აწყობს „ძალოვანებს“ შორის დაპირისპირება, რომ მის წინააღმდეგ ვინმემ პირი არ შეკრას, მაგრამ, მეორეს მხრივ, ისეთი სტრუქტურა, როგორიც თავდაცვის სამინისტროა, ბოლომდე გაანულოს ან გაანაწყენოს და მხოლოდ პრიგოჟინი-კადიროვის პირადი არმიის იმედზე დარჩეს – ეს მისთვის მიუღებელია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ბახმუტზე (უკრაინის ქალაქი დონეცკის ოლქში), რომელზეც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები გადის, იერიშის დროს, რუსეთის გენშტაბის გენერლებსა და პრიგოჟინის დაჯგუფებას შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. ფრონტის წინა ხაზზე ამ ოპერაციის სამხედრო მიზანი ოპერატიული უპირატესობის მოპოვება იყო, ხოლო კრემლის სახელისუფლო დერეფნებში კლანებს შორის მეტი გავლენების მოპოვება. როგორც ვიცით ბახმუტი რუსებმა ვერ აიღეს და ბრძოლებმა სოლედარისკენ გადაინაცვლა.

ბახმუტის წარუმატებლობა პრიგოჟინის პასუხისმგებლობა იყო. ამიტომ შიდა ბრძოლების ეს რაუნდი გენერლებმა მოიგეს. მას შემდეგ, რაც რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ეგრეთ წოდებული „სპეცოპერაციის“ ხელმძღვანელად დაინიშნა, პრიგოჟინის „ვაგნერი“ ძალას არ ზოგავს და ადამიანურ რესურს არ უფრთხილდება, ოღონდ როგორმე, სოლედართან თუნდაც უმნიშვნელო გამარჯვებას მიაღწიოს. ამით აიხსნება რუსების გამალებული შეტევები უკრაინულ პოზიციებზე და ცხოველი ინტერესი ამ პატარა ქალაქის მიმართ.

„ბოროტი ენები“ ამბობენ, რომ პრიგოჟინმა უკვე მიიღო პუტინისგან წითელი ბარათი და მისი, როგორ „იმპერატორის ფავორიტის“, დღეები დათვლილია კრემლის სახელისუფლო დერეფნებში. მაგრამ ვინც პუტინის თამაშის წესები იცის დამეთანხმება, რომ ეს ვაქხანალია, რაც პუტინისეულ მართველობას ახასიათებს, არ დასრულდება, სანამ თავად გველეშაპს თავს არ მოჭრიან და თუ პრიგოჟინი არ იქნება (რაშიც ეჭვი მეპარება), მისი მსგავსი ხალხი პუტინის კარზე კიდევ მრავლად გამოჩნდებიან.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები პუბლიკაციაზე