შაბათი, აპრილი 20, 2024

“2023 წლის მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები – პროგნოზები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ალბათ საინტერესო იქნება ვიცოდეთ, თუ როგორი მომავალი გველოდება, 2023 წელი მსოფლიოსთვის და გლობალურ მასშტაბით რა გამოწვევების წინაშე დადგება ეკონომიკა. განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც დიდი გავლენა ექნება პოლიტიკაზე და შესაბამისად ეკონომიკაზეც:

1. ომი უკრაინაში – გასული წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული ომი კრემლს უკვე წაგებული აქვს, მაგრამ სანამ ოფიციალური კიევი სრულად არ დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ ჩაითვლება, რომ მან ეს ომი მოიგო. კოლექტიური დასავლეთი ამ კონფლიქტში უკრაინელ ხალხს უპირობოდ მხარს უჭერს, მაგრამ მათი სტრატეგია ეტაპობრივად რუსეთის ადამიანური, ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსებისგან სრულად გამოფიტვაა, ხოლო მიზანი, კრემლის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების მოტივაციის ნულამდე დაყვანაა. ამიტომ ეს ომი უახლოეს 2-3 თვეში არ დამთავრდება და სავარაუდოდ 2023 წლის ბოლომდე შესაძლოა გაგრძელდეს.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ერთის მხრივ მოთხოვნას ზრდის იარაღზე, რაც შეკვეთებს უზრდის სამხედრო მრეწველობას. მეორეს მხრივ, ამ კონფლიქტმა უკვე დიდი გავლენა მოახდინა საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ბაზრებზე. მიწოდების ჯაჭვების მოშლა და სანქციები რუსეთის ფედერაციაზე მსოფლიო ეკონომიკაში თავის ასახვას რეცესიულ პროცესებში ჰპოვებს, რაც ხელს უწყობს მთელი რიგი პროდუქციის ფასების ზრდის დადებით დინამიკას.

2. ენერგოკრიზისი ევროპაში და ფასები ენერგომატარებლებზე – ევროკავშირის სახელმწიფოების გაზისა და ნავთობის მარაგები თითქმის 100 პროცენტით შევსებული აქვთ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ეტაპზე რუსულ ენერგორესურსებზე დამოუკიდებლობა საფრთხეს არ შეუქმნის ევროკავშირის ეკონომიკას. მეტიც, დიდი შვიდეულის მხრიდან 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ რუსული ნავთობის ფასი 50 აშშ დოლარამდე დაეცა, რამაც დადებითი როლი ითამაშა ინფლაციის შემცირებაში. დადებითი ტრენდი გაგრძელდება ენერგორეზერვების ამოწურვამდე. შემდგომ ეტაპზე ევროპულ სახელმწიფოებს რუსული ნავთობისა და გაზის ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასები ენერგომატარებლებზე კვლავ გაიზრდება, რაც დინამიკაში ინფლაციის ზრდაზეც აისახება.

ამ მიმართულებით უკვე მიდის აქტიური მუშაობა. ასე მაგალითად, კატართან დადებული 15 წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე გერმანია თხევად აირს მიიღებს; ნორვეგია პოლონეთის ენერგო მიმწოდებელი გახდება, ხოლო „სამხრეთი გაზის დერეფნის“ დახმარებით ევროკავშირის სახელმწიფოები კასპიის აუზის ბუნებრივ აირს მიიღებენ, საუბარია ელექტროენერგიისა და ნავთობის მიწოდებაზეც; ევროპის ქვეყნებს ენერგორესურსებით, საკუთარი რეზერვებიდან, ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატებიც.

3. კლიმატის ცვლილება – დეკარბონიზაციის გლობალური პროცესი, რომელიც ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების შემცირებას გულისხმობს, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეჩერდეს. უკრაინაში მიმდინარე ომმა და რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა საერთო გეგმებში შესაძლოა ცვლილება შეიტანოს. ევროპაში ენერგოკრიზისის გამო ევროკავშირის რიგმა სახელმწიფოებმა ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებები მიღეს. მაგალითად, ამ პრობლემის გადაჭრას საფრანგეთის ხელისუფლებამ მინიმუმ ექვსი ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების გადაწყვეტილებით უპასუხა. შესაძლოა გერმანიამ და ბელგიამაც გადახედონ, ატომური ენერგიის გამომუშავების შეჩერებასთან დაკავშირებით, საკუთარ გეგმებს. ცნობილია ასევე, რომ გერმანიამ გაჩერებული ქვანახშირის ელექტროსადგურები აამოქმედა.

დღის წესრიგში ევროპის წინაშე დგება ალტერნატივა ეკოლოგიასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. თუ პრიორიტეტი ეკოლოგიაზე გაკეთდება, წნეხი ინფლაციაზე გაიზრდება, დინამიკაში შემცირდება ევროკავშირის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის გადახდისუნარიანობა.
თუ მთავარი ყურადღება გადატანილი იქნება ეკონომიკურ ფაქტორებზე, გლობალური ტემპერატურის 2°C- დან 1,5°C- მდე შემცირებაზე შეთანხმება ეჭვქვეშ დადგება, რაც თავის მხრივ პლანეტას ბუნებრივი კატაკლიზმების საფრთხის წინაშე აყენებს. მაგალითად, შვეიცარიის სამთო კურორტები წელს თოვლის გარეშე დარჩნენ, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ბუნებრივია აისახება.

ერთადერთი რისი პროგნოზირებაც დანამდვილებით შეგვიძლია ის არის, რომ ენერგოკრიზისი, ევროპაში ტრანსპორტისა და მრეწველობის სფეროში განახლებად ენერგიაზე მომუშავე ახალი ტექნოლოგიების მისაღებად, სამეცნიერო კვლევებს დააჩქარებს და ამ კუთხით მნიშვნელოვან გარღვევებსაც უნდა ველოდოთ.

4. რეფინანსირების განაკვეთი – მოგეხსენებათ, რომ ჯერ პანდემიამ, ხოლო შემდგომ უკრაინასთან ომის წამოწყების გამო რუსეთზე დაკისრებულმა საერთაშორისო ეკონომიკურმა სანქციებმა, მსოფლიოში ინფლაციურ პროცესებს მყარი ბიძგი მისცა. ეროვნული ბანკების მხრიდან ინფლაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა. აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემის (ფედი-ს) გადაწყვეტილება შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ერთგვარი სიგნალი იქნება დიდი კაპიტალისთვის, თუ რა დოზით გაუწევენ ისინი ბიზნეს სექტორს ინვესტირებას.

ეკონომიკური ანალიტიკოსების აზრით ფედი რეფინანსირების განაკვეთს წლის ბოლომდე 5 პროცენტის ფარგლებში შეინარჩუნებს, რაც აშშ დოლარის გაძვირებასა და მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპების შემცირებაზე მიანიშნებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოკლევადიან პერიოდში დაბალ ინფლაციასა და უმუშევრობას შორის ალტერნატივა არსებობს. ახლა როდესაც აშშ-ში მიზნობრივზე მაღალი ინფლაციაა, უმუშევრობის დონე მინიმუმზეა დასული, მაგრამ წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პარალელურად უმუშევრობის დონეც გაიზრდება. ანალოგიურ პროცესებს უნდა ველოდოთ სხვა ქვეყნებშიც.

5. აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და დამოკიდებულება ჩინეთთან – აშშ-სა და ჩინეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები თავის ასახვას გლობალურ ეკონომიკაზეც ჰპოვებს. მსოფლიოში პირველი და მეორე ეკონომიკები კაცობრიობას ყველა ძირითადი და მაღალტექნოლოგიური პროდუქციით ამარაგებს. მაგალითისთვის ბოლო დროს ორ ზესახელმწიფოს შორის განვითარებული „ჩიპების ომი“ მარტო რად ღირს, იმის დასანახად, თუ ორი გიგანტის დაპირისპირება მსოფლიო ეკონომიკისათვის რა კრიზისების მომტანი შეიძლება იყოს. თუ როგორი იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში და რა პოზიციებს დაიკავებენ ისინი ტაივანთან მიმართებაში, ამაზე იქნება დამოკიდებული არამარტო გლობალური პროცესები ეკონომიკაში, არამედ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურაც.

6. პანდემია ჩინეთში – 2020 წელს კორონავირუსის გავრცელებამ ჩინეთში და შემდგომ მისმა ექსპორტირებამ მთელ მსოფლიოში გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი ახალი ეპიდემიის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას. ბრიტანული კომპანიის Airfinity-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩინეთში ყოველდღიურად, სავარაუდოდ, 9000 ადამიანი იღუპება COVID-19-ით ინფიცირებით, რასაც ახალი ლოკდაუნების სერია მოჰყვა. ხოლო აშშ-ში გავრცელებული ომიკრონის უახლესი ქვეშტამი (XBB.1.5.), კიდევ უფრო სწრაფად გადამდებ შტამად სახელდება, შესაბამისად ინფექციის ახალი ტალღის წარმოშობის საფრთხეს აჩენს.

თუ ეპიდემიის მორიგმა ტალღამ 2020 წლის მსგავსად მასიური ხასიათი მიიღო, სავარაუდოდ, იგი უკრაინა-რუსეთის ომსაც კი გადაფარავს და ამ კონფლიქტის დასრულებაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედებს, ხოლო რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკას, კრიზისები კვლავ გამწვავდება…

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული