ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის კონსესუსი ვერ შედგა, რის გამოც ომბუდმენის არჩევის პროცესი საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში დესტრუქციული როლი არასამთავრობო სექტორმა შეასრულა:
,,სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ მათ უნდოდათ, ,,ქართული ოცნება“ მოქცეულიყო გარკვეულ გვირაბში, სადაც ბოლოში არის მხოლოდ ერთი გამოსავალი – მათი კანდიდატი. ისინი არც გასაუბრებებში მონაწილეობდნენ აქტიურად, საერთო ჯამში, არც კი განუხილავთ ეს სხვა კანდიდატები, გარდა იმისა, რომლებიც დასახელებულ იქნენ დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე ენჯეოს მიერ.
მაშინაც ვთქვით, რომ სამწუხაროა, ახლა რასაც ვხედავთ – ენჯეოებს ჰქონდათ ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში. ოპოზიციაში ბევრი ადამიანი, რომელიც დიახაც, იყო მზად კონსესუსისთვის, მაგრამ ვერ აცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეოების მხრიდან იყო დაყენებული, რომ ან ეს კანდიდატები, ან არა.
აი ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც აჩვენებს იმ კრიზისს, რომელიც ენჯეო სექტორში არის. ადამიანები დახურულ კარს მიღმა კორპორატიულად იღებენ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ არანაირი სახალხო მანდატი და უნდათ საქართველოს პარლამენტს თავს მოახვიონ საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე