ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“მნიშვნელოვანია პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და არა მისი შედეგების” – ალექსი ნონიაძე გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტების მარეგულირებელ კანონპროექტზე

12 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, მოძრაობა – „ჩემი ქალაქი მკლავს“ ინიციატივით წარმოდგენილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი მუხლი (119 პრიმა 2) – სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.

დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით.

საწყის ეტაპზე კანონი ამოქმედდება 4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება და სავარაუდოდ მისი ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან მოხდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისთვის 1 თვეში 30 500 ადამიანმა მოაწერა პეტიციას ხელი. ბუნებრივია მოსაწონია ჩვენი თანამოქალაქეების საზოგადოებრივი აქტიურობა ამ საკითხში, საქმე ხომ ჩვენი შვილების ჯამრთელობას და უსაფრთხო გარემოს ეხება, შესაბამისად ინიციატივაც მისასალმებელია. მაგრამ როგორც ექიმი უნიშნავს ავადმყოფს სამკურნალოდ მედიკამენტებს და უნდა დაფიქრდეს გვერდითა მოვლენებზე, ისე ავტორები კანონპროექტის წარმატებისთვის უნდა ხედავდნენ პრობლემას სრულად და არა მის ცალკეულ ფრაგმენტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინიციატივა ქაღალდზე დარჩება ან უარესი, კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს მათ ვის კეთილდღეობაზეც იგი არის გათვალისწინებული.

ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ცხოვრება ნებისმიერი მოქალაქის ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ რამდენად მიგვიყვანს აღნიშნული კანონპროექტი დასახულ მიზნამდე, ეს არის მთავარი კითხვა. ალბათ დამეთანხმებით, ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და არა მისი შედეგების. წინააღმდეგ შემთხვევაში მიზეზი კვლავაც შეგვახსენებს თავს და უკვე სხვა შედეგების სახით მოგვევლინება.

ჩვენს პრობლემას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს:

1) საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 83,2% 10 წელზე მეტი ასაკისაა. მაგალითად, ამ მხრივ, ყველაზე კარგი მდგომარეობა თბილისში გვაქვს, რეგისტრირებული 509 ათასი ავტომობილიდან 25% არის ახალი (10 წელზე ნაკლები), ხოლო დანარჩენი 75% – 10 წელზე მეტის. ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს გურიაში. აქ 37 ათასი რეგისტრირებული ავტომობილიდან 92% ათ წელზე მეტი წლოვანებისაა;

2) ტექინსპექტირების სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მილიონნახევარი რეგისტრირებული ავტომობილიდან მხოლოდ 48% აკმაყოფილებს სახელმწიფოს დადგენილ მოთხოვნებს. დანარჩენი სრულად ან ნაწილობრივ ამორტიზირებულია. ექსპლუატაციაში არსებული ავტომობილების დიდი ნაწილი კატალიზატორის გარეშე გადაადგილდება. ხშირად მეპატრონეებს სატრანსპორტო საშუალებები ტექინსპექტირებაზე დროებით ნათხოვარი კატალიზატორებითა და ავტონაწილებით გაჰყავთ;

3) მოსახლეობაში ლეგიტიმურ შეკითხვას იწვევს საწვავის ხარისხიც. ავტომფლობელების დიდი ნაწილი (მათ შორის თქვენი მონა მორჩილიც), პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ სატრანსპორტო საშუალების ქვეყანაში შემოყვანიდან მაქსიმუმ ერთ თვეში, ადგილობრივი საწვავით მოხმარების შემდეგ ავტომობილს მთელი რიგი ტექნიკური სახის პრობლემები ექმნება.

რომ შევაჯამოთ მივიღებთ შემდეგს: ქვეყანაში გაგვაჩნია დიდი რაოდენობით ძველი ავტომობილების პარკი, რომლებიც განახლებას მოითხოვს. შეცვლის შემთხვევაშიც, თუ არ განხორციელდება მკაცრი კონტროლი საწვავისა და ტექინსპექტირების ხარისხზე, მინიმუმ 1 წელიწადში ახალი შემოყვანილი ავტომობილებიც ისევ იქცევიან ჰაერის დაბინძურების წყაროდ.

ზემოთ აღნიშნული საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლი პირველ ეტაპზე, სულ მცირე, 52% (რომელსაც არ გაუვლია ტექინსპექტირება) სატრანსპორტო საშუალებების სრულ ან ნაწილობრივ გაჩერებას გამოიწვევს, ხოლო შემდეგ ეტაპებზე ავტომობილების დეფიციტი შეიქმნება. არ გვეყოლება ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების საჭირო რაოდენობა. ერთის მხრივ, მსგავსი პოლიტიკა ეკონომიკის ზოგიერთი დარგის პარალიზებას მოგვცემს, ხოლო მეორეს მხრივ, ამას ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვება, რადგან ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის შემთხვევაში ტრანსპორტი ერთადერთი შემოსავლის წყაროა საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად.

ბოლო 4 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ფრაგმენტული პოლიტიკის მეშვეობით ტრანსპორტის სფეროში ცვლილებების გატარება პრაქტიკულად არ არის შედეგის მომტანი. კომპლექსური ხედვის გარეშე, ერთი საკითხის გადაჭრა დამატებით სხვა პრობლემებს ქმნის, შედეგად ვღებულობთ ჩავარდნილ რეფორმას, როგორც ეს ტექინსპექტირების შემთხვევაში მოხდა.

საჭიროა ერთიანი ხედვის არსებობა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარება, რომელიც ეტაპობრივად მოხდება. სახელმწიფომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში (3-5 წელი), სხვადასხვა სოციალური პროგრამების დახმარებით, ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობას ამორტიზირებული ავტომობილების შედარებით ახლით შეცვლის პროცესში. ეს შეიძლება იყოს იაფი ავტოსესხები, ავტომწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შეღავათიანი პირობების მისაღებად, შემცირებული აქციზის გადასახადი და სხვა. ასევე აუცილებელია გაწერილი სტანდარტები, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლის მომენტში იმპორტირებული ავტომობილები ტექნიკურად უნდა აკმაყოფილებდეს (მაგალითად კატალიზატორის არსებობა და სხვა). აუცილებელია მკაცრი კონტროლი ტექინსპექტირებაზე და საწვავის ხარისხზე.

სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მსგავსი ნაბიჯები იქნება არამარტო სამართლიანი და ეფექტური, არამედ დააკმაყოფილებს სოციალური სახელმწიფოს მკაცრ მოთხოვნებს, რომელიც თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნავს და კანონმდებლობას არ იყენებს მხოლოდ ჯარიმების ამოსაღებად და ბიუჯეტის შესავსებად. რაც მთავარია მოსახლეობას მივცემთ არჩევანის საშუალებას და მოსამზადებლად დროს.

კომპლექსურად გააზრებული რეფორმის გატარების შემთხვევაში აღარ იქნება ახალი მაკონტროლებელი სამსახურის (გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის) ჩვენს გზებზე გამოჩენის აუცილებლობა, რაც თავისთავად კორუფციის დამატებითი რისკების შემცველია. ასევე დავზოგავთ თანხებს, რომელიც საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ დასაფინანსებლად შესაბამის აღჭურვაზე, შენახვასა და კონტროლზე.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული