ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“აქ წყდება ჩემი შვილის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი” – გიული ალასანია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ყველას და სთხოვს, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრან და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ:

,,ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას ასე მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩემ შვილს მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში, კალიფორნიაში, რომელიც ითვლება N1 ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ.

რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისაგან თავის შეკავებისკენ. აქ წყდება ადამიანის, მოგეხსენებათ, ჩემი შვილის, ამ შემთხვევაში – სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი. ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრას და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს.

ჩემი შვილი არ აპირებს რაიმე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში. ეს განცხადება მან არაერთხელ გააკეთა სასამართლო პროცესებზე, ასევე.

იმედი მაქვს, სამართლიანი გადაწყვეტილების.

გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზე გაუარესებულ ჯანმრთელობას. გთხოვთ პატივი სცეთ ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის ღირსებას“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული