“თუ სამარყანდის შეხვედრაზე პუტინი დაამცირეს, ინდონეზიის სამიტი მისთვის ბოლო გაფრთხილება იყო” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

530
სააგენტო "პარალელი"

ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ შეხვედრა ჩატარდა. სახელმწიფოს ლიდერებმა პლანეტისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მაგრამ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უკრაინის თემა რჩება და ეს შეხვედრაც დიდწილად ამით იყო საინტერესო.

განსაკუთრებით მრავლისმთქმელი იყო ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა, რომელიც სამსაათნახევარი გაგრძელდა. როგორც ოფიციალური განცხადებებიდან მოვისმინეთ და შეხვედრის დეტალებიდან გახდა ცნობილი, მხარეები თანხმდებიან, რომ უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟი მიუღებელია, მეტიც გამოყენებული უნდა იქნას ყველა რესურსი, რომ ეს კონფლიქტი უმოკლეს დროში დასრულდეს, სასურველია დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებით.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიდერების შეხვედრაზე განხილული იქნა უკრაინაში მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი, მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, მოლაპარაკების საშუალებით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა, რაშიც ჩინეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულების რესურსი გააჩნია და თუ შეხვედრის მოცემულობას დავაკვირდებით, ამ შანსს სი ძიპინი აუცილებლად გამოიყენებს. თუ აქამდე ჩინეთი ამ საკითხში ნეიტრალიტეტს იცავდა, რაც რუსეთს მოქმედების ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებდა, დღეს გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური პეკინის პოზიცია ომის დასრულების სასარგებლოდ შეიცვალა. რადგან ჩინეთს თავის დღის წესრიგი აქვს, სადაც პრიორიტეტი ტაივანის დაბრუნებას და ეკონომიკურ ზრდას ენიჭება. პუტინის ქმედებები კი ეწინააღმდეგება „ცისქვეშეთის“ ინტერესებს.

ომით გამოწვეული მსოფლიო პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სასურსათო კრიზისები სახელმწიფოების ძალიან დიდი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზია. პუტინის გარდა ყველა ხვდება, რომ ეს ომი რუსეთს წაგებული აქვს. რუსეთის დიქტატორი G20-ის სამიტამდე ბირთვული იარაღის შანტაჟის, უკრაინის ენერგოსისტემების ტერორიზების, ცივი ზამთრის, მსოფლიოში უკრაინული ხორბლისა და ევროპაში რუსული გაზის ემბარგოს, აშშ-ს კონგრესის არჩევნების შედეგების იმედად აგრძელებდა უკრაინაში სამხედრო ავანტურას. საბედნიეროდ, პუტინის ამ იმედებს ასრულება არ უწერია.

G20-ის სამიტზე ჩინეთის ოფიციალურმა განცხადებებმა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ორჯერ შეამცირა. ენერგო ობიექტების განადგურებით რუსებმა ვერ გატეხეს უკრაინელების თავისუფლების სურვილი. უკრაინული ხორბლის ემბარგოს თემაში თურქეთის ფაქტორმა რუსეთი თამაშგარე მდგომარეობაში ჩააყენა, ხოლო ევროპამ საკუთარი გაზის რეზერვები ალტერნატიული ბუნებრივი აირით შეივსო. რუსეთს არ გაუმართლა აშშ-ში ქვედა პალატის არჩევნების მოლოდინებმაც, რესპუბლიკელებმა უმნიშვნელო უპირატესობა მიიღეს კონგრესში უმრავლესობის მხრივ. შესაბამისად პუტინს ერთი გამოსავალი აქვს – დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

მაგრამ მიუხედავათ იმისა, რომ პუტინი გამალებით ითხოვს მოლაპარაკების დაწყებას, რომელსაც სხვადასხვა დიპლომატიური არხებით ადრესატამდე ავრცელებს, რუსეთი არ არის მზად 2014 წელს მიტაცებული მიწების უკრაინისთვის უკან დასაბრუნებლად. სწორედ აქ ერთვება ჩინეთის ფაქტორი. ამხანაგმა სიმ უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ომის გაგრძელება რუსეთს არაფერ კარგს არ მოუტანს, ხოლო პირადად მისთვის კიდევ უფრო სავალალო შედეგის მომტანი იქნება. სანამ ჯერ კიდევ დროა უნდა გაჩერდეს და ბოლო დარჩენილი წითელი ხაზებიც არ გადაკვეთოს. ყველა ლოგიკით პუტინმა უნდა მიიღოს ჩინეთის შეთავაზება, გაიყვანოს უკრაინიდან ჯარები და თანამდებობის სანაცვლოდ, მოითხოვოს პირადი უსაფრთხოების გარანტიები. თუ ამ ნაბიჯს ახლა გადადგამს შესაძლოა თავი აარიდოს ჰააგის სასამართლოს და რუსული ელიტის შურისძიებას.

მოკლედ, ორი არჩევანი აქვს დღეს პუტინს – ან იცხოვრებს ჩინეთის მიყრუებულ პროვინციაში სამადლოდ (როგორც თავის დროზე თავად შეიფარა იანუკოვიჩი), ან სიცოცხლეს დაასრულებს ტრაგიკულად. ხვალ უკვე დაგვიანებული იქნება ალტერნატივის საშუალება არ ექნება.

მოსმენილი გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება, სადაც მკაფიოდ აფიქსირებს კოლექტიური დასავლეთის პოზიციას, არ ჩაერთონ რუსეთთან მოლაპარაკებაში, უკრაინის გარეშე და არ იმოქმედონ მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ კოლექტიური დასავლეთი შეასრულებს უკრაინასთან აღებულ ვალდებულებებს, რუსეთს სულ მცირე ულაპარაკოდ მოუწევს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სრულად გასვლა და რეპარაციების გადახდა.

პუტინის კისერზე კი ყულფი დღითიდღე ვიწროვდება. თუ სამარყანდის შეხვედრაზე იგი დაამცირეს, ინდონეზიის სამიტი მისთვის ბოლო გაფრთხილება იყო.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები პუბლიკაციაზე