პარასკევი, აპრილი 19, 2024

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სოლიდარობა ომით დაზარალებულ უკრაინულ ოჯახებს, იმედი გვაქვს მშვიდობიანი, კარგი დღეები მალე დაბრუნდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებულ უკრაინულ ოჯახებს და უკრაინის რადას დეპუტატს, უკრაინა-საქართველოს პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლიუდმილა მარჩენკოს თბილისის აეროპორტში დახვდა.

საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ჩვენთან უკრაინიდან სტუმრად ჩამოვიდნენ ის ოჯახები, ვინც ომის შედეგად პირველ თვეებში დაზარალდნენ.

ბავშვები და მათი მშობლები ახლა იმყოფებიან საქართველოში და ჩვენ მათ ათი დღის განმავლობაში ვუმასპინძლებთ. ისინი გაიცნობენ საქართველოს, შეხვდებიან თავიანთ თანატოლებს, ესტუმრებიან პარლამენტს და ვაჩვენებთ სოლიდარობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას აქვს უკრაინის მიმართ.

მჯერა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი, კარგი დღეები მალე დაბრუნდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის მხარდაჭერისთვის, ასევე, ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს უკრაინაში, რომელიც ომის მთელი პერიოდის განმავლობაში რჩება და განაგრძობს მუშაობას კიევში.

საქართველოში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩერნიგოვის ოლქიდან, ბავშვები მშობლებთან ერთად ჩამოვიდნენ.

ათი დღის განმავლობაში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მათთვის ჩატარდება სასწავლო კურსი, შეხვდებიან ქართველ თანატოლებს, ესტუმრებიან საქართველოს პარლამენტს, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.

უკრაინის რადას დეპუტატის, ლიუდმილა მარჩენკოს განცხადებით, ქართულმა მხარემ უკრაინელ ბავშვებს სწავლის, გართობის და დასვენების ფართო პროგრამა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მისი განცხადებით, ამჯერად საქართველოში 29 ბავშვი ჩამოვიდა მშობლებთან ერთად.

ეს ბავშვები იმ სკოლიდან არიან, რომელიც სამჯერ დაბომბეს რუსებმა. სკოლა მთლიანად განადგურდა, თუმცა ბავშვები რჩებოდნენ სკოლაში, ისინი სარდაფში იყვნენ თითქმის 40 დღე. აქ იყო მათი თავშესაფარი. საქართველოს მხარემ შემოგვთავაზა ბავშვების რეაბილიტაციის კარგი პირობები, ისინი აქ ივარჯიშებენ, ისწავლიან კიდეც, უკრაინაში ხომ ახლა ოკუპაციის და სამხედრო მოქმედებების გამო დისტანციური სწავლებაა.

მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს, რომლებიც დაგვთანხმდნენ ბავშვების მიღებაზე. მათთვის სწავლისა და გართობისთვის ფართო პროგრამაა გაწერილი.

ჩვენ ვიმედოვნებთ ჩვენი ბავშვების სწრაფ რეაბილიტაციას, ისინი დარჩებიან კმაყოფილნი და ეს დღეები, რომლებსაც ისინი საქართველოში გაატარებენ, იქნება მათვის ისტორიული და მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. მაშინ კი, როდესაც უკრაინაში მოვა გამარჯვება, ისინი საქართველოში დაბრუნდებიან უკვე დასვენებისთვის“, – განაცხადა ლიუდმილა მარჩენკომ.

ეს უკრაინელი ბავშვების მეორე ჯგუფია, რომელიც ქართული მხარის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული