სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად – ვის რა შანსები აქვს?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

საინტერესოდ მიმდინარეობს პროცესები დიდ ბრიტანეთში. წარუმატებელი და გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო მოქმედ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს გადადგომა მოუწია. მან მთავრობის ხელმძღვანელად ორ თვეზე ნაკლები დრო (44 დღე) დაჰყო. ქალბატონმა ლიზმა თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში თავისი მტკიცე პოზიციით გამოირჩეოდა. სწორად გათვლილი საგარეო პოლიტიკის მიუხედავათ, მისმა საშინაო პოლიტიკამ მარცხი განიცადა.

ლიზ ტრასის ეკონომიკური რეფორმების მიზანი იყო ფასებისა და ინფლაციის შემცირება, ასევე ბიზნესსაქმიანობისთვის ხელშეწყობა. ამისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადასახადები შეამცირა, რომელიც ძირითადად მსხვილ კომპანიებს შეეხოთ. შედეგად ეროვნული ვალუტა – გირვანქა სტერლინგი გაუფასურდა, გაძვირდა სესხები, ხოლო ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა. ფინანსთა მინისტრის გადაყენებამ სიტუაცია ჩიხიდან ვერ გამოიყვანა. მიუხედავათ იმისა, რომ პრემიერმა უკან დაიხია თავის გადაწყვეტილებებში, ჩაეტარებინა ფისკალური რეფორმა, მთავრობის წევრებში მომწიფებული პოლიტიკური კრიზისიც უფრო გაღვივდა, ხოლო ექსპერტული წრეებიდან კრიტიკამ იმატა. ბოლო შტრიხი შინაგან საქმეთა მინისტრის სუელა ბრეივერმანის გადადგომა და „ფრეკინგის წესით“ (ფილების ქანების გახლეჩვას ითვალისწინებს) ენერგო კომპანიებისთვის ბუნებრივი აირის მოპოვების ნებართვის გაცემა გახდა, რასაც ლიზ ტრასის აღიარება მოჰყვა, რომ იგი ვეღარ აკონტროლებდა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.

ლიზ ტრასის ეკონომიკურმა რეფორმამ მმართველ პარტიას რეპუტაციული ზიანი მიაყენა, შედეგად კონკურენტულ ლეიბორისტულ პარტიას უკვე მოსახლეობის 50%-ზე მეტი უჭერს მხარს.

კონსერვატორებმა 24 ოქტომბრიდან 28 რიცხვის ჩათვლით უნდა იმსჯელონ, თუ ვინ გახდება მათი პარტიის ლიდერი, რომელიც ავტომატურად გახდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. პირველი, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა თავისი კანდიდატურა დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე, თემთა პალატის ლიდერი პენი მორდონტია. მეორეა ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი. ცნობილი გახდა, რომ პრემიერის პოსტისთვის ბორის ჯონსონი განმეორებით იბრძოლებს.

კონსერვატიული პარტიის 530 წევრზე ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც ლიზ ტრასის გადადგომამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა, ვარაუდობს, რომ კონსერვატორთა 32%-ს სურს მის ადგილზე ჯონსონის ნახვა. 23% მხარს უჭერს სუნაკს, 10% მხარს უჭერს თავდაცვის მდივანს ბენ უოლასს.

ბორის ჯონსონს დიდი შანსები აქვს მეორედ გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. საერთაშორისო ანალიტიკოსები დიდი ხანია პარალელს ავლებენ მასსა და ჩერჩილს შორის (კრიტიკულ სიტუაციებში ჯონსონმა ჩერჩილისეული პრინციპულობა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა). მითუმეტეს, თუ მეორედაც აირჩევენ პრემიერის პოსტზე, ეს კიდევ უფრო მიუახლოვებს მას ლეგენდარულ პიროვნების ანალოგიას.

ბორის ჯონსონის არჩევას ეწინააღმდეგება რუსული კაპიტალი, რომელიც სამწუხაროდ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში საკმარისზე მეტად არის წარმოდგენილი. ოფიციალური მოსკოვი ყველანაირად ეცდება პრემიერად მასთან აფილირებული ან სულ მცირე მათდამი ლოიალურად განწყობილი კანდიდატი გაიყვანონ.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული