პარასკევი, აპრილი 26, 2024

“რუსეთისგან მოსალოდნელია ყველაფერი, რის საშუალებასაც მსოფლიო საზოგადოება მას მისცემს!” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

სხვადასხვა მონაცემებით, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროსთან, ნორვეგიის ქალაქ ბერგენთან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააკავა რუსების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსი ოლიგარქის ვლადიმერ იაკუნინის შვილი. ეს ჯგუფი, აკრძალულ ზონაში, დრონებით, ნორვეგიის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის საჰაერო ფოტო გადაღებას აწარმოებდა.

ბერგენი – ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქია, მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, საიდანაც ნორვეგიული ბუნებრივი აირის რესურსები, წყალქვეშა მაგისტრალური მილსადენებით, სხვა სახელმწიფოებში ნაწილდება, მათ შორის, მიემართება ევროპაშიც.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთი შეფერხებით აწვდის გაზს ევროკავშირის ქვეყნებს. ენერგომატარებლებით ევროპის მომარაგებაზე უარის თქმა ოფიციალური კრემლისთვის ყოველთვის იყო შანტაჟის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა. მიუხედავათ პუტინის მოლოდინებისა, რომ ევროპის სახელმწიფოებს, საკუთარი ენერგოუსაფრთხოების გამო, უკრაინაში რუსულ აგრესიაზე რეაქცია არ ექნებოდათ, მოხდა რადიკალურად საწინააღმდეგო – ევროკავშირმა თითქმის ერთხმად დაგმო პუტინის ქმედებები და მეტიც მიიღეს მკაცრი სანქციები, მათ შორის, ენერგო სფეროში. ევროპას მოცემულ მომენტში არ შეუძლია რუსულ გაზზე მყისიერად უარის თქმა (ნავთობპროდუქტებზე ალტერნატივის მონახვა შედარებით უფრო იოლი გამოდგა) და შესაბამისად ეძებს სხვა მომწოდებლებს.

რუსული გაზის ალტერნატივა ნორვეგიული გაზია. ნორვეგიას, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტით, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილი ეკავა. დღეს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები შეფერხებით ან სულ არ ღებულობენ რუსულ გაზს, ნორვეგიამ ავტომატურად გადაინაცვლა პირველ ადგილზე, თან გაზრდილი მიწოდების სიმძლავრეებით.

პუტინს უკრაინაში ომი წაგებული აქვს. ერთადერთი მისი იმედია, მკაცრი ზამთრის პირობებში, გატეხოს დასავლეთის სახელმწიფოების ერთიანობა. იგი ყველანაირად ცდილობს ევროპას გადაუკეტოს გაზის მიწოდება და გათბობის გარეშე დატოვოს. ამის გამო პუტინი საკუთარ გაზსადენებზე ყველაზე რადიკალურ ქმედებებსაც შეიძლება არ მოერიდოს. და ასევე არც მეზობელი სახელმწიფოების გაზის ინფრასტრუქტურის დაზიანებასაც. ნორვეგიის ნაპირებთან იაკუნინის შვილის უკანონო ფოტო გადაღებებიც ამაზე მიუთითებს.

იგივე ტაქტიკას მიმართავს რუსეთი უკრაინაშიც (ამის თაობაზე ჩვენს წინა სტატიებშიც ვსაუბრობდით, რომ რუსებისგან მოსალოდნელი იყო მსგავსი ქმედება). მართალია ირანული კამიკაძე დრონებით პუტინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა საგრძნობლად აზიანებს უკრაინული ქალაქების ენერგომომარაგების ობიექტებს, რათა მშვიდობიან მოსახლეობას მძიმე პრობლემები შეუქმნას და ცივ ზამთარში, ევროპის მსგავსად, გათბობის გარეშე დატოვოს.

ასე რომ, რუსეთისგან მოსალოდნელია ყველაფერი, რის საშუალებასაც მსოფლიო საზოგადოება მას მისცემს!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული