ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

GDI-მ პარლამენტს “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მიმართა

GDI-მ საქართველოს პარლამენტს “ქართული ოცნების” წევრების მიერ 2022 წლის 7 სექტემბერს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში რეგისტრირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მიმართა.

უკიდურეს აღშფოთებას იწვევს როგორც ინიცირებული კანონპროექტის შინაარსი, ასევე ის ფაქტი, რომ  შინაარსობრივად მრავალფეროვანი და დატვირთული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით,  ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე, გამოქვეყნებიდან უმოკლეს ვადაში – 7 დღეში მიიღო.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს გააჩნია კანონმდებლობის, მათ შორის, მედიის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების, ევროკავშირის სისტემასთან ჰარმონიზაციის ვალდებულება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძვლად სწორედ აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა დასახელდა, თუმცა  GDI-ს მიაჩნია,  რომ:

ა) პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სცდება ევროკავშირის დირექტივის მიზნებს;

ბ) ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე გამოცემულ ევროკომისიის რეკომენდაციის მე-7 პუნქტს;

გ) აძლიერებს რეპრესიულ ელემენტებს მედიაგარემოს რეგულირების კონტექსტში;

დ) და გაუმართლებელ უფლებრივ ტვირთს აწესებს მაუწყებლებზე.

კანონპროექტის სისტემური გაანალიზების შედეგად GDI-მ დაასკვნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს არათუ ხელს უწყობს, არამედ პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მიემართება:

  • მაუწყებლის მიერ სასამართლოში გასაჩივრების მიუხედავად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას – კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს კომისიის მიერ მაუწყებლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას, თუკი აღნიშნულს  მაუწყებელი გაასაჩივრებს სასამართლოში. საკანონმდებლო ცვლილებები კი ადგენს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გასაჩივრების მიუხედავად, დაუყოვნებლივ აღსრულებას უნდა დაექვემდებაროს, რითაც მაუწყებლები უფლებრივად მოწყვლად მდგომარეობაში ექცევიან. იმის გათვალისწინებით, რომ დირექტივა მსგავსი მოწესრიგების ვალდებულებას არ აწესებს, ინიცირებული ცვლილება მედიაგარემოში რეპრესიული ელემენტების გაძლიერებას ემსახურება.
  • პასუხის უფლებაზე კომისიის მიერ ზედამხედველობის განხორციელების მანდატს – აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გაუმართლებლად აფართოებს კომისიის მანდატს,  მაუწყებლის ეთერში განთავსებული შესაძლო ცილისწამების შემთხვევაზე, სასამართლო კონტროლის გვერდის ავლით, მაუწყებელი სცნოს სამართალდამრღვევად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დაინტერესებულ პირებს ისედაც ანიჭებს “პასუხის უფლების” ეკვივალენტურ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს, როგორც თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე სასამართლო კონტროლის მეშვეობით (ცილისწამების დავაზე სარჩელის შეტანის უფლება), მსგავსი მოწესრიგება გაუმართლებლად ზღუდავს მაუწყებელთა თავისუფლებას.
  • “სიძულვილის ენის” რეგულირებას – ინიცირებული კანონპროექტით მაუწყებლის ეთერში “სიძულვილის ენის” გამოყენების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა ნაცვლად თვითრეგულირების მექანიზმის გამოყენებისა (რაც თავად მედიაკომპანიაში გასაჩივრებას გულისხმობს), მიმართოს კომუნიკაციების კომისიას და მოითხოვოს მაუწყებლის სანქცირება. ევროკავშირის დირექტივა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს აირჩიონ რეგულირების გზა, ნაცვლად ამისა მასში რამდენიმე ალტერნატიული მექანიზმია შემოთავაზებული (მათ შორის თვითრეგულირება და თანარეგულირება). შესაბამისად, სახელმწოფოებმა ქვეყნის კონტექსტიდან და არსებული მედია გარემოდან გამომდინარე უნდა შეარჩიონ ყველაზე ეფექტური გზა დირექტივის ჰარმონიზაციისთვის.  საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, კანონპროექტით იქმნება კომისიის მიერ სიძულვილის ენის აკრძალვის ბოროტად გამოყენებისა და გამოხატვისა და მედიის თავისუფლების თვითნებურად შეზღუდვის რისკი, რომელიც გამომდინარეობს კომისიის წარსული საქმიანობიდან.

GDI მოუწოდებს პარლამენტს არ დაამტკიცოს ზემოაღნიშნული საკითხების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები  და დაიწყოს კონსულტაციები ექსპერტებთან/მედია სექტორთან და მედიის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან.

ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული