პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჩვენ გვჯერა ქართული ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში და საქართველო გამთლიანდება – ირაკლი კობახიძე

3 დღის წინ 10 წელი შესრულდა, რაც „ქართულმა ოცნებამ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება 2012 წლის 1 ოქტომბერს და მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველმა ხალხმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, გარდატეხა შეეტანა პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ პერიოდში საქართველოში იყო უმძიმესი პოლიტიკური რეჟიმი – დანაშაულებრივი ავტორიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებების შელახვა იყო ყოველდღიური პრაქტიკა.

ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გადავსებული ციხეები, ბიზნესის რეკეტი იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. მთლიანად მოშლილი იყო დემოკრატიული სისტემა, ქვეყანას ჰქონდა სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია, ქვეყანას ჰქონდა სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ კონტროლირებული და მართული სასამართლო სისტემა, მედია მონოპოლია, იჭრებოდნენ ტელევიზიებში, ჩამოაყალიბეს სრულად მონოპოლიზებული მედია გარემო და ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, ასევე ჩააბარეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები. მათ პერიოდში მოხდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და სრულად გაჩერდა წინსვლა დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით.

ასევე გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც პრაქტიკულად გაუფორმეს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციას და საკუთარი ჯარი დაადანაშაულეს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამ ღალატს ქართველი ხალხი მათ არასდროს აპატიებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისინი ვერცერთ არჩევნებში ვერ აღწევენ წარმატებს 2012 წლიდან მოყოლებული.

ასევე შეგახსენებთ, რომ მათ ხელისუფლების პირობებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს აჭარბებდა, 1 150 000 ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და შექმნილი არ იყო არავითარი ქმედითი სოციალური გარანტიები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ეს იყო ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წლისთვის და მას შემდეგ იყო მნიშვნელოვანი გარდატეხა, როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ყველა სხვა სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე. მან იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა საქართველოში.

ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა. მხოლოდ ციხეებში 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, 12-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ პრაქტიკაზე, რომელიც ადრე იყო ჩამოყალიბებული და იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი. აღმოიფხვრა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაზეც მხოლოდ სტატისტიკაც ძალიან ცხადად მეტყველებს, ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლურალიზმი. პრაქტიკულად, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი იმდროინდელ პარლამენტში მაშინ, როდესაც 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი პარლამენტში.

მედია პლურალიზმი იყო სიახლე, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლიდან და რაც შეეხება ტერიტორიებს, ოკუპაციას, რუსეთის წინსვლა საქართველოში გავლენების გაფართოების კუთხით მთლიანად გაჩერდა 2012 წელს. ნულოვანი წინსვლა ტერიტორიების ოკუპაციის კუთხით, არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული და ოთხი ქვეყანა დარჩა ოთხად და სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის არცერთი პრეცედენტი აღარ ყოფილა მას შემდეგ.

2 გლობალური კრიზისის მიუხედავად ეკონომიკა 2012 წელს იყო 27 მლრდ და წელს უკვე გადასცდება 70 მლრდ-ს, ანუ აქაც გვქონდა ფუნდამენტური წინსვლა. მარტო ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4200 დოლარიდან 6000 დოლარამდე გაიზრდება ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი. სიღარიბეს რაც შეეხება, უკვე გასული წლის მაჩვენებლები სიღარიბის შემცირდა 30%-დან 17, 5%-მდე. ეს ნიშნავს, რომ 450 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ამოვიდა სიღარიბიდან და ეს მაჩვენებელი ნახევარ მილიონს გადასცდება უკვე ამ წლის ბოლოს, რა თქმა უნდა, მეტი არის გასაკეთებელი.

და ბოლოს, ხაზს გავუსვამ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას – ჩვენ გვქონდა მშვიდობის 10 წელიწადი და ჩვენ გვქონდა სუვერენიტეტის 10 წელიწადი. ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, და სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება.

კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს, იმ გარდატეხაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მივიღეთ 10 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც დაამტკიცა სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერს, რომ აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვანი წვერი. მადლობა ხალხს სიბრძნისთვის, რომელიც გამოავლინა გასული 10 წლის მანძილზე.

ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენ გვჯერა ქართული ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში და საქართველო გამთლიანდება, ჩვენ დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული