შაბათი, აპრილი 20, 2024

პუტინი მობილიზაციით ომს ვერ მოიგებს, მხოლოდ ასიათასობით რუსის სიცოცხლის ფასად ხელისუფლებაში ყოფნის ვადას გაიხანგძლივებს – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ზუსტად 7 თვე გავიდა. რუსეთის მდგომარეობა როგორც ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ისე მის შიგნით დღითი დღე უარესდება. ჩვენს წინა სტატიაში სამარყანდის შეხვედრაზე ვსაუბრობდით, სადაც პუტინს გარკვევით უთხრეს, რომ უკრაინასთან ომი უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აზიის ის ქვეყნები, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ და რუსეთს გარკვეული პოლიტიკური თუ ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ ფარულად „გულშემატკივრობდნენ“, მის მიმართ საწინააღმდეგო პოზიციას უკვე ღიად დააფიქსირებდნენ.

პუტინის გარდა ყველა ხვდება, რომ რუსეთს ეს ომი წაგებული აქვს. სამარყანდის შეხვედრიდან დაბრუნებულმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა და ამით იმ მხარდაჭერის დიდი ნაწილიც დაკარგა, რაც ქვეყნის შიგნით გააჩნდა. სამხედრო კომისარიატები მობილიზებას უწევენ ყველას, ვინც კი ხელში ჩაუვარდებათ.

მობილიზაციის პროცესმა ისეთი სახე მიიღო, რომ აშკარაა ქვეყანა სამხედრო გაწვევისთვის არ იყო მზად. აქ იგულისხმება არამარტო მოქალაქეების მხრიდან ომში მონაწილეობის სურვილის არარსებობა, არამედ უკვე გაწვეული რეზერვისტების ელემენტარული სამხედრო ფორმითა და საკვებით უზრუნველყოფაში არაორგანიზებულობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაწვეულ რეზერვისტებს სათანადო ყურადღება არ ეთმობათ და დიდი ნაწილი საკუთარი სახსრებით ყიდულობენ საკვებს, რათა მშიერი არ დარჩნენ. ყველაზე აღმაშფოთებელი ამ პროცესში ის არის, რომ ოფიციალური ხელისუფლება სკოლის მასწავლებლებს არაპირდაპირი დანიშნულების მიხედვით იყენებს. პედაგოგებს არასამუშაო საათებში, კომისარიატის წარმომადგენლებისა და პოლიციის მსგავსად რეზერვისტებისთვის გაწვევის ბარათების დარიგება ევალებათ.

მობილიზირებულთა სიაში აღმოჩნდა რამდენიმე ცნობილი სახეც. ასე მაგალითად, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, კომისარიატის შენობის მეორე სართულიდან გადმოხტომით და გაქცევით, სამხედრო გაწვევას თავი დააღწია ცნობილმა მომღერალმა ლეონიდ აგუტინმა, რომელიც მანამდე რუსეთის უკრაინაში შეჭრის აქტიური მხარდამჭერი იყო.

რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებს მიაწყდა, სადაც მათთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. მათ შორის არის საქართველოც. ლარსის გამშვებ პუნქტთან 15 კმ-იანი რიგები დგას. ეს ის ხალხია ვისაც პუტინისთვის და რუსეთის იმპერიალისტური მიზნებისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვა არ სურთ, თორემ მანამ სანამ უკრაინის ომი პირადად მათ ოჯახებს არ შეეხებოდა „Z” სიმბოლიკით მკერდდამშვენებულები, როგორც საკუთარი ქვეყნის „პატრიოტები“, რუსეთის დიდ ქალაქებში თავს იწონებდნენ.

ოფიციალური მონაცემებით კრემლს 300 ათასი, ხოლო არაოფიციალურით მილიონი რეზერვისტის მობილიზება აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ამას ომის ბედზე არავითარი შედეგი არ ექნება:

1) რამდენი ჯარისკაციც არ უნდა გაიწვიოს პუტინმა, სიცივეების დადგომამდე ვერ მოასწრებენ მათ გადამზადებას და ფრონტის წინა ხაზზე გაყვანას;

2) თუ მაინც მოასწრეს, უკეთესს შემთხვევაში, რუსეთის გენშტაბმა გამოუცდელი რეზერვისტებით რამდენიმე უმნიშვნელო დასახლებული პუნქტის აღება თუ მოახერხა, ისიც დიდი წარმატება იქნება მათთვის და თან ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის სანაცვლოდ.

მას შემდეგ, რაც ტემპერატურა დაეცემა, ბევრი საზრუნავი გაუჩნდებათ მხარეებს. რუსებისთვის გადაუჭრელი ლოგისტიკური ამოცანა იქნება მილიონი ჯარისკაცის დაბინავება, რაც არც ისე მარტივი იქნება. ხოლო უკრაინელებს მოუწევთ უსახლკაროთ დარჩენილი მოსახლეობის მოვლა-პატრონობა.

აცივების შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე მხარეებს შორის ფიზიკური კონტაქტები შემცირდება, ხოლო საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები სულ უფრო გაიზრდება. აქ სამხედრო უპირატესობა უკრაინელებს ექნებათ, რადგანაც წერტილოვანი დარტყმებისთვის განკუთვნილი შეიარაღება მათ უფრო აქვთ.

მძიმე კლიმატურ პირობებში რუსები ვერ მოახერხებენ მილიონი ჯარისკაცის ფრონტის წინა ხაზზე მაქსიმალურად გაშლას, მოხდება მათი შენაერთების მსხვილ დასახლებულ პუნქტებში შეჯგუფება. შესაბამისად, უკრაინელებს საბრძოლო მასალების ნაკლები დანახარჯებით მოწინააღმდეგის მეტი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების შესაძლებლობა ეძლევათ. ასე მაგალითად, ჰაიმარსის ერთი ჭურვით განადგურებული რუსი სამხედროების რაოდენობა სულ მცირე გასამაგდება.

სავარაუდოდ, თუ მანამდე არ განთავისუფლდა ოკუპანტებისგან უკრაინის მიწა, მომავალი წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიისთვის რუსული ჯარის 1/3 თუ გადარჩება. დიდი იქნება რუსების მხრიდან ცოცხალი ძალის დანაკარგები. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი იქნება მათი მხრიდან დაჭრის, ტყვედ ჩაბარებისა და დეზერტირობის ფაქტებიც.

პუტინი მობილიზაციით ამ ომს ვერ მოიგებს, უბრალოდ ასიათასობით საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლის საფასურად საკუთარ ხელისუფლებაში ყოფნის ვადას გაიგრძელებს. რუსეთში კი ამ მობილიზაციას უკვე “საფლავიზაციას” ეძახიან – моБилизяция=моГилизация…

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები პუბლიკაციაზე
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული