ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ვგმობთ ირაკლი კობახიძის განცხადებებს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მხედველობაში არ იქნას მიღებული ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი ანტიქართული, ანტიდასავლური, ანტიუკრაინული განცხადებები” – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია “რუათავი 2”-ის ეთერში, გადაცემაში “ღამის კურიერში” გაკეთებულ განცხადებას, რა დროსაც მმართველი პარტიის ლიდერმა რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო თავის რეგიონებთან მიმართებაში ერთ კონტექსტში განიხილა:

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი ვთვლით, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის ერთის მხრივ პარალელს ავლებს და ადარებს უკრაინისა და აფხაზეთის მდგომარეობას და მეორეს მხრივ, საქართველოსა და რუსეთის ქმედებებს, არის ანტისახელწიფოებრივი, ანტიქართული და ნათლად მეტყველებს იმ რისკების შესახებ, თუ რა დაბალი პოლიტიკური ღირებულებების და კულტურის მატარებელი ადამიანების ხელშია დღეს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედი.

მისი განცხადებები სერიოზულ საფრთხეს შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ახალისებს სეპარატიზმს და ამასთანავე ღია თავდასხმაა უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ინტერესებზე.

სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ვერ იქცა საქართველოს პოლიტიკოსად და დღემდე რჩება ბიძინა ივანიშვილის, პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებების მთავარ გამხმოვანებლად.

“სტრატეგია აღმაშენებელი” გმობს ირაკლი კობახიძის განცხადებებს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მხედველობაში არ იქნას მიღებული ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი ანტიქართული, ანტიდასავლური, ანტიუკრაინული განცხადებები, რადგან “ქართული ოცნება” არ გამოხატავს საქართველოს და მისი უმრავლესობის ინტერესს, რომლებიც უყოყმანოდ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროკავშირში ინტეგრაციას და უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს”, – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: “როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული