ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

“რატომ გარბიან ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეები სამუშაოს ძიებაში?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია სამუშაო ძალის დეფიციტის თემამ, რასაც ჩვენი მოქალაქეების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლების განმარტებით სამუშაო ძალის ბაზარზე კვალიფიციური კადრების სიმცირეა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბიზნესის 72%-ს გააჩნია მსგავსი პრობლემა. ხოლო რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით საკადრო დეფიციტის გამო ბიზნესი მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანას გეგმავს.

სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ბიზნესის წარმომადგენლების ამ განმარტებებს. სტატუსის ავტორების უკმაყოფილების ძირითად მიზეზად გამოცხადებულ ვაკანსიებში კანდიდატების მიმართ მოთხოვნილი კვალიფიკაციის ძალიან მაღალი დონე და დაბალი ანაზღაურება სახელდება. ასევე მათი თქმით დასაქმებულების უუფლებობა და შრომის მოტივაციის არარსებობა არის მიზეზი კადრების დენადობის.

ბუნებრივია თემის აქტუალურობიდან გამომდინარე „პარალელის“ რედაქციაც დაინტერესდა ამ თემით და გადავწყვიტეთ შეგვესწავლა დეფიციტის გამომწვევი ფაქტორები.
შრომის ბაზარზე დღეს არსებული პრობლემები შეისწავლა ჩვენი სააგენტოს ექსპერტ-ანალიტიკოსმა ალექსი ნონიაძემ და გთავაზობთ მის ანალიტიკურ შეფასებებს:

სამუშაო ძალის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი დღეს არ წარმოშობილა და სათავეს გასული საუკუნის 90-იანი წლების დამოუკიდებელ საქართველოში იღებს. იმ პერიოდისთვის მოშლილმა განათლების სისტემამ, ერთიანი ხედვის არარსებობამ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში შრომის ბაზრის მოთხოვნების არგათვალისწინებამ, თავისი გავლენა სრულად მხოლოდ დღეს იქონია. განათლება დროში ინვესტირებაა. დღეს ჩაყრილი თესლი მოსავალს მოგვიანებით გვაძლევს, რადგან მიმდინარე პერიოდისათვის არსებული სამუშაო ძალის როგორც მორალურ, ისე ფიზიკურ ამორტიზაციას დრო ესაჭიროება. თუ 30 წლის წინანდელმა შეცდომებმა მსგავსი შედეგები მოგვცა, არ გვინდა წარმოვიდგინოთ, რას მივაღწევთ დღეს არგათვალისწინებული და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო. თუ ასე გავაგრძელეთ უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოშვებული დიპლომირებული სპეციალისტები არათუ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ, არამედ პედაგოგების დეფიციტიც გაგვიჩნდება თავად განათლების სისტემაში, ანუ არ გვეყოლება სპეციალისტები, ვინც სპეციალისტებს მოამზადებს.
ვისაუბროთ თანამედროვე განათლების სისტემის ხარვეზებზე, მაგრამ სამუშაო ძალის დეფიციტის მიზეზი ბუნებრივია მხოლოდ ეს ვერ იქნება. ეს კომპლექსური პრობლემაა და მისი მხოლოდ ცალმხრივად განხილვა სათანადო შედეგს ვერ მოგვცემს.

როცა ვიხილავთ შრომის ბაზარს, სამართლებრივი სივრცეზე საუბარს თავს ვერ ავარიდებთ. საკანონმდებლო ბაზა ისეა შექმნილი, რომ დიდი უფლებებით უფრო დამსაქმებლები სარგებლობენ ვიდრე დასაქმებულები. მართალია ამ მიმართულებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეული წინსვლა გაგვაჩნია. დასაქმებულების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული კანონპროექტები უკვე იქნა მიღებული და სასამართლოსაც სამუშაოზე აღსადგენად გამამართლებელი განაჩენები მეტი გამოაქვს (კერძო სექტორი – 70%, საჯარო სამსახური – 67%), მაგრამ პრობლემები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. ალბათ მინიმუმ ერთხელ მაინც მოგისმენიათ სამსახურში ან სამსახურიდან დათხოვნილი მეგობრისგან გაგიგონიათ საუბარში ყველასთვის კარგად ნაცნობი ფრაზა: „არ გინდა, წადი“. რატომ ხდება ასე? – შრომის ბაზარზე მოთხოვნა ელასტიურია, ხოლო მიწოდება არა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სამუშაო ადგილზე რამდენიმე უმუშევარი მოდის, რითაც დამსაქმებლები სარგებლობენ.

ასევე დავინტერესდი შრომის ბაზარზე რა მოთხოვნებს უყენებს დამსაქმებელი დასაქმებულს, რადგან სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ნაწილი თავის გულისტკივილს მკვეთრად სწორედ ამ საკითხში აფიქსირებდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ვაკანსიების დიდ ნაწილში მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოს ადექვატურია. აშკარაა, რომ სამუშაო ძალის დეფიციტმა კომპანიების დიდი ნაწილი კადრების მიმართ ნაკლებად პრეტენზიული გახადა, მაგრამ თუ არც ისე შორეულ წარსულში დამსაქმებლის მოთხოვნებს გადავათვალიერებთ დავინახავთ, რომ ეს უკანასკნელი არარეალისტური იყო და საზოგადოებაში იუმორის საგანსაც წარმოადგენდა. ასე მაგალითად, დამლაგებლის პოზიციაზე მინიმუმ უმაღლესს განათლებას, სასიამოვნო გარეგნობასა და ორი უცხო ენის (ინგლისური და რუსული) ცოდნას ითხოვდნენ, ხოლო ანაზღაურება თვიურად სულ რაღაც 300 ლარს შეადგენდა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კომპანიის მენეჯმენტის მოთხოვნები დღეს უფრო რეალისტური გახდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულისთვის შრომის ანაზღაურებას და შრომის პირობებს. მართალია დამსაქმებლების ერთი ნაწილი ამ ორ საკითხს ცალ-ცალკე განიხილავს (საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ამის ბევრი მაგალითი მოვიყვანო), მაგრამ საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულება არასწორია, რადგან დაქირავებული ორივეს ერთმანეთთან თანხვედრაში აფასებს და ისე იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყების თაობაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამუშაო დროის ხანგძლივობას, რომელიც მართალია კანონით რეგულირდება, მაგრამ ხშირია ფაქტები, როცა ზეგანაკვეთური საათები დასაქმებულს არ უნაზღაურდებათ ან კიდევ ირღვევა კანონი შვებულებასთან დაკავშირებით. მსგავს პრობლემებს განსაკუთრებით იმ სამსახურებში ვხვდებით, სადაც სამუშაო ცვლიანია.

ბოლოს ხაზი გვინდა გავუსვათ შრომის ბაზარზე ნაკლებად განვითარებულ კორპორატიულ კულტურასა და ბიზნესის წარმოების თანამედროვე ხედვის არარსებობას. კორპორატიულ კულტურას რაც შეეხება, ვფიქრობთ მისაღებია იაპონური კომპანიების გამოცდილება. იქ, თითოეულმა თანამშრომელმა იცის, რომ თუ კეთილსინდისიერად იმუშავებს მას კარიერული წინსვლა გარანტირებული აქვს და იგი ამ შემთხვევაში დიდი ოჯახის ნაწილია. კომპანიის მოგება ეს ტოპ მენეჯმენტის საზრუნავი კი არა რიგითი თანამშრომლების სამუშაოს ნაწილია, ხოლო ტოპ მენეჯმენტი სამუშაო თავიდან ბოლომდე იმით არის დატვირთული, რომ რიგითი თანამშრომელი არ იყოს სამსახურით უკმაყოფილო და არ იყოს კადრების მაღალი დენადობა. ჩვენთან პირიქით ხდება: სამუშაო საათებში დასაქმებული ფიქრობს, თუ როგორ გადაიხადოს ბანკის კრედიტი, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელი – როგორ მიიღოს მაღალი მოგება. ბუნებრივია მათი ინტერესები არ იკვეთება. კომპანიის თანამშრომელი მსგავს სამსახურში პერსპექტივას ვერ ხედავს და უიმედობა ეუფლება, რაც შრომის მოტივაციას უკარგავს.

რაც შეეხება თანამედროვე ხედვას. განვითარებულ ქვეყნებში კომპანიისთვის თანამშრომელი შრომის ბაზარზე არამარტო დაქირავებული სამუშაო ძალაა, რომელიც ღირებულებას ქმნის, არამედ სასაქონლო ბაზარზე მისი პროდუქციის მომხმარებელიც არის. რაც უფრო მაღალია ამ უკანასკნელის შემოსავლები, მით მეტია მისი მსყიდველობითუნარიანობა, მეტია კომპანიის ბრუნვა და შესაბამისად მაღალია მოგება.

საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტზე მოქმედი ფაქტორები, რომ შევაჯამოთ მივიღებთ შემდეგს:

  • ხარვეზები განათლების სისტემაში;
  • არათანასწორი სამართლებრივი სივრცე;
  • სამუშაო ადგილების დეფიციტი;
  • სამუშაო მაძიებელი კანდიდატების მიმართ შესასრულებელ სამუშაოსთან მიმართებაში არარეალისტური მოთხოვნები და დაბალი ანაზღაურება;
  • შრომის ცუდი პირობები;
  • მომავლის უიმედობა და დაუფასებლობა;
  • ნაკლებად განვითარებული კორპორატიული კულტურა და ბიზნესის წარმოების თანამედროვე ხედვის არ არსებობა.

საერთო ჯამში, აღნიშნული ფაქტორები და შრომის ინტეგრირებული მსოფლიო ბაზარი საქართველოდან სამუშაო ძალის განვითარებულ ქვეყნებში ემიგრირებას იწვევს. ბოლო პერიოდისთვის ოფიციალური სტატისტიკით სამუშაოს საძიებლად ქვეყანა საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ დატოვა. ეს სამუშაო ძალა უცხო ქვეყანაში ქმნის მატერიალურ ფასეულობას და იმ ქვეყნის ეკონომიკას ავითარებს, ხოლო გადმორიცხვებით მართალია ვამყარებთ ლარის კურსს, მაგრამ რადგან არ ვქმნით ადგილზე ღირებულს, მოვიხმართ იმპორტირებულ საქონელს და ამ ფულს ისევ იმ ქვეყნებს ვუბრუნებთ საიდანაც გადმორიცხვა განხორციელდა. შედეგად როგორღაც თავი გაგვაქვს, მაგრამ ვდგებით მზარდი ინფლაციის საფრთხის წინაშე.

p.s. ამ სტატიის გაცნობის შემდეგ შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, განსაკუთრებით ეს დამსაქმებლებს ეხებათ. მინდა გითხრათ, რომ ორივე მხარის პრობლემები საკუთარ თავზე გამომიცდია და ჩემთვის ისინი უცხო არ არის. ვიღაცას კომპანიაში ეს საკითხები რაზეც თქვენი ყურადღება გავამახვილე უკვე დიდი ხანია მოგვარებული აქვს, ზოგს ნაწილობრივ, მაგრამ საერთო ფონის ასეთი გვაქვს და დროა თვალი გავუსწოროთ მათ. ხედავთ კიდეც შედეგმაც (სამუშაო ძალის დეფიციტი) არ დააყოვნა. ერთადერთი გამოსავალი ყველამ (დამსაქმებელი, დასაქმებული, პროფესიული კავშირები) ერთად ვიმუშავოთ და ვიზრუნოთ მათ გამოსწორებაზე“.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

https://www.geostat.ge/ka
https://tcc.court.ge/ka/Statistics
https://bm.ge/ka/article/quotkvalificiuri-kadrebis-deficiti-biznesis-72-s-aqvsquot—levan-vefxvadze/113649/
https://bm.ge/ka/article/damlageblebis-da-churchlis-mrecxavebis-uzbeketidan-chamoyvanas-vgegmavt—restoratorta-asociacia/113473/

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული