პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ევროინტეგრაცია თუ რუსული ჩექმა?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, 20 ივნისის საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის მხარდაჭერასა და სხვა საკითხებზე ანალიტიკურ შეფასებებს აკეთებს ალექსი ნონიაძე:

20 ივნისს საქათველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩვენმა მოქალაქეებმა დააფიქსირეს თავისი ურყევი ნება ევრო სტრუქტურებთან ჩვენი ქვეყნის დაახლოების. 30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებისა დღიდან. ჩვენი მოქალაქეების სწრაფვა და სურვილი შეერთებოდა ევროკავშირის დიდ ოჯახს ურყევია და იმედია, რომ არც არასოდეს შეიცვლება.

ჩვენი ქვეყნის მომავალი პროგრესულად მოაზროვნე და დემოკრატიული სახელმწიფოების რიგში უნდა ვხედავდეთ, თუ გვინდა ჩვენი შვილებისთვის წინსვლა და ნათელი მომავალი. ეს არ არის ერთი რომელიმე ფანატიკოსის ან/და მოდას აყოლილი მედროვეს სიტყვები, რომელიც სიტუაციის მიხედვით იცვლება. ანალიზი ეფუძნება პრაგმატულ გათვლას და მთლიანად დაცლილია მესიანიზმის დოგმებისაგან. თუ გადარჩენა და მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის განვითარება გვინდა ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ყველა მიმართულებით აქტიურად, თავაუღებლად, მთელი მონდომებით ვიშრომოთ. საქართველო, რომ ღვთისმშობლის ხვედრი ქვეყნაა ეს დიდი მადლია, მაგრამ ნამდვილად საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თანამედროვე მსოფლიოში, მკაცრი კონკურენციის პირობებში, თავი გადავირჩინოთ. სასწაულებს არ უნდა ველოდეთ. ღმერთი ჩვენი ხელით აკეთებს სიკეთეს, ამიტომ დავეხმაროთ ერთმანეთს და ამით ღვთის საქმესაც გავაკეთებთ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ქართული სახელმწიფო. მთავარი მათ შორის მაინც ფინანსური რესურსების არარსებობა იყო. ცენტრალური ხელისუფლება ელემენტარულად მინიმალური ოდენობით პენსიებსა და ხელფასებსაც კი ვერ არიგებდა. ყვაოდა კორუფცია, გამომძალველობა, იზრდებოდა კრიმინალი, ჩანასახში მყოფი ბიზნესი გადარჩენისთვის იბრძოდა. ასეთ პირობებში დასავლური სტრუქტურებიდან წამოსული გრანტები და კრედიტები ფაქტობრივად მაშველი რგოლი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. რომ არა ევროპის ფინანსური დახმარება ძნელი სათქმელია სად ვიქნებოდით. თუ არ დავუბრუნდებოდით რუსეთის იმპერიის წიაღს (იმ პერიოდში ამ უკანასკნელს თავად ჰქონდა ხელი დასავლეთისკენ სამათხოვროდ გაშვერილი), დიდი იყო სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რისკი.

იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია და ეკონომიკური განვითარება იმ ტემპებით არ მიმდინარეობს, რა ტემპებითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიაში მარშალის გეგმა განხორციელდა, უფრო დამნაშავე ქართული მხარეა ვიდრე ჩვენი დონორები. ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის არარსებობამ, ვიწრო პარტიულმა და პირადმა ინტერესებმა თავისი უარყოფითი დაღი დაასვა ჩვენს ქვეყანას. დონაციით შემოსული და მერე მოპარული ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი ისევ ქვეყნის გარეთ გადიოდა, ხოლო ჩვენი ეკონომიკა წარმოების ნაცვლად, მოხმარების დონეზე დარჩა.

იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩადებული კაპიტალი დასავლეთის ინტერესებს შეესაბამებოდა, ამიტომ გვეხმარებოდნენ და რატომ გამოწვდილი ხელი უანგარო არ იყო, ძალიან პრიმიტიული აზროვნების პროდუქტია და ინფანტილიზმის მძიმე ფორმებს წარმოადგენს. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მეგობრები, არსებობს მხოლოდ სახელმწიფოების მუდმივი ინტერესები. რაც შეეხება ეკონომიკას, უფასო სადილებს არავისგან არ უნდა ველოდოთ. მაშინ აღგვიქვამენ საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულად, როცა თავად ავწევთ საკუთარი ქვეყნის იმიჯს. მაშინ ჩამოვყალიბდებით ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად, როცა სერიოზულად მივუდგებით საკუთარი ქვეყნის ბედს და პიროვნულ ამბიციებსა თუ ინტერესებს არ შევწირავთ სახელმწიფოს. მაშინ გაიღება ჩვენთვის ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციის კარი, როცა მსოფლიო რუქაზე საკუთარ ფუნქციას მოვიპოვებთ, როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ ჭრილში. რაც უფრო ადრე გავითვალისწინებთ ამას მით უფრო მეტად წინ ვიქნებით და მით უფრო ადრე მივაღწევთ საერთო მიზნებს.

ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები დამოუკიდებელ სასამართლოსთან, პოლიტპატიმრების არარსებობასთან, თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარებასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან, ასევე ჩვენი ქვეყნის მხრიდან დასავლური განვითარების გზის არჩევასთან დაკავშირებით, ეს უფრო გამოწვევა საქართველოსთვის და არა დიპლომატიური ფორმით ქვეყნის დასჯა.

ევროკავშირმა საქართველო მარტივი ალტერნატივის წინაშე დააყენა ან ოლიგარქიული მმართველობა, რაც თავისი შინაარსით ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება ან ევროინტეგრაცია და ქართული სახელმწიფოს მდგრადი განვითარება. უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, განვითარებული სახელმწიფო სერვისები, მდგრადი ეკონომიკა, იაფი სესხი, ექსპორტისთვის მრავალმილიონიანი ბაზარი, ძლიერი თავდაცვა, მრავალმხრივი სოციალური პაკეტები, პიროვნული იდენტიფიცირება და განვითარება, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, სადაც პესპექტივაში წინსვლა ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ ერთი ადამიანის დაცვა, თუნდაც იგი ძალიან მდიდარი იყოს, რა დაუჯდება ჩვენს ქვეყანას და ამის სანაცვლოდ რაზე ვამბობთ უარს.

რას აკეთებს კოლექტიური დასავლეთი დღეს საქართველოსთვის? გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უწყობენ, კვლავაც ხდება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება.

გთავაზობთ 2022 წლის „სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებიდან“ ამონარიდს: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად გაფორმდა 17 სასესხო/საგრანტო შეთანხმება დაახლოებით 1.07 მილიარდი ევროს ოდენობის საგარეო ფინანსურ რესურსზე:
– გერმანიის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან (KFW);
– საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD);
– ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD);
– აზიის განვითარების ბანკთან (ADB);
– რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD);
– ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB);
– სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციასთან (NEFCO).
მათ შორის, დაახლოებით, 195 მლნ ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 871 მლნ ევრო საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება საგზაო, კომუნალური ინფრასტრუქტურის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე სხვა პროექტების დასაფინანსებლად“.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ავტობუსების შეძენით დაწყებული, სკვერებისა და სკოლების რემონტით გაგრძელებული და ავტობანის მშენებლობით დამთავრებული, ყველა დიდი პროექტი და სამუშაო ძირითადად ევროკავშირის ფულით ფინანსირდება.

დღეს ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვიმეორებთ დიდი ილიას სიტყვებს, რომელიც მან ანდერძად დაგვიტოვა: „ენა, მამული, სარწმუნოება“, ისე, რომ არ ვსაუბრობთ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მათ დასაცავად. ამ ერისკაცის ცხოვრება და შემოქმედებაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი შეუპოვრობით უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. ჯერ საქმეზე, საკუთარი სახელმწიფოს მშენებლობით უნდა დავამტკიცოთ, რომ გული შეგვტკივა საკუთარ მამულზე, რომ მერე სხვასაც გაუჩნდეს ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემის გრძნობა. იმის ძახილი, რომ ჩვენთვის სანუკვარს ვინმე ან რამე საფრთხეს უქმნის არ შეესაბამება რეალობას და ფსბ-ს მე-5 სამსახურის ანალიტიკოსების ნარატივია იმისთვის, რომ მოადუნონ ჩვენი ყურადღება და შეაჩერონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. თუ რამე უქმნის საფრთხეს ჩვენ ქვეყანას, ეს ჩვენი უმოქმედობა, მნიშვნელოვანი საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პასუხისმგებლობის გარეშე ძალისთვის დაკისრებაა (ეტყობა საბჭოთა კავშირში ყოფნის 70 წელმა თავისი კვალი მაინც დაგვიტოვა).

სიტყვებს არ გააჩნია ძალა თუ მას შესაბამისი ქმედება არ მოჰყვება. 20 ივნისს სიტყვა უკვე თქვა ქართულმა საზოგადოებამ, ახლა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ევროპისკენ, რაც სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას ითვალისწინებს. დიდი პასუხისმგებლობა რიგით მოქალაქეებს გვეკისრება და დარწმუნებული ვარ ჩვენი შვილების მომავლისთვის საკუთარ მოვალეობას არ გავექცევით.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული