შაბათი, აპრილი 20, 2024

როგორ გავხადოთ სოფლის მეურნეობა პერსპექტიული დარგი საქართველოში – აგროსექტორის დაზღვევის საერთაშორისო გამოცდილება

საქართველოს დიდი აგრარული პოტენციალი გააჩნია. თბილი კლიმატი, ზომიერად ნოტიო ჰავა, უხვმოსავლიანი ნიადაგი და წყალუხვი მდინარეები საშუალებას გვაძლევს წაარმატებით განვავითაროთ სოფლის მეურნეობის ყველა დარგი. აგრარულ სექტორში წარმოებულმა პროდუქციას შეუძლია არამარტო  სრულად დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა, არამედ უზრუნველყოს მზარდი ტურისტული სექტორის საჭიროებები და მისი მსოფლიო ბაზარზე ექსპორტირება. საქართველოს აგრარული პროდუქცია თავისი უნიკალური ბიოთვისებების გამო კონკურენტუნარიანია როგორც ევროპის ისე აზიის აგრარულ ბაზრებისთვის, რადგან არაგენმოდიფიცირებულ, ნატურალურ, ბიოღირებულებებით მდიდარ საკვებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება მსოფლიოში.  ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნის შესაბამისად მასზე ფასიც მაღალია, რაც მწარმოებელი ქვეყნებისთვის დიდ შემოსავალის წყაროა. ამ მხრივ საქართველოს დიდი პერსპექტივები გააჩნია.

სოფლის მეურნეობა წარმადობა დიდწილად დამოკიდებულია გარემო ბუნებრივ პირობებზე. მაღალი ტემპერატურა, უნალექობა, მავნებელი მწერების შემოსევა, ესა და სხვა ფაქტორები უარყოფითად მოქმედებენ მოსავლიანობაზე და შესაბამისად ფერმერული მეურნეობების შემოსავალზე. შედეგად დარგი ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რაც უარყოფითად მოქმედებს მის განვითარებაზე. ამიტომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აგროექსპორტიორი სახელმწიფოებშიც კი სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტური მუშაობა წარმოუდგენელია დაზღვევის სისტემის ფუნქციონირების გარეშე.

დაზღვევა რისკის მართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც მის მოსარგებლეს საშუალებას აძლევს რისკის დადგომის შედეგად წარმოქმნილი ზარალი თავიდან აიცილოს. საქართველოში აგროსექტორის დაზღვევის სისტემა სადაზღვევო ბაზარზე ახლა იკიდებს ფეხს. მოქნილი და ეფექტური სადაზღვევო სისტემის გარეშე შეუძლებელია აგროსექტორის განვითარება საქართველოში. ამიტომ კარგი იქნება თუ განვითარებული ქვეყნების მდიდარ გამოცდილებას გავიზიარებთ ამ მიმართულებით.

სოფლის მეურნეობის სადაზღვევო პრემიების 50%-ზე მეტი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მოდის. აზიის ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს, ხოლო ევროპის ქვეყნებისთვის – 20%-ზე ცოტა ნაკლებია. აგროსექტორის ნებაყოფლობითი დაზღვევის სისტემა ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიო სადაზღვევო ბაზარზე, მაგრამ არსებობენ ქვეყნები სადაც სოფლის მეურნეობის სავალდებულო დაზღვევის სისტემა ფუნქციონირებს. მაგალითად ისრაელი, საბერძნეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, მაროკო და სხვა.

დაზღვევის ბაზარზე სადაზღვევო აგენტებად გვევლინებიან, როგორც სამთავრობო, ისე კერძო ორგანიზაციები. მათ შორის არიან სადაზღვევო კოოპერატივები და საზოგადოებები. სოფლის მეურნეობის დაზღვევის პროგრამები, რომლებიც წარმატებულად ფუნქციონირებენ შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:

ა) პროგრამები, რომელშიც სახელმწიფოს დომინანტური, მთავარი როლი უკავია (კანადა, საბერძნეთი, ინდოეთი, ირანი, ფილიპინები);

ბ) სახელმწიფო მონაწილეობას კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად (აშშ, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი,თურქეთი, მექსიკა);

გ) კერძო სადაზღვევო კომპანიების უპირატესობით (გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, არგენტინა, ავსტრალია).

როგორც წესი კარგად განვითარებული სასოფლო სამეურნეო დაზღვევის სისტემები გააჩნიათ იმ ქვეყნებს სადაც ფუნქციონირებს შესაბამისი სამთავრობო უწყებები და ორგანიზაციები. მათი მოვალეობა არის რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავება, აგრომწარმოებლებისთვის მასზე მორგებული ეფექტური სადაზღვევო პროგრამის შემუშავება და შეთავაზება, ბიუჯეტიდან სუსიდიების გამოყოფა და მათზე კონტროლი, სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან აქტიური მუშაობა, აგროსექტორში განვითარების ახალი ტენდენციებისა და რისკების გამოვლენა, ფერმერებისათვის და დაინტერესესებული რისკ ჯგუფებისთვის საგანმანათლებლობა პროგრამების ორგანიზება და ჩატარება,  სტატისტიკური მასალის შეგროვება, გასაჯაროვება და სხვა.

სადაზღვევო პრემიების სუბსიდირების ოდენობა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაა და 30-დან-80%-მდე მერყეობს. იგი დამოკიდებულია დაზღვევის ტიპებზე, აგროპროდუქციის მწარმოებელთა კატეგორიებზე, სადაზღვევო რისკების შემადგენლობაზე, დაზღვევის დაფარვის დონესა და სხვა. სუბსიდირება ხორციელდება როგორც ცენტრალური ისე რეგიონალური ბიუჯეტებიდან.

შეგვიძლია გამოვყოთ სოფლის მეურნეობის დაზღვევის ყველაზე გავრცელებული სახეები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არის გავრცელებული:

  1. ცალკეული რისკების დაზღვევა (single-risk insurance);
  2. კომბინირებული დაზღვევა (combined (peril) insurance);
  3. მოსავლის მულტირისკული დაზღვევა (multi-peril crop insurance);
  4. შემოსავლების დაზღვევა (revenue insurance) და მოგების დაზღვევა (income insurance);
  5. ინდექსირებული დაზღვევა;
  6. პირუტყვის დაზღვევა.

სოფლის მეურნეობის დაზღვევის სახეებიდან  პირველი, რომელიც პრაქტიკაში გამოიეყენეს და ყველაზე გავრცელებული ინდივიდუალური რისკების დაზღვევა იყო. ამჟამად, ასეთი დაზღვევა არსებობს უმეტეს ქვეყნებში და ზოგიერთი მათგანისთვის (მაგალითად, დიდი ბრიტანეთისთვის, ბელგიისთვის, გერმანიისთვის, ნიდერლანდებისთვის) ეს არის სოფლის მეურნეობის დაზღვევის მთავარი სახე. ყველაზე ხშირად დაზღვეული რისკები „სეტყვა“ და „ხანძარია“. უმეტეს ქვეყნებში ეს დაზღვევა ხორციელდება სახელმწიფო მონაწილეობის გარეშე, რადგან მსგავსი რისკები ადგილობრივია და ლოკალურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად სადაზღვევო პრემიების ოდენობა მცირეა.

კომბინირებული დაზღვევის თავისებურება ის არის, რომ ცალკეულ დასაზღვევ რისკებს აერთიანებენ ჯგუფებად, რომელმაც შესაძლოა არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მაგალითად მოუსავლიანობა და სხვა. ასეთი დაზღვევა ხშირია აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყანებში, პორტუგალიაში, შვედეთში.

მოსავლის მულტირისკული დაზღვევა უზრუნველყოფს ფერმერული მეურნეობების დაზღვევას რისკებისაგან, რომელიც გამოწვეულია ძირითადად უამინდობის გამო მოსავლიანობის შემცირებასთან ან მის სრულ განადგურებასთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის დაზღვევა ითვლება როგორც ერთი-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დაზღვევის სახე და გამოიყენება აშშ-ში, კანადაში, ესპანეთში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.

შემოსავლის (მოგების) დაზღვევა გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, შვედეთში. იგი სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს უკომპენსირებს გარკვეული ტიპის საქონლის ან მთლიანად მეურნეობისგან შემოსავლების (მოგების) დანაკარგებს და იცავს გაკოტრებისგან.

ინდექსირებული დაზღვევა მუშაობს სპეციალურად შემუშავებული საბაზისო მაჩვენებლების (ინდექსის) მეშვეობით. ინდექსად შესაძლებელია აღებული იქნას მაგალითად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსული ნალექების ოდენობა, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე, ტენიანობის დონე, გარკვეულ ფართობზე მოსავლიანობის რაოდენობა და სხვა. დაზღვეული რისკის დონე დამოკიდებულია საბაზისო მაჩვენებლისა და რეალური მაჩვენებელს შორის სხვაობაზე. შესაბამისად რაც უფრო მაღალია ეს სხვაობა მით უფრო მაღალია მოსარგებლე ფერმერისთვის ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხის ოდენობა.

სოფლის მეურნეობის ინდექსირებული დაზღვევის სისტემა გავრცელებულია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში (მაგალითად, აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, მაროკოში და სხვა ქვეყნებში). განსაკუთრებად მოთხოვნადია განვითარებად ქვეყნებში სადაც მოსავლის მულტირისკული დაზღვევის სისტემა არარენტაბელურია.

პირუტყვის დაზღვევა განკუთვნილია ფერმერებისათვის, რომელთა ძირითადი საქმიანობაც მეცხოველეობაა. მსგავსი ტიპის დაზღვევას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვეცია, ფინეთი და სხვა.

 

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ში სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა 50% -ზე მეტი და სასოფლო-სამეურნეო მიწის დაახლოებით 70% დაზღვეულია. აშშ სოფლის მეურნეობის დაზღვევის სისტემა სახელმწიფოსა და  კერძო დაზღვევის კომპანიების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული. ყველა სადაზღვევო პროგრამა შემუშავებულია და რეგულირდება სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს დაქვემდებარებული რისკების მართვის სააგენტოს (RMA) მიერ.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დაზღვევის ბაზარზე სადაზღვევო პრემიების დიდი ნაწილი ოციოდე კერძო სადაზღვევო კომპანიაზე მოდის. ისინი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულ სადაზღვევო პროგრამებში მოხვედრამდე შერჩევასა და აკრედიტაციას გადიან. სადაზღვევო ხელშეკრულებების პირობებსა და დაზღვევის ტარიფების ოდენობას მათთვის მოსავლის დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FCIC) ამტკიცებს, რომელიც თავის მხრივ მოქმედებს RMA მეთვალყურეობის ქვეშ. იგი ასევე ზედამხედველობს მზღვეველთა საქმიანობას და თვალყურს ადევნებს მათთვის ბიუჯეტიდან სუბსიდიების გადახდის პროცესს. ფერმერის მხრიდან სადაზღვევო პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე უარი, ავტომატურად ართმევს მას სტიქიური უბედურებებისა და გაუთავლისწინებელი ზიანის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო მხარდაჭერის გამოყენების უფლებას.

აგრორისკებს სადაზღვევო კომპანიები გადაზღვევის მიზნით საერთაშორისო ბაზარებზე აზღვევენ. დაზღვეული რისკების ძირითადი ნაწილის დაფარვა მოდის გვალვაზე (53%), წყალდიდობაზე (23%) და ყინვაზე (6%).

 

დაზღვევის სახეობებს შორის აშშ-ში ყველაზე გავრცელებული ფორმებია ცალკეული რისკების, მოგებისა და ინდექსირებული დაზღვევა (რეგიონების მიხედვით).

მოგების დაზღვევის პროგრამების მთავარი მახასიათებელი აშშ-ში ის არის, რომ ისინი უზრუნველყოფენ დაზღვევის დაფარვას არამარტო მოუსავლიანობით გამოწვეული დანაკარგების, არამედ ფასების დაცემის შემთხვევაშიც. მაგალითად, მთლიანი შემოსავლის დაზღვევის პროგრამა (AGR) საშუალებას აძლევს ფერმერებს დააზღვიოს ეკონომიკური საქმიანობიდან დაბალი შემოსავლის მიღების რისკი.

რეგიონალური შემოსავლის ინდექსის (GRP) დაზღვევის მიზანია ფერმერების  დაცვა მოუსავლიანობით მიღებული ზარალისგან.  დაზღვევა ანაზღაურებადია იმ შემთხვევაში, თუ მოსავლიანობის მაჩვენებელი დაბალი იყო საშუალო ინდექსზე, რომელიც მოსავლიანობის მინიმალური მაჩვენებელია კონკრეტული რეგიონისთვის. ეს მინიმუმი შეიძლება იყოს რეგიონში საშუალო მოსავლიანობის 10%-30%.

 

კანადა

კანადაში დაზღვევა სოფლის მეურნეობის რისკის მართვის საკითხებში მნიშვნელოვან, მაგრამ არა მთავარ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, იგი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების 70% -ზე მეტს და ფერმერული მეურნეობების დაახლოებით 55%-ს. დომინირებს სახელმწიფო სუბსიდირებული სადაზღვევო ოპერაციები.

კერძო სადაზღვევო კომპანიები ახდენენ ცალკეული რისკების დაზღვევას, მაგალითად დაზღვევას „სეტყვებისგან“ და „ხანძრებისგან“ შედეგად მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სოფლის მეურნეობის დაზღვევის საკანონმდებლო ბაზას წარმოადგენს კანონი ფერმერული მეურნეობის შემოსავლის დაცვის შესახებ (Farm Income Protection Act). მსგავსი სადაზღვევო პროგრამებზე კოორდინაციას უწევს კანადის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სოფლის მეურნეობის დაზღვევის ეროვნული სააგენტო, რომელთაც ოფისები ქვეყნის ყველა რეგიონში აქვთ განლაგებული.

აგრორისკების გადაზღვევა შესაძლებელია, როგორც რეგიონალურ ისე ფედერალურ დონესა და საერთაშორისო სადაზღვევო ბაზრებზეც. ფედერალური მთავრობის მხრიდან ზარალის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევის თანხა პროგნოზირებულ თანხებს ბევრად აღემატება (მაგალითად საყოველთაო სტიქიების დროს და სხვა). თითოეული რეგიონისთვის სადაზღვევო პროგრამები დგება ინდივიდუალურად ადგილობრივი თავისებურებებისა და რისკების გათვალისწინებით.

დაზღვევის ყველაზე პოპულარული სახეობა მულტირისკული დაზღვევაა. დაზღვევას ექვემდებარება როგორც მთლიანი ისე მოსავლის ცალკეული ნაწილების რისკებისგან დაცვა. ფართოდ გამოიყენება ასევე  შემოსავლების, ცალკეული რისკებისა და ინდექსირებული დაზღვევის ფორმებიც. მოსავლიანობის დონე განისაზღვრება რეგიონების მიხედვით და გამოითვლება ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთი ცალკეული ფერმერული მეურნეობის მიერ მიღებული მოსავლიანობის საშუალო  მაჩვენებლის მიხედვით.

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დაზღვევა ნებაყოფლობითია. თუმცა ფერმერმა იცის, რომ თუ იგი უარს იტყვის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაზე, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფლებას კარგავს მონაწილეობა მიიღოს აგროსექტორის განვითარებისთვის განკუთვნილ სახელმწიფოს მიერ სხვა სუბსიდირებულ პროგრამებში.

საქართველოს ესაჭიროება სოფლის მეურნეობის დაზღვევის საკუთარი ეფექტური სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისებურებებსა და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. ამ შემთხვევაში აშშ-ს და კანადის მდიდარი გამოცდილება უნდა გავიზიაროთ. სოფლის მეურნეობის დაზღვევის ქართულ მოდელში საწყის ეტაპზე მთავარი როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში სააგენტო უნდა შეიქმნას, რომელიც კურირებას გაუწევს სოფლის მეურნეობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესრულებას. დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ფერმერულ მეურნეობები მიიღებენ სერვისებს, რომელზეც ზემოთ მოსავლის დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FCIC) მაგალითზე უკვე ვისაუბრეთ. დაზღვევის პროგრამა სხვა სახელმწიფო პროექტებთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს და ხელს უნდა უწყობდეს სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.

თუ ფერმერი უარს იტყვის სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობაზე იგი ავტომატურად უნდა ეთიშებოდეს დაზღვევის სახელმწიფო სისტემასაც. სახელმწიფო სისტემის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს კერძო სადაზღვევო სისტემაც, როგორც ეს შერეული დაზღვევის სისტემის ქვეყნების პრაქტიკაშია მიღებული. ეტაპობრივად დარგის განვითარების ტემპების მიხედვით დაზღვევის შერეულ სისტემაში სახელმწიფოს ნაცვლად მთავარი ფუნქცია აგროსექტორის დაზღვევაში კერძო კომპანიებს დაეკისრებათ.

დაზღვევის სისტემის უსაფრთხოების მიზნით რისკების გადაზღვევა აუცილებლია საერთაშორისო ბაზარზე მოხდეს. იმის გამო ქართული ფერმერული მეურნეობები ჯერ კიდევ ცუდად არიან განვითარებული და ფაქტობრივად დამოუკიდებლად არ შეუძლიათ მართონ ბიზნეს რისკები სახელმწიფო ისინი უნდა დაიცვას გაკოტრების შესაძლებლობებისგან. ამ კუთხით ჩვენთვის მისაღებია „მოგების დაზღვევისა“ და „ინდექსირებული დაზღვევის“ პრაქტიკაში გამოყენება.

სახელმწიფო პროგრამის დახმარებით ფერმერი სეზონის დასაწყისში ღებულობს ვაუჩერს, რომელითაც დასტურდება, რომ  მის მიერ მოყვანილ მოსავალს სახელმწიფო სეზონის ბოლოს ყიდულობს მინიმალურ თანხაში (თანხის ოდენობა განისაზღვრება ინდექსირების მეთოდით, რეგიონებისა და ნათესი კულტურების სახეობების მიხედვით). იმ შემთხვევაში, თუ ფერმერული მეურნეობისათვის მომგებიანია საკუთარი მოსავალის გატანა ბაზარზე სადაც მას უმაღლესს ფასს გადაუხდიან იგი ვაუჩერით არ სარგებლობს.  ცალკეული რისკების დაზღვევა, რომელიც დიდ სადაზღვევო პრემიებთან არ არის დაკავშირებული კერძო კომპანიების მიერ მომგებიანი იქნება.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სოფლის მეურნეობის დაზღვევის სისტემა საშუალებას მისცემს ახალბედა ფერმერებს თავი დაიზღვიონ გაკოტრებისგან, ხოლო სოფლის მეურნეობის დარგს ექნება არა მარტო შიდა ბაზრის მოთხოვნის დააკმაყოფილების, არამედ  პერსპექტივაში დიდი რაოდენობით ქართული პროდუქტის ექსპორტით გატანის შესაძლებლობაც.   განვითარებული სოფლის მეურნეობა ეს დამაატებითი სამუშაო ადგილები, შემცირებული იმპორტი, უკეთესი ტურისტული იმფრასტრუქტურა, ძლიერი ეკონომიკა, ჩვენი ოჯახებისთვის მეტი შემოსავალი და მომავალი თაობისთვის უკეთესი პერსპექტივებია!

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

http://www.geostat.ge/

http://www.moa.gov.ge

https://www.nifi.ru/images/FILES/Journal/Archive/2018/1/statii_2018_1/fm_2018_1__07.pdf

http://apma.ge

http://soil.ge

 

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული