საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,კანონი და სამართლის“თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი საგანგებო განცხადებას აკეთებს საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაინიცირების შესახებ:
,,საქართველოს სახელმწიფო ჰუმანიზმის პრინციპიდან, შექმნილი ვითარებიდან, ეროვნული შეთანხმებიდან გამომდინარე გვინდა დავაინიციროთ საყოველთაო ამნისტიის კანონი – საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის და პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის თანახმად.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ეს ჩაუყრის საფუძველს დიდ ეროვნულ შეთანხმებას. არ შეეხება მძიმე დანაშაულს, მაგრამ პრაქტიკულად შეეხება 80%-ს. ეს არ ეხება ყაჩაღობას და მკვლელობა – მძიმე დანაშაულს.
მე პირადად, მაგალითად, მოვნათლავდი ამას, საყოველთაო ამნისტიას საქართველოში და ვფიქრობ, გადარჩენის აქტი შეიძლება ვუწოდოთ.
მსგავსი რამ მწვავე, გამწვავებული ურთიერთობების დროს ბევრმა ქვეყანამ იცის. მათ შორის, აშშ-ში, მოგეხსენებათ, მძიმე ვითარების შემდგომ განხორციელდა ამ ტიპის ამნისტია.
დაინიცირდა, გავდივართ რეგისტრაციას და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ რეგისტრაციის პირველივე წუთებში მიგვეწოდებინა ინფორმაცია მოსახლეობისთვის. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით კარგი ინფორმაცია შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მხარე მონდომებულია ვიმუშაოთ, რომ მივაღწიოთ ეროვნულ შეთანხმებას.
ეროვნული შეთანხმება სხვა არაფერია, ვიდრე საყოველთაო ამნისტია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე