წელიწადნახევრის წინ სააგენტო “პარალელმა” ინტერვიუ ჩაწერა შორენა ლობჟანიძესთან. მის მიერ მოყოლილი ისტორია იმდენად მძიმე და დაუჯერებელი იყო, რომ გადაწყდა სააგენტო მომავალშიც დაბრუნებოდა ამ საკითხს. შორენა არის პაციენტი, რომელიც „ავერსის კლინიკას“ ჯანმრთელობის დაზიანებაში ადანაშაულებს, გამოძიება კი 2019 წლიდან მიმდინარეობს. დღეს კი სოციალური ქსელში წერს, რომ ამ დღეებში მიიიღო პროკურატურის 10 მაისის გადაწყვეტილება – “ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში სისხლისსამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება“.
უცვლელად გთავაზობთ მის ემოციურ პოსტს:
,,2019 წლიდან შპს ,,ავერსის კლინიკის” და მისი ექიმების წინააღმდეგ საქმეზე #007110219004 მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს მოიცავს.
წლების განმავლობაში ჩემ საქმეს ნარატივად გასდევს სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით:
1. სამჯერ იქნა მიმართული ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის და სამივეჯერ წერილობით მიღებულ იქნა უარი სპეციალისტების არ ყოლის გამო;
2. განცხადებით მიმართულ იქნა ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის, სადაც მოთხოვნილ იქნა მათ მიერ გაფორმებული საერთაშრისო ხელშეკრულებების საფუძველზე სპეციალისტის გამოყოფის მოთხოვნით მიემართათ საზღვარგარეთ არსებული საექსპერტო ბიუროებისათვის ან ექსპერტთა გაერთიანებისთვის, თუმცა უშედეგოდ;
3. ორჯერ წერილობით იქნა მიმართული სტომატოლოგთა ასოციაციას. პირველად სპეციალისტად გამოყვეს შპს ,,ავერსის“ საკუთრებაში მყოფი კლინიკის ,,ქირურგიის ეროვნული ცენტრი“-ს განყოფილების უფროსი და კლინიკა ,,ნიუ-ჰოსპიტალის“ ყბა-სახის ქირური-მპლანტოლიგი ბაქარ (ბექა) ბაკურაძე, რომელიც საქმეში ფიგურირებს და არსებული ინტერესთა კონფლიქტის გამო იქნა აცილებული. მეორეჯერ, სპეციალისტის გამოყოფაზე სტომატოლოგთა ასოციაციამ უარი განაცხადა სპეციალისტის არ ყოლის გამო;
4. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით და დახმარების თხოვნით მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სადაც ვითხოვდი სახელმწიფოს ხარჯით უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას, რაზეც განმიცხადეს, რომ მე არ ვიყავი ის მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელე, რომლის გამოც ხელისუფლება თავს შეიწუხებდა და ექსპერტიზისთვის თანხას გამოყოფდა;
5. მიუკერძოვებელი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მივმართე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ,,სპექტრი“-ს ხელმძღვანელს, ბ-ნ: ალექსანდრე გეჯაძეს, რომელმაც სპეციალისტის რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ, ექსპერტიზის ჩატარებაზე წერილობითი უარი განაცხადა სწორედ სპეციალისტების არ ყოლის გამო.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით შეუძლებელი აღმოჩნდა ექსპერტიზის ჩატარება, იძულებული გამხადეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩამეტარებინა საზღვარგარეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭოსთვის და პროკურატურისთვის.
პროკურატურა პირადად დაუკავშირდა საზღვარგარეთ სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და მათი იდენტიფიცირება და ლეგიტიმურობა განახორციელა.
ამავდროულად, პროკურატურამ წერილობით მიმართა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭოს და მოითხოვა ჩემი კომისიური შემოწმება.
იმის და მიუხედავად, რომ კომისიური შემოწმებისთვის გამოყოფილი ექიმები კვლავაც წარმოადგენდნენ მხარეს, წავედი კომპრომისზე, დავთანხმდი და სამჯერ გავიარე კომისიური შემოწმება, რომელთა დასკვნებიც ამ დრომდე არ არსებობს.
ა.წ. 24 მარტს საქმის პროკურორმა წერილობით დამიდასტურა, რომ ჩემს მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დართული იყო სისხლის-სამართლის საქმეზე.
თუმცა, კორუმპირებული საქმის პროკურორისთვის მედეა ცირამუასთვის მას შემდეგ აღმოჩნდა მიუღებელი ჩემი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჩემი კომისიური შემოწმებების პასუხების ლოდინი, რაც მასთან პირად გარიგებაზე გავიდნენ შპს ,,ავერსის კლინიკის“ ექიმები და უფასო, ულიმიტო სტომატოლოგიური მომსახურებაზე გაურიგდნენ.
სისხლის სამართლის საქმეზე თანდართული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და კომისიური შემოწმებების პასუხების სრული უგულვებელყოფით, სადაც ცალსახად, მტკიცებით ფორმაში წერია ექიმების ბრალეულობა, ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორს მედეა ცირამუას ეყო თავხედობა და ა.წ. 10 მაისი კორესპონდეციით მაცნობა, რომ თურმე ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში სისხლისსამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.
ეს არის დღევანდელი, კორუმპირებული, კრიმინალური ელემენტებით გაჯერებული პროკურატურის რეალური სახე, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ხან არსებობს და ხან არ არსებობს! სადაც სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების ბოროტად გამოყენების ხარჯზე უჯვე მერამდენჯერ ფეხქვეშ გათელეს კანონი და მისი უზენაესობა!“, – წერს შორენა ლობჟანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სააგანტო “პარალელი” მზადაა მათი სურვილის შემთხვევაში ინტერვიუ თუ კომენტარები ჩამოართვას პუბლიკაციაში ხსენებულ, “ავერსი კლინიკის” თუ პროკურატურის წარმომადგენლებს, მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუბრუნდეს ამ საკითხს და მკითხველს კონკრეტული ფაქტები მიაწოდოს.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
შორენა ლობჟანიძე ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურის წერილებს ასაჯაროვებს