სამშაბათი, აპრილი 16, 2024

ინფლაციის დამატებითი მაჩვენებელი თამბაქოს ფასის გარეშე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის დამატებითი მაჩვენებლების გამოქვეყნებას იწყებს, რომელშიც თამბაქოს ფასი არ შევა.

საქსტატის განცხადებაში ვკითხულობთ: „ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ, განაპირობა შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი მატება, რამაც თამბაქოს პროდუქციის მოხმარებაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები და გარკვეული ზეგავლენა იქონია ინფლაციის მაჩვენებელზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციის მაჩვენებლიდან აქციზის გადასახადის ზრდით გამოწვეული ეფექტის გამოყოფის მიზნით, საქსტატი ინფლაციის არსებული ძირითადი მაჩვენებლის პარალელურად, ახალი ინდიკატორის – თამბაქოს გარეშე ინფლაციის გაანგარიშებას და გამოქვეყნებას იწყებს“. სტატისტიკის სამსახური არ აკონკრეტებს საკუთარ გადაწყვეტილებაში რომელი ქვეყნის გამოცდილებას იზიარებენ, თუმცა მათი განცხადებით ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა.

სტატიკის სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო სისტემაში ცვლილებების ეფექტის გარეშე ინფლაციური პროცესების შეფასება უფრო ობიექტურია, ხოლო მათ მიერ შემოტანილი ახალი ინდიკატორი უფრო ზუსტად ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. მაშინ ისმება სამართლიანი კითხვა, სამომხმარებლო კალათიის ფასიდან თამბაქოს პროდუქციის დანახარჯებთან ერთად, რატომ არ გამოვრიცხავთ  ტრანსპორტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე გაწეულ დანახარჯებს, რადგან მათ აქციზებზე გაზრდილი ფასები ასევე მოქმედებენ ინფლაციის ზრდაზე.

მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2019 წლის დასაწყისში გაიზარდა გადასახადები სიგარეტზე, რის შედეგადაც მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარში თამბაქოს პროდუქციაზე ფასმა 32.7%-ის მოიმატა, ხოლო წლიური საბაზო ინფლაციის დონემ 3,4%-ს მიაღწია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგივე მაჩვენებელი თამბაქოს გარეშე 1,9%-ია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებამ  ინფლაციის 1,5%-იანი ზრდა გამოიწვია.

სიგარეტის აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტოს მიერ მიძღვნილ სტატიებში, ვაფრთხილებდით მკითხველს ამ კანონის უარყოფით შედეგებზე. ვსაუბრობდით „სექტორული ინფლაციის“ გავრცელების რისკსა და დამატებითად საშუალოდ 245 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადების დაკისრებაზე ჩვენი ქვეყნის 40% მწეველი მოსახლეობისათვის.

ჩემთვის როგორც ეკონომისტისთვის ყოვლად გაუგებარია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გადაწყვეტილება ინფლაციური პროცესების მაჩვენებელი, საგადასახადო სისტემაში ცვლილებების ეფექტის გარეშე გამოიყვანოს. რადგან რეალურად მიმაჩნია, რომ ეკონომიკური პარამეტრები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უნდა ასხავდეს  და არა პირიქით ეკონომიკური ცხოვრება მორგებული იყოს საქსტატის ინდიკატორებს!

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:
http://www.geostat.ge

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული