ხუთშაბათი, მარტი 28, 2024

“რა მოცემულობით ხვდება რუსეთი 9 მაისის აღლუმს?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

კოლექტიური დასავლეთის გადაწყვეტილებით, უკრაინა შეტევით იარაღს მიიღებს. ეს პროცესი დაწყებულია და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ, რომ “ლენდ-ლიზის” პროგრამით მიღებული სამხედრო დახმარება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ომის ბედზე. საყურადღებოა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სხვა ოფიციალური პირების განცხადებებიც – ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინაში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის, ტაქტიკური ქიმიურ ან ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევაში.

არამარტო რუსეთ-უკრაინის ომი, არამედ რუსულ-ამერიკული ურთიერთობა, ბოლო ორი ათეული წელი, შეიძლება ორ სტადიად გავყოთ – თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებამდე და განცხადების შემდეგ.

რატომ არის აშშ-ს პოზიცია ასეთი მნიშვნელოვანი? ვლადიმერ პუტინის მხრიდან რუსული ბუნებრივი აირითა და ატომური იარაღით შანტაჟზე, კოლექტიური დასავლეთი, ბოლო მომენტამდე, ყოველთვის ზომიერი პოლიტიკით პასუხობდა და ცდილობდა აშკარა დაპირისპირებისგან თავი შეეკავებინა. ამის მიზეზი მარტივია, რუსეთის სამხედრო კონფლიქტს, ნატოს ნებისმიერ წევრ ქვეყანასთან, მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა შეეძლო. ამ მიზეზით, 2008 და 2014 წლების რუსეთის აგრესია “უპასუხოდ“ დარჩა მსოფლიო საზოგადოების მხრიდან.

დაუსჯელობის სინდრომმა წაახალისა პუტინი შემდგომი მოქმედებებისკენ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან ჯო ბაიდენის გამოსვლამდე 14 წელი გავიდა. სწორედ ამდენი დრო დასჭირდა აშშ-ს და კოლექტიურ დასავლეთს იმის გასააზრებლად, რომ რუსეთის ატომური შანტაჟისაგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება საპასუხო ატომური შანტაჟია.

როგორც ვიცით რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინასთან ომში რაიმე სერიოზული სამხედრო წარმატებისთვის მიეღწია. შექმნილ სიტუაციაში პუტინს შეეძლო ჯარები უკან გაეწვია, დონბასსა და ლუგანსკში „გამაგრებულიყო“. კონფლიქტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მსგავსად დროში გაიწელებოდა, ხოლო საკუთარი მოქალაქეებს ამას გამარჯვებად მიასაღებდა. მაგრამ ეს შესაძლებლობა კრემლმა ხელიდან გაუშვა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური დასუსტების შესახებ და თან ისე, რომ ეს უკანასკნელი სულ მცირე შემდგომი 15-20 წლის განმავლობაში საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს მეზობლებისთვის.

ამ სიტუაციაში პუტინს მხოლოდ ის რჩება, რომ გააგრძელოს ომი, რომელსაც დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის განახლება ესაჭიროება. ამისთვის მან ან საერთო მობილიზება უნდა გამოაცხადოს, ან საპოლიციო რესურსი გამოიყენოს უკრაინაში. პირველ შემთხვევაში ოფიციალურ კრემლს მოუწევს აღიაროს, რომ უკრაინის მიმართ აგრესია სპეცოპერაცია კი არა, არამედ ომია (რუსული კანონმდებლობის თანახმად მხოლოდ ომის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს სამხედრო ვალდებული მოსახლეობის მობილიზება).

რუსეთის რიგითი მოქალაქისთვის ერთია დივანზე წამოწოლილმა უყურო, თუ როგორ იბრძვის შენი ქვეყანა უცხო სახელმწიფოში და იღუპებიან ჯარისკაცები, მეორეა – ფრონტის წინა ხაზზე ორმხრივი ცეცხლის ქვეშ მოხვდე, სადაც გადარჩენის შანსები მინიმალურია. მით უმეტეს, რომ მოტივაცია არანაირი არ გაქვს და ინფორმაციაც მოგდის ფრონტიდან ოფიცრების მხრიდან, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჯარისკაცების დახვრეტის ფაქტებზე. მობილიზაცია საერთო უკმაყოფილებას გამოიწვევს მოსახლეობაში, განსაკუთრებით მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, სადაც რეგიონებთან შედარებით შეძლებული და განათლებული ხალხი ცხოვრობს. უკრაინიდან მასიურად წამოსული „ტვირთი 200“ რუსებს ომის რეალურ სახეს დაანახებს და არა იმას რასაც სალავიოვი და სიმონიანი სატელევიზიო ეთერში „უხატავენ“.

პუტინისთვის უკეთესი ვარიანტი არც საპოლიციო ძალების გამოყენებაა. დიდი ქალაქების მშვიდობიანი დემონსტრანტების მარბიელი ძალების გარეშე დატოვება, კრემლისთვის საფრთხის შემცველია. კერძოდ, თუ რამეზე დგას პუტინის ძალაუფლება, ეს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი – ძალოვანების უპირობო მხარდაჭერა; მეორე – მძლავრი იდეოლოგიური მანქანა, კრემლის მიერ კონტროლირებადი მასმედიის სახით; მესამე – მოსახლეობაში პუტინის, როგორც დიდი სტრატეგის იმიჯი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებული სახელმწიფოს ლიდერებიც კი ანგარიშს უწევენ.

ეს და კიდევ პატარ-პატარა „გამარჯვებები“ მთიანი ყარაბაღში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ყირიმში, დონბასში, ლუგანსკში, დნესტრისპირეთში, სირიაში პუტინს აძლევდა საშუალებას მოსახლეობის ყურაღება სოციალური პრობლემებიდან საერთაშორისო თემებზე გადაეტანა და რეიტინგი შეენარჩუნებინა. მართალია ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ ნავთობის გაყიდვით ყოველდღიურად ბიუჯეტში მილიარდობით დოლარი შესდის, ელემენტარულად გზები და კანალიზაცია არ გააჩნია, მაგრამ შოვინისტი რუსისთვის ეს არ არის მთავარი. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის „დერჟავული“ მისწრაფებებია პრიორიტეტული და არა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა.

მაგრამ, საკმარისია პუტინის ხელისუფლებას ეს ფეხები გამოაცალო, რომ მისი უძლეველობის მითი თვითმფრინავის კვალივით გაქრება. პროცესი უკვე დაწყებულია. ადრე თუ გვიან მოუწევს საპოლიციო ძალების ფრონტის წინა ხაზზე გაშვება (მიუხედავათ იმისა, რომ ქვეყნის შიგნით კადიროველების იმედად ყოფნა მისთვის ასევე საფრთხის შემცველია), ასევე ძალოვანებში არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. მით უმეტეს, რომ სამხედროებში წმენდა უკვე დაწყებულია. ბევრი გენერლის თავი გაგორდა და გაგორდება, ეს კი მათი მხრიდან პრეზიდენტის მხარდაჭერას შეასუსტებს.

უკეთესი მდგომარეობა არ არის არც კრემლის პროპაგანდისტებს შორისაც. თუ ვინმე ხვდება რუსეთში, რომ პუტინს ომი წაგებული აქვს, ეს კრემლის ჯიბის მედია რუპორები არიან. ურთიერთობა „იმპერატორის კარზე“ ნელ-ნელა იძაბება. ამის კარგ მაგალითს სალავიოვისა და ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორის დაპირისპირება წარმოადგენს, სადაც მხარეები საჯარო სივრცეში შავი სამყაროსთვის დამახასიათებელი ჟარგონების გამოყენებასაც კი არ ერიდებოდნენ.

რაც შეეხება პუტინის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, იგი დღეს კიმ ჩენ ინის რენომეზე უფრო დაბალია. მისი პიროვნება იმდენად ტოქსიკურია, რომ მასთან ურთიერთობა არცერთი სახელმწიფოს ლიდერს არ სურს. 9 მაისის აღლუმი ახლოვდება. ბოლო განცხადებებით, თუ ვიმსჯელებთ წითელ მოედანზე შეიძლება „ოდეკაბე“-ში შემავალი სახელმწიფოს (ბელორუსი, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი) ლიდერებიც კი არ ვიხილოთ. აღარ არის საუბარი განვითარებული ქვეყნების მეთაურებზე.

აღსანიშნავია, რომ „ოდეკაბე“-ს ლიდერებმა რუსეთს სამხედრო დახმარებაზე უკვე განუცხადეს უარი. საქმე იმაშია, რომ ამ სამხედრო ალიანსში შემავალ სახელმწიფოებს ვალდებულება გააჩნიათ ერთმანეთს დახმარება იმ შეთხვევაში გაუწიონ, თუ რომელიმე წევრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. როგორც ვიცით ოფიციალური კრემლის პოზიცია, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სპეცოპერაციას აწარმოებენ. ამიტომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები მხოლოდ მაშინ მიიღებენ კონფლიქტში მონაწილეობას, თუ რუსეთს სხვა სახელმწიფო თავს დაესხმება და ომს გამოუცხადებს. პუტინმა დახმარებაზე უარი მიიღო ბაშარ ასადისგანაც კი, რომლის ხელისუფლების გადარჩენაც სირიაში რუსეთის დამსახურებაა. არ გაუმართლდა რუსეთის პრეზიდენტს ჩინეთთან დაკავშირებული ოპტიმისტურმა მოლოდინებმაც. ოფიციალურმა პეკინმა უკრაინასთან ომის დასაწყისში ჯერ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ბოლო განცხადებებით კი ვგებულობთ, რომ მისთვის და მისი პროდუქციისთვის ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების გასაღების ბაზრები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის იაფი გაზი. ამიტომ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების აზრს ვერ ხედავენ.

პუტინი მარტო დარჩა ომში, რომელიც თავად წამოიწყო და მისი დასასრულის დასაწყისი იქნება. არადა სტატუს-ქვოს კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნებდა, რომ ბოლო მომენტამდე წითელი ხაზები არ გადაეკვეთა. შეიძლება მსოფლიო ორი ათეული წელი ატომური ომის დაწყებით აშანტაჟო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და თავისი დასასრული. ჰოდა, ეს დასასრული მოახლოვდა, დასავლეთს აღარ ეშინია რუსული მუქარის, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც უკრაინაში მთელი ქალაქები მიწასთან გასწორებული იხილა და მსგავსი პერსპექტივა ევროპული სახელმწიფოებისთვისაც დაინახა. დიდი შოთას შესანიშნავი აფორიზმი: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“, სწორედ დღევანდელ სიტუაციას კარგად მიესადაგება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული