ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატით დასრულდა 2021-2022 წლების ყველაზე ხანგრძლივი სპორტული სეზონი.
ჩემპიონატში სულ მონაწილეობას 40 ქვეყნის 144 სპორტსმენი ღებულობდა, მათ შორის 5 მოციგურავე საქართველოდან. კარინა საფინა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი, ერთეული ვაჟი კონსტანტინე სუპატაშვილი და იულია ლებედევა-ბითაძისა და დიმიტრი პარხომენკოს მოცეკვავე წყვილი.
პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში საფინა-ბერულავას წყვილმა იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვა და კიდევ ერთი წარმატებული ფურცელი შესძინა ჩვენი ქვეყნის სპორტული ისტორიის მატიანეს. დებიუტანტი ქართველი მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი, რომელიც ამ ჩემპიონატის ყველაზე პატარა ასაკის (14 წელი) სპორტსმენი იყო, 33 მოციგურავეს შორის იმ კვალიფიცირებულ 24 სპორტსმენს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მოიპოვეს თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება, ასეთივე უფლება მოიპოვა მოცეკვავე წყვილმა ლებედევა-ბითაძემ და პარხომენკომ, რომლებისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტო იყო.
ტალინის მსოფლიო ჩემპიონატზე მედელების მოპოვება 40 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანამ შეძლო, მათ შორის სპორტულ წყვილებში მოპოვებული ოქროს მედლით საქართველო მედლების სარეიტინგო სიაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის ერთადერთი.
ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ ჩემპიონატზე მედლის მოპოვება. ოქროს მედლების მოპოვება კი მხოლოდ ამერიკელმა (3 სახეობაში) და ქართველმა სპორტსმენებმა (1 სახეობაში) შეძლეს.
ეს სტატისტიკა ნამდვილად მოწმობს საქართველოს გუნდის წარმატებულ სპორტულ სეზონს და მომავალშიც სერიოზულ პერსპექტივებს აჩენს, რომელიც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ძირითადი ორიენტირი იქნება 2022-2023 წლების, ახალი ოლიმპიური ოთხწლეულის პირველ სპორტულ სეზონზე.
ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს