ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ცესკომ შუალედური არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში ბათუმის არჩევნების წინასწარი მონაცემები წარადგინა

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცესკო კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში წარმოგიდგენთ ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარ მონაცემებს 14-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით. წინასწარი მონაცემების ოპერატიულად გამოქვეყნება სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების – ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

ბათუმის 14- ვე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები შემდეგია:

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათე ფუტკარაძე – 3 233 (31%)
№41 – „ქართული ოცნება- დემოპრატიული მოძრაობა“, რამაზ ჯინჭარაძე – 7 190 (69%)

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის წინასწრი პირველადი მონაცემები და ის უკვე ასახულია ცესკოს ვებგვერდზეც. რა თქმა უნდა, ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ბიულეტენებს კანონმდებლობით დადგენილი წესითაც დაითვლიან, რომლის შედეგიც იქნება იურიდიული ძალის მქონე. ასევე განხორციელდება დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, აღნიშნული კი საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი წარმატებული ინციატივაა, რაც ხმის დათვლის პროცედურების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას უწყობს ხელს.

რაც შეეხება აქტივობას, დღეს საარჩევნო უბნებზე სულ 51 137 ამომრჩეველი მივიდა (31,8%). მათ შორის ბათუმში 10 578 ამომრჩეველი (51,3%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში -40 559 (29%).

შუალედური არჩევნები შედგა. კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. ვიდეომასალა აიტვირთება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა შეუფერხებლად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეყოვნდეს ხმის დათვლის პროცედურები.

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის, ასევე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული