პარასკევი, აპრილი 26, 2024

“პრინციპი – “მაშ ომი გინდათ?!” არ მუშაობს და პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს!” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ერთი თვე გავიდა. უკრაინელი ხალხისთვის უახლესი ისტორიის მანძილზე ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. მართალია საბრძოლო მოქმედებები კვლავაც გრძელდება, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ომს დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდმა გადაიარა, როდესაც უკრაინის სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნას საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

უკრაინელი ხალხის თავდადებამ თავისი შედეგი გამოიღო. მტერი არა მარტო შეჩერებულია, არამედ ზოგიერთი მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზეც გადავიდნენ. არადა ერთი თვის წინ პუტინს, როდესაც ამ სამხედრო კამპანიას იწყებდა სხვა მოლოდინები და გეგმები ჰქონდა.

მოდით შევაჯამოთ უკრაინასთან მიმართებაში კრემლის მიზნები და ამოცანები რამდენად რეალისტური იყო.

  • სწრაფი ომის, ეგრედ წოდებული „ბლიც კრიგის“ წარმატებით დასრულება;
  • ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა და მის ადგილზე მოსკოვის მიმართ ლოიალური, მარიონეტული მთავრობის დანიშვნა;
  • უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერა და უბრძოლველად უკრაინის დიდი ქალაქების დაკავება;
  • უკრაინის შუაზე გახლეჩა, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებად დანაწევრება;
  • უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, „лнр“-სა და „днр“-ის მსგავსად, არალეგიტიმური რეფერენდუმის ჩატარება და დამოუკიდებლობის აღიარება;
  • დასავლეთის სახელმწიფოებში დაბნეულობის შეტანა, მათი დაყოფა და დაშანტაჟება;
  • ჩინეთის მოკავშირეობა და მხარდაჭერის იმედი;
  • ბელორუსის ჩართვა საბრძოლო ოპერაციებში.

რა მიიღო პუტინმა, ერთი თვის თავზე, უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის შედეგად:

  • ზელენსკის მთავრობა არ შეშინდა და არ გაიქცა. ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, როდესაც კიევის გარეუბნებს რუსული დივერსიული ნაწილები და კადიროველები უტევდნენ, პრეზიდენტი მთელს სახელისუფლებო გუნდთან ერთად დედაქალაქში მუშაობდა და საომარ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, რითაც მსოფლიო საზოგადოების პატივისცემა და უკრაინელი ხალხის სიყვარული დაიმსახურა. უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც პუტინი „კლოუნს“ ეძახდა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც დიდი სახელმწიფოს საჭესთან 22 წელი გაატარა, თავის კარიერა შესაძლოა ჰააგის სასამართლოთი დაასრულოს;
  • უკრაინელები დღეს ერთ მუშტად არიან შეკრულნი. რაც მთავარია უკრაინის მოქალაქეებმა ნებისმიერი პოლიტიკური, ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებები და დაპირისპირება გვერდზე გადადეს, ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ და ყველა ერთად ოკუპანტს ან ებრძვის ან სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებს;
  • რუსეთის არმიის უძლეველობის მითი დაიმსხვრა. რუსულმა ჯარმა, ხერსონის გარდა, ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ დაიკავა (ხერსონშიც ადგილობრივი მოსახლეობა შიშველი ხელებით ტანკებს წინააღმდეგობას უწევს). როგორც აღმოჩნდა რუსულ შეირაღებულ ძალებზე დახარჯული ასეულობით მილიარდის ბიუჯეტი ელიტარულმა კორუფციამ შეიწირა. პირადი შემადგენლობა საბრძოლო ოპერაციებისათვის მოუმზადებელია, სამეთაურო შტაბებს მათზე დაქვემდებარებული საბრძოლო შენაერთების ოპერატიული მართვა არ შეუძლიათ, სამხედრო სტრატეგია – ნული, ტაქტიკა – ნული, ტექნიკის ნახევარი ფიზიკურად და მორალურად მოძველებული, ამორტიზირებულია, დიდი ხარვეზებია სამხედრო ნაწილების საკვებით, საწვავით, საბრძოლო მასალებით მომარაგების ლოგისტიკაშიც;
  • ოფიციალური კიევის მონაცემებით უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ცოცხალი ძალის (150 ათასი სამხედრო მოსამსახურე) 30% მწყობრიდან არის გამოსული. 16 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი განადგურებულია, ხოლო ორჯერ მეტი დაჭრილი. დიდია დანაკარგები საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისითაც. ათეულობით და ასეულობით ტანკი და ჯავშანტექნიკა, სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ავტომზიდები, გემები, სარაკეტო და საარტილერიო დანადგარები განადგურებულია ან უკრაინული შეიარაღებული ძალების ხელშია გადასული;
  • განადგურებას გადარჩენილი რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი ფიზიკურად და მორალურად არის გათანგული და დაძაბუნებული. ჯარისკაცები პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ იყინებიან და შიმშილობენ. მასობრივად ბარდებიან ტყვედ უკრაინელებს. ტექნიკის განადგურების შემდეგ, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ტოვებენ დისლოკაციის ადგილებს და რუსეთის საზღვრის მიმართულებით უკან იხევენ;
  • დიდია დანაკარგები სამხედრო მაღალჩინოსანთა შორისაც. ათამდე რუსი გენერალი და ერთი ამდენი კიდევ მაღალი სამხედრო წოდების ოფიცერი არის განადგურებული. ეს, ამ ომის, მართლაც შთამბეჭდავი შედეგებია, რაც უკრაინული დაზვერვისა და დივერსიული ჯგუფების ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს;
  • უპრეცენდენტო ერთიანობა გამოავლინეს დასავლეთის სახელმწიფოებმაც. პუტინის აგრესიამ დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ, ევროპის სახელმწიფოები ერთი საერთო მიზნის გარშემო შეკრა. პუტინი უფრთხოდა ნატოს ჯარებს საკუთარ საზღვრებთან და თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ფაქტობრივად ალიანსის სამხედრო ძალები, თანაც საკმაოდ გაზრდილი კონტინგენტით, თვითონ მიიყვანა საკუთარი სახელმწიფოს კართან;
  • კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთს დაუწესა უპრეცენდენტო სანქციები, რის შედეგადაც „BBB“ საერთაშორისო რეიტინგებიდან რუსეთის ეკონომიკა ჩამოვიდა „C” შეფასებაზე, საიდანაც ერთი ნაბიჯიღა არის დარჩენილი დეფოლტამდე. პრაქტიკულად ყველა, დიდი უცხოური კომპანიები ტოვებენ რუსულ ბაზარს, იზრდება უმუშევრობა, უფასურდება რუბლი. ძალიან ბევრ პროდუქტზე მაღაზიის დახლებზე გაჩნდა დეფიციტი, რომელიც ნაწილობრივი პანიკის საფუძველზე გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული და ნაწილობრივ იმიტომ, რომ რესურსები კონკრეტულ პროდუქტებზე მცირდება. აქტიურად მიდის მუშაობა ევროპის ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათი რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება შემცირდეს და ენერგიის ალტერნატიული მომწოდებლები მოინახოს;
  • არ გამართლდა რუსეთის იმედები ჩინეთთან დაკავშირებითაც. მიუხედავათ იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი პეკინს საბაზროზე ათჯერ უფრო იაფად აწვდის ბუნებრივ აირს, სანქციებისა და ფულის გადარიცხვასთან შექმნილი პრობლემების გამო ჩინეთმა უარი განაცხადა რუსული ნავთობის შეძენაზე. პუტინმა თავის „მეგობარ“ სი ძინ პინს მიმართა თხოვნით რუსული ჯარის დასახმარებლად საკვები და ტექნიკა გამოეყოთ, მაგრამ ოფიციალურმა პეკინმა აქაც თავი შეიკავა. ჩინეთს ჰაერივით ესაჭიროება აშშ-სა და ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება, რათა აღნიშნულ ბაზრებზე მოახერხოს საკუთარი პროდუქციის გასაღება (არც ისე მარტივია მილიარდზე მეტი მოქალაქის დასაქმება და გამოკვება).
  • უკრაინაში შეჭრისთვის პუტინმა მართალია გამოიყენა ბელარუსის ტერიტორია, ასევე მოვისმინეთ ლუკაშენკოს მკვეთრი და მჭახე განცხადებებიც ოფიციალური კიევის მიმართ, მაგრამ ბელორუსის პრეზიდენტი მაინც ყველანაირად ცდილობს არ გააგზავნოს ჯარები და კრემლთან დადებული შეთანხმება დაარღვიოს. ლუკაშენკო კარგად ხვდება, რომ რუსეთს ეს ომი წაგებული აქვს და არ აქვს სურვილი პუტინს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს;
  • რუსეთს ტოვებენ კრემლთან დაახლოვებული პირები. მართალია ამ ეტაპზე ამას სტიქიური ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ უახლოეს მომავალში უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროცესებს უფრო სისტემური სახე მიეცემა. გამონაკლისს არ წარმოადგენენ არც რიგითი მოქალაქეები. ისინი ათიათასობით გადიან საკუთარი ქვეყანის ფარგლებს გარეთ – ზოგი დაწესებული სანქციების გამო, ზოგი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, ზოგიც უბრალოდ გაექცა ტოტალურ შეზღუდვებსა თუ შემოღებულ სადამსჯელო კანონებს.

ოფიციალური მოსკოვი უკან იხევს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით თურმე პირველადი ამოცანა უკრაინის შეიარაღებული ძალების დასუსტება იყო, რაც, მათი თქმით, წარმატებით განხორციელდა. „საბრძოლო ოპერაცია“ ამჟამად მეორე ფაზაში გადადის, რაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების დაცვას ითვალისწინებს.

ამასობაში თავად კრემლში, როგორც ჩანს, საკადრო წმენდა იწყება. ჩვენ წინა სტატიებში ვსაუბრობდით, რომ უკრაინაში ომის წარუმატებლობაზე ხელს პუტინი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის ხელმძღვანელს შეაწმენდდა. თავდაცვის სამინისტროს ეს ორი მაღალჩინოსანი (რომელთაც იდეაში ატომური ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტების გამშვები კოდები აქვთ ჩაბარებული) დიდი ხანია ფართო საზოგადოების წინაშე არ ჩნდებიან და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის სახელმწიფოები შეშფოთებას უკვე გამოხატავენ. ასევე საეჭვოდ გამოიყურება რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში რუსეთის პრეზიდენტის კუთვნილი საჰაერო ხომალდის გახშირებული ფრენები. გამოითქვა მოსაზრება, რომ პუტინი ბუნკერებს თავს აფარებს, რომელიც ატომური თავდასხმისგან საფრთხის არიდების მიზნით შექმნილია.
ვფიქრობთ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია. თუ იმასაც ჩავთვლით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტისას, შეხვედრა გამართა უკრაინის საზღვართან ახლოს დისლოცირებულ ნატოს სამხედრო მოსამსახურეებთან, სადაც ისაუბრა, მოვლების ნებისმიერი სცენარით განვითარების მზადყოფნაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინისგან შესაძლოა სიურპრიზებს ველოდოთ. ამ უკანასკნელმა უკვე გადაკვეთა წითელი ხაზები და საკუთარი თავის გადასარჩენად ნებისმიერ ავანტიურაზეა წამსვლელი.

პუტინისთვის ძვირფასია საკუთარი სიცოცხლე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნკერში არ დაიმალებოდა. ასევე ვფიქრობთ, კარგად გაცნობიერებული აქვს, რომ უკრაინასთან ომის ფიზიკური და მორალური ნაწილი წაგებული აქვს (რუსული შეიარაღებული ძალების 1/3 განადგურებულია, ხოლო სლავ ხალხს მასობრივი დაბომბვების შემდეგ ერთიანობაზე ესაუბროს, ამის მორალური უფლება აღარ გააჩნია). ამიტომ რჩება ომის ფსიქოლოგიური ნაწილი. ატომური იარაღის „ჟღარუნით“ ეცდება მოწინააღმდეგე შეაშინოს. თუ კოლექტიური დასავლეთი უკან დაიხევს, ეს ფატალური შეცდომა იქნება ჩვენთვის ყველასთვის და ადვილი შესაძლებელია, რომ პუტინის ბლეფი რეალურ მოქმედებებში გადაიზარდოს. მხოლოდ ცივილური სამყაროს პრინციპული პოზიცია აგვარიდებს თავიდან მესამე მსოფლიო, ბირთვული ომის საშიშროებას.

ასე რომ, პრინციპი – „მაშ ომი გინდათ?!“, ამ შემთხვევაში, არ მუშაობს და პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული