პარასკევი, მარტი 29, 2024

პროგნოზები, მოლოდინები: თამბაქოს ფასი ევროპულ ფასებს გაუტოლდება?

საქართველოში თამბაქოს ფასი წლის ბოლომდე ევროპულ ფასებს უნდა გაუტოლდეს. როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და თამბაქოს ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე?

გთავაზობთ საკითხის ზოგად ანალიტიკურ და სტატისტიკურ მიმოხილვას:

საქსტატის მონაცემებით თამბაქოს პროდუქციაზე ფასები საშუალოდ 32.7 %-ით გაიზარდა. მაგალითად, თუ მომხმარებელს ფილტრიანი სიგარეტის ყიდვა 2.5 ლარად შეეძლო დღეს მისი ფასი 3.5 ლარს შეადგენს. უფრო მეტად გაძვირდა პრემიუმ კლასის სიგარეტი 5 ლარიდან 6.5 ლარამდე. პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით საქართველოში თამბაქოს ფასი ევროპულს უნდა გაუტოლდეს და წლის ბოლომდე პარლამენტში იგეგმება კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად ერთი კოლოფი სიგარეტის მინიმალური ფასი 8 ლარი იქნება. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით 2018 წელს ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე 108 971 000, ხოლო იმპორტირებულზე – 275 173 600 ერთეული აქციზია გაცემული. რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოში თამბაქოს ბაზარი 2018 წელს 384 144 600 კოლოფ სიგარეტს შეადგენდა. სულ ბრუნვა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით 2017 წელს – 1 076 167 430, 96 ლარი, ხოლო 2018 წელს – 1 073 899 426,33 ლარი შეადგინა. გაძვირების შედეგად 2019 წელს მწეველებს საშუალოდ 29 263 759 ლარის ზედმეტად გადახდა მოუწევთ ყოველთვიურად, რაც წელიწადში 351 165 112 ლარს შეადგენს. რადგან ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის შემოსავალი წლობით უცვლელია დამატებითი ხარჯები ბუნებრივია დააზარალებს ჩვენი ოჯახების ბიუჯეტს. ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიგარეტზე ფასების ზრდა მოსახლეობას რამოდენიმე ათეული მილიონი ლარით გაღარიბებს. განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებს ანუ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

მიუხედავათ იმისა, რომ თამბაქოს მოხმარება ჯამრთელობისათვის საზიანოა და მავნე ჩვევას წარმოადგენს, მწეველისთვის თამბაქო პირველადი მოხმარების პროდუქტს წარმოადგენს. ალბათ ხშირად გაგვიგონია მწეველებისგან ასეთი ფრაზა – თუ სიგარეტი ძალიან გაძვირდება უკიდურეს შემთხვევაში თავს დავანებებ! სამწუხაროდ ნიკოტინზე დამოკიდებული ადამიანების უმრავლესობისთვის მოკლევადიან პერიოდში თამბაქოს ნაწარმის მოხმარებიდან ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ ეკონომიკური ტერმინოლოგიით თუ ვისაუბრებთ მწეველთა დიდი ნაწილის მოთხოვნა სიგარეტზე არაელასტიკურია ფასის მიმართ. რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მოთხოვნის უმნიშვნელო კლებას იწვევს.

უფრო ოპტიმისტურია საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის, უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის  პროგნოზი ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი განცხადებით: „თამბაქოზე ფასის 10 პროცენტიანი მატება იწვევს თამბაქოს მოხმარების 2-5 პროცენტით შემცირებას. ბავშვებში და ახალგაზრდებში კი ეს ეფექტი 5-8 პროცენტით იზრდება. ჩვენნაირი შემოსავლების ქვეყნაში ფასის გამო თამბაქოს მოხმარების შემცირება კიდევ უფრო გამოხატულია. რაც თავის მხრივ ნიშნავს ათიათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს“.

ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი თამბაქოზე ფასების 40%-მა ზრდამ სიგარეტის მოხმარების 20-30%-იანი შემცირება უნდა გამოიწვიოს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოხმარების შემცირების მიუხედავათ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობას დამატებითად წელიწადში 245 815 578 ლარის გადახდას ვაკისრებთ. გავაანალიზოთ რა შედეგს გამოიღებს ეს ჩვენი ეკონომიკისათვის. 245 815 578 ლარით გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური და არა რეალური მაჩვენებელი. რას ნიშნავს ეს. ეკონომიკაში გაიზრდება არა საქონლის არამედ ფულის მასა. ჩვენ კი კარგად ვიცით რას ნიშნავს ფულის მასის ხელოვნური ზრდა საქონლის უცვლელი რაოდენობის პირობებში – ინფლაციას. სიგარეტის ბაზარზე სექტორული ინფლაცია აუცილებლად გახდება ინფლაციური პროცესების სტიმულატორი სხვა სასაქონლო ბაზრებისთვისაც.

როდესაც თამბაქოზე ფასის ზრდით მის მოხმარების შემცირების პოლიტიკაზე ვსაუბრობთ გასათვალისწინებელია ასევე ამ საქონლის ახლო შემცვლელებისა და  კონტრაბანდული წესით მისი შემოტანის შესაძლებლობის არსებობა. მომხმარებლების დიდი ნაწილი უკვე გადავიდა დასაფასოებელი თუთუნის მოხმარებაზე. დღეისთვის ასეთი პროდუქტი ბაზარზე მომხმარებელს კოლოფი 1.2-1.8 ლარამდე უჯდება. მწეველთა აზრით დასაფასოებელი თუთუნი არამარტო იაფი ჯდება, რამედ ხარისხიანიც არის. უახლოეს მომავალში პარლამენტში იგეგმება დასაფასოებელ თუთუნზე გადასახადების დაწესება, რაც ბუნებრივია მასზე ფასის ზრდას გამოიწვევს. თავის მხრივ გაიზრდება კონდრაბანდულ სიგარეტზე მოთხოვნა და თამბაქოს ხარისხის შეამცირება. კონტრაბანდული საქონლის შემოტანის რისკი მაღალია, რადგან საქართველოს გააჩნია უკონტროლო რეგიონები (აფხაზეთი და სამაჩაბლო), რომელზეც  ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. გასული საუკუნის 90-იან წლებში ამის მწარე გამოცდილება უკვე გაგვაჩნია თუ რა შედეგები შეიძლება გამოიღოს კონტრაბანდული წესით შემოტანილმა სიგარეტმა. ცენტრალური ბიუჯეტის შემცირება, კრიმინალისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, კორუფცია არის ის თანამიმდევი პროცესები, რომელიც ახლავს კონტრაბანდას.

 ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე “შაბათის კურიერში”, ამა წლის 13 ივლისს გასული რეპორტაჟის თანახმად მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ვანო ჩხარტიშვილმა კორუფციული სქემის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის  60 მილიონი ლარი მიითვისა. „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით მთავრობამ ხალხს უთხრა, რომ სიგარეტის გაძვირებით ბიუჯეტი შეივსებოდა, ადამიანები ნაკლებს მოწევდნენ და გადარჩებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტში უნდა წასულიყო, ერთი ვიწრო ბიზნესჯგუფის ინტერესებს მოხმარდა.

აღნიშნულ რეპორტაჟში, ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის ბოლოს თამბაქოს ბაზარზე დარჩენილმა ერთადერთმა მწარმოებლებმა ჩხარტიშვილის კომპანიამ „თბილისის თამბაქომ“ უკვე იცოდა, რომ უფილტრო სიგარეტის აქციზი ძვირდებოდა, ამიტომ დიდი რაოდენობით აქციზური მარკები წინასწარ ძველი ფასით მოიმარაგა. ფინანსთა სამინისტროს მიერ “კურიერისთვის” გამოგზავნილ წერილში წერია, რომ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის ბოლოს, ანუ აქციზის გაძვირებამდე რამდენიმე კვირით ადრე 108,431,000 მილიონის აქციზური მარკა გასცა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, რადგან წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს რამოდენიმე ათეული მილიონით აღემატება აქციზური მარკების უდიდი ნაწილი ვანო ჩხარტიშვილის „თბილისის თამბაქოს“ შეხვდა, რადგან ბაზრის სხვა მოთამაშეებს 108-დან მხოლოდ 1 მილიონის აქციზი დასჭირდათ.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ აქციზური მარკების მიღების შემდეგ „თბილისის თამბაქომ“ საბუთების მიხედვით სადისტრიბუციო კომპანიებს საანგარიშო წლის ბოლო დღეებში რეკორდულად დიდი რაოდენობის სიგარეტი მიჰყიდა. არსებობს ეჭვი, რომ ამდენი სიგარეტი რეალურად არ გაყიდულა, უბრალოდ, რეალიზაცია ფურცელზე აჩვენეს. იაფად ნაყიდ აქციზებს კი კომპანია 2019 წელსაც იყენებდა. ეს ერთეული შემთხვევაა, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ სიგარეტის გაძვირება მხოლოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს ქართულ ბაზარზე.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „თბილისის თამბაქომ“ კატეგორიულად უარყო შაბათის კურიერში“ გაჟღერებული ინფორმაციები და განაცხადა, რომ ფაბრიკასთან დაკავშირებით მორიგი ცილისმწამებლური და მავნებლური სიუჟეტი გავიდა. „ტელეკომპანიამ ბრალი დაგვდო ბიუჯეტის კუთვნილი 60 მილიონი ლარის მითვისებაში და ამის „უტყუარ“ მოწმედ მოიყვანა თამბაქოს ვეტერანი კონტრაბანდისტი და ვაიბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი. მისი საგმირო საქმეები და ქვეყნის ბიუჯეტისადმი „გულშემატკივრობა“ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან არის ცნობილი. ამჯერად ის არის თამბაქოს კომპანია „ოჯითის“ მფლობელი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტის 50 მილიონი ლარის დავალიანება აქვს და წლებია, ჯიუტად არ იხდის ჩვენი პედაგოგების, პენსიონერებისა და პოლიციელების წინაშე არსებულ დავალიანებას. ასევე, წლებია, ბიუჯეტისადმი ათეულ მილიონობით ლარის დავალიანება აქვს ქვეყნის ბიუჯეტზე „გულდამწვარ“ „რუსთავი 2“-საც. ჩვენ კი ყოველწლიურად ბიუჯეტში 60 მილიონამდე ლარი შეგვაქვს და ბიუჯეტის ერთი თეთრის დავალიანებაც არ გვაქვს.

„შაბათის კურიერის“ სიუჟეტში აღწერილ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“- ზე გასული მასალა იყო მორიგი ცილისმწამებლური და სიცრუეზე დამყარებული სიუჟეტი, რომელიც წარმოადგენდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის გაგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის უხეშ მანიპულაციას და გახმოვანებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით“ – ნათქვამია „თბილისის თამბაქო“ განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული განცხადება, თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტმა არარსებული კორუფციული სქემით 60 მლნ ლარით იზარალა, რაც უბრალოდ აბსურდია, რისი დამტკიცებაც უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციითაა შესაძლებელი.

თუმცა, დავუბრუნდეთ ჩვენს თემას: მინდა მკითხველს ვუთხრათ, რომ პრობლემას ცალხმრივად არ აღვიქვამთ და მხოლოდ სიგარეტის გაძვირებით გამოწვეულ ეკონომიკურ ეფექტებს არ ვაქცევთ ყურადღებას. თამბაქოს პროდუქციის მოხმარება საზიანოა ჯამრთელობისათვის ამაზე არავინ დავობს და ეს არამარტო ლოკალურად საქართველოს, არამედ გლობალურად მსოფლიოს პრობლემაა. მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი თამბაქოს პროდუქციის მომხმარებელია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2026 წლისთვის მწეველთა რაოდენობა შეიძლება 1,6 მილიარდამდე გაიზარდოს. მწეველთა ¾ ნაწილი განვითარებადი და განუვითარებელი ქვეყნების მოქალაქეები არიან. საქართველოში ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მონაცემებით მოსახლეობის 40 % მწეველია. აქედან მამაკაცების 50-65%, ხოლო ქალბატონების – 16-22% თამბაქოს პროდუქციის მომხმარებელია. განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. დღეის მონაცემებით მოზარდების 22%-ს თამბაქოს მომხმარებელია. ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, რომ ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს. მაგრამ საქართველოს მთავრობამ ინიციატივა აიღო საკუთარ ხელში და სიგარეტის აქციზი რამოდენიმეჯერ გაზარდა ისე, რომ ყველა რისკი, რომელიც ამ პროცესს ჩვენი ქვეყნისთვის გააჩნია არ გაითვალისწინა.

არსებობს თამბაქოს მომხმარებელების შემცირების სხვა ალტერნატიული გზებიც. კერძოდ სოციალური რეკლამები და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, რომელშიც საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები არიან ჩართული. მართალია აღნიშნული პროგრამა გრძელვადიანი, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტურია და ნაკლები რისკების შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის ვიდრე თამბაქოზე ფასების ზრდა.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

http://www.geostat.ge/

http://www.rs.ge/

https://www.who.int/

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული