შაბათი, მაისი 18, 2024

“ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ურყევი ნება” – ნინო დოლიძე

დღეს, სამოქალაქო საზოგადოებამ, ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ ქმედებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვა წარდგინა და საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს 10 ნაბიჯიან გეგმას. აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ და განაცხადა, რომ აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით შეიქმნას ეროვნული სამოქმედო გეგმა:

,,ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და ჩვენ ვცდილობთ სწორედ ამ მიმართულებით წავიდეთ მას შემდეგ, რაც მივიღეთ დამოუკიდებლობა. თუმცა ვიცით, რომ ეს არის რთული და გრძელი გზა, მაგრამ დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი ნაბიჯები უფრო დაჩქარდეს.

ჩვენ ვნახეთ განაცხადი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ევროკავშირში. თუმცა, განაცხადის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. ცხადია, განაცხადი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ ევროატლანტიკურ სივრცესა და ევროკავშირში ინტეგრაცია.

დღეს გავერთიანდით არასამთავრობო ორგანიზაციები იმიტომ, რომ აქამდე განაცხადის გარდა ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს და შევთავაზეთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს ქვეყანა. ქმედით ნაბიჯებში იგულისხმება პირველ რიგში ეროვნული სამოქმედო გეგმა – როგორ და რა ნაბიჯებით აპირებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებას? რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და როგორ უნდა იყოს ჩართული სახელმწიფო თუ სხვა უწყებები?

ჩვენი სამოქმედო გეგმის მთავარი გზავნილი არის ის, რომ შეიქმნას ეროვნული სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ნაბიჯები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, შარშან შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

32 ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი:

1. შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;
2. განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“[1] (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;
3. გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის[2] დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;
4. გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის[3] მიღების დასაჩქარებლად;
5. მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა;
6. ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში[4], გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;
7. გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
8. განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;
9. პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის[5] შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას რათა ერთის მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორეს მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი;
10. უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

მითითებული წყაროები:

[1]

[2] ასოცირების დღისწესრიგი ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განსახორციელებელი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს ამ შეთანხმების ძირითად პრიორიტეტებს. წინა დღსწესრიგის მოქმედების ვადა 2020 წელს დასრულდა და ახალი ამ დრომდე არ დამტკიცებულა.

[3] კითხვარი წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტის, რომლის გამოყენებითაც ევროკავშირის მიერ ხდება ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

[4] საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულება

[5]

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული