სამშაბათი, აპრილი 23, 2024

უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მომავალზე – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და იქ წარმოებული ომის გამო მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დადგა და ცივილიზებული სამყაროს რეაქციაც აგრესორი ქვეყნის მიმართ, მართალია ეტაპობრივია და დროში გაწელილი, თუმცა საკმაოდ მძიმე და მრავალმხრივია.

კოლექტიური დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს თუ ბოლომდე შეინარჩუნებს, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა დეფოლტისა და ჰიპერინფლაციის წინაშე აუცილებლად დადგება. ეს პროცესი დაწყებულია და გარკვეული დრო სჭირდება. კრემლს არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ ფულის საბეჭდი დაზგა აამუშავოს. უახლოეს მომავალში რუბლი, რომელიც არაფრით არ იქნება გამყარებული იმდენად გაუფასურდება, რომ იმ ქაღალდის ფასიც კი არ ექნება, რომელზეც იგი არის დაბეჭდილი. პუტინის ხელისუფლება, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორის პოლიციას, სამხედროებს, ხელფასებს ვერ გადაუხდის ჩამოიშლება.

გთავაზობთ მოვლენების განვითარების უშუალოდ რუსეთისთვის პესიმისტურ და შედარებით ოპტიმისტურ ხედვას.

პესიმისტური პროგნოზით დაიწყება ქაოსი. გაჩნდება რამდენიმე „სიმძიმის ცენტრი“, რომელიც ხელისუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებს. რუსეთის ფედერაცია ნაწილებად დაიშლება. გაიზრდება კრიმინალი, წარმოიქმნება უკონტროლო ტერიტორიები სადაც იფუნქციონირებენ ტერორისტული ორგანიზაციები და ბანდ-ფორმირებები.

ოპტიმისტური გათვლებით რუსეთის სამხედრო და ფინანსურ ელიტებს ეყოფათ საღი აზრი და ნებისყოფა იმისთვის, რომ მასობრივი მღელვარების გარეშე, პუტინის ხელისუფლებისგან ჩამოშორება მოახერხონ, ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები და იმპერიული ზრახვების დათმობის ხარჯზე, კოლექტიურ დასავლეთთან მოლაპარაკებაზე წავიდნენ.

პრაგმატულად, რომ ვიმსჯელოთ დასავლეთს არ აწყობს მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარება, რადგან მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დადგება მსოფლიო. ერთ-ერთი მათ შორის ატომურ იარაღსა და ელექტრო სადგურებზე კონტროლის დაკარგვაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ერთი ატომური სახელმწიფოს ნაცვლად ცივილურმა სამყარო ოთხი მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ, რომელსაც ატომური მემკვიდრეობა ერგო, ვერ შეძლო ამ მიმართულებით უსაფრთხოების ეფექტური ზომების გატარება. მეორე დიდი გამოწვევა ევროპისკენ მიმართული რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადები იქნება. დასავლეთისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინება, რადგან რუსული ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდებით ეკონომიკურად მოძლიერდება.

მოვლენების პესიმისტურად განვითარება არ აწყობს საქართველოსაც. ის უკონტროლო ტერიტორიები რაზეც ზემოთ ვამახვილებდით ყურადღებას, ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებთან შეიძლება წარმოიქმნას. ოფიციალური კრემლი დღემდე გაზისა და ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლის ხარჯზე ინახავს და ინარჩუნებს ჩრდილოეთ კავკასიის პატარა რესპუბლიკებს (ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და სხვა). აღნიშნულ რეგიონს რუსეთისგან დამოუკიდებლად ეკონომიკური შემოსავალი არ გააჩნიათ, ამიტომ როგორც კი შეუმცირდებათ ცენტრალური ხელისუფლებისგან დოტაციები მათგან მომავალი სამხედრო საფრთხე შესაძლოა გაიზარდოს.

საქართველოსგან მიტაცებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებიც რუსეთს დოტაციის პრინციპით ჰყავს კმაყოფაზე. 2021-2022 წლებში სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად ორივე ოკუპირებული რესპუბლიკა რუსეთისგან 4,5 მლრ. რუბლის მიღებას გეგმავდა [1]. ძველი კურსით ეს თანხა 57,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ახალი კურსით კიდევ უფრო ნაკლებია და 38,8 მლნ. აშშ დოლარია. მაგრამ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის განცხადებიდან ირკვევა, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკები ამ თანხას ვეღარ მიიღებენ და მეტიც ისინი უკვე დამოუკიდებლები არიან და რუსეთის ფულის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

შექმნილ სიტუაციაში კრემლი ნამდვილად ვეღარ მოიცლის ოკუპირებული რეგიონებისთვის. ძალიან მალე სოხუმსა და ცხინვალში სეპარატისტული ხელისუფლებები საკუთარ კანზე კარგად იგრძნობენ დასავლური სანქციების სიმწვავესა და გაიგებენ რუსეთის ერთგულების ფასს. უახლოეს მომავალში ორივე თვითგამოცხადებული მთავრობა ელემენტარული ხელფასებისა და პენსიების დარიგებას ვერ შეძლებს. გაჩნდება დეფიციტი პირველადი მოხმარების საგნებზე, საკვებ პროდუქტებსა და წამალებზე. მოვლენების განვითარება აქ უფრო დრამატული იქნება ვიდრე მოსკოვში, რადგან ეკონომიკური (ისევე როგორც პოლიტიკური) დამოუკიდებლობა მათ არ გააჩნიათ და ძუძუს გოჭებივით მიბმულები არიან რუსეთის ცენტრალურ ბიუჯეტს.
ამის გარდა ჰააგიდან მოვიდა კარგი ინფორმაცია. 2008 წლის ომის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა გამოსცა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ მიხეილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი პასუხისმგებელები არიან 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში ომის დანაშაულების ჩადენაზე. დროთა განმავლობაში სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებიდან კიდევ ბევრი წარსდგება სასამართლოს წინაშე.

საქართველოს თავის ისტორიულ რეგიონებს მხოლოდ რუსი ოკუპანტის 8 500 კაციანი ჯარის ნაწილები აშორებს [1]. ბოლოს დროს განვითარებული მოვლენებიდან ვიცით, რომ რუსეთის ერთ-ერთ ოლქში სამხედრო კომისარიატის შენობა დაწვეს, საზღვაო-სადესანტო ძალების ნაწილმა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რუსი სამხედროები უკრაინაში დემორალიზებულები არიან და სამშობლოში დაბრუნების მიზნით, დიდი რაოდენობით ტოვებენ დისლოკაციის ადგილებს. დაიმსხვრა რუსული არმიის უძლეველობის მითი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსული სამხედრო ძალების ცენტრალური მართვის სისტემა უახლოეს მომავალში მოიშლება.

საქართველო მომზადებული უნდა შეხვდეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროა ერთის მხრივ სახალხო დიპლომატიის გააქტიურება, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკური დიპლომატიის მაღალი პროფესიონალიზმი და კარგად შერჩეული სტრატეგია იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ჩვენი სახელმწიფოს მოქმედებები ქირურგიული სიფრთხილით უნდა შესრულდეს, რათა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების მხრიდან ნდობის ხარისხი განსაკუთრებით გაიზარდოს და ნათლად დაინახონ რეგიონების განვითარების ის პერსპექტივები, რაც ოკუპაციის დასრულებას მოჰყვება.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:
მ. კომახია, „კურატორები – ვინ ქმნის და ვინ ახორციელებს კრემლის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“, გზამკვლევი, რონდელის ფონდი, თბილისი, 2021 წელი, გვ. 44.

ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული