კვირა, მაისი 19, 2024

“მივესალმები კერძო სექტორის მიერ რუსებისთვის მათ პროდუქტებსა თუ სერვისებზე სპეციალური, მაღალი ფასის დაწესებას” – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, საქართველოში რუსეთიდან ბიზნესმენებისა თუ ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიაჩნია, საქართველოში მათი შემოსვლა მხოლოდ კონკრეტული პირობებით მოხდეს:

ვრცელდება ცნობები, რომ რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრები საქართველოში მოდიან. საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთან გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის უფლება $300 ათასის და უფრო მოკლე, 1 წლიანი ბინადრობა $100 ათასის სანაცვლოდ, თუმცა იქვე წერია რომ ორივე შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. ეს თანხა, მათთვის “სტაიანკის” ფასია.

ახლა დაიწყება მსჯელობა, რამდენად მიზანშეწონილია ქვეყანა გახდეს რუსული ელიტის კასაბლანკა. ამის შესახებ პოზიციების დაახლოება შეიძლება შემდეგი გადაწყვეტით: ყველა რუსმა შემომსვლელმა ოფიციალურად მოაწეროს ხელი საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

რაც შეეხება ვიზიტორებს და არა მობინადრეებს: სავიზო რეჟიმი იმისთვის არსებობს რომ გაარჩიო მტერი, არც ისე მტერი, თუ მოყვარე. ვფიქრობ, ვიზას უნდა დაემატოს ოკუპაციის მოსაკრებელიც, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიით დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის სპეციალურ ფონდში წავა.

აგრეთვე, რუსმა ტურისტებმაც უნდა მოაწერონ ხელი დოკუმენტზე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რომ პატივს სცემენ ჩვენს საზღვრებსა და სუვერენიტეტს და აღიარონ პუტინი სამხედრო დამნაშავედ. მერე მოვიდნენ და იმპერიაზე ჩუმი დარდი ღვინით განიქარვონ. ოღონდ ეგეც ბევრი ღრიანცელის გარეშე.

პ.ს. აგრეთვე მივესალმები კერძო სექტორის მიერ რუსებისთვის მათ პროდუქტებსა თუ სერვისებზე სპეციალური, მაღალი ფასის დაწესებას“, – აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული