მეხუთე დღეა მიმდინარეობს ომი უკრაინაში. ამ ფონზე ქართული ოპოზიცია მწვავე კრიტიკას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, მოითხოვენ თანამდებობიდან მის გადადგომას.
,,პრეზიდენტი ზელენსკი ახლა აპირებს დაჩქარებული წესით უკრაინის ინტეგრაციას ევროკავშირში, რასაც ევროკავშირი ძალიან მალე განიხილავს.
აი ამ დროს ჩვენ გვყავს რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ღარიბაშვილი უნდა წავიდეს თანამდებობიდან. იმიტომ, რომ მისი საქმიანობა და ზოგადად ამ რეჟიმის არსებობა საქართველოში არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ძირგამომთხრელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის 19:00 საათზე აანონსებს საპროტესტო აქციას:
,,ერთადერთს, რასაც ჩვენ ვისმენთ ირაკლი ღარიბაშვილისგან ეს არის ღვარძლი, ზიზღი, დანაწევრება და რუსული ტყუილები!
ის, რომ სანქციები არის არაეფექტური – ეს არის რუსული ტყუილი; ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი – ეს არის რუსული ტყუილი. ის, რომ უკრაინა ვერ მოიგებს – ეს არის რუსული ტყუილი.
ჩვენ ვართ ყველანი უკრაინის გვერდით, ირაკლი ღარიბაშვილი კი არცხვენს ჩვენ ქვეყანას. ამიტომ მას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და დღეს 7 საათზე პარლამენტის წინ ვთქვათ, რომ ის არ უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი!“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე