პარასკევი, აპრილი 19, 2024

გიორგი კოდუა: “ნუ გადააქცევთ ქვეყანას რუსეთის ეკონომიკურ გუბერნიად!”

რუსეთის მხრიდან მორიგ ზეწოლასა და ვლადიმერ პუტინის განკარგულების შესაბამისად საქართელოს მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესებას მკვეთრად ნეგატიურად აფასებს “HUB GEORGIA”-ს წევრი, ბიზნესმენი გიორგი კოდუა და ხელისუფლებას ურჩევს დროულად გამოასწოროს დაშვებული შეცდომები, ამასთან გამონახოს გზები რუსულ ბაზარზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად:

მინდა გამოვეხმაურო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულიად აღმაშფოთებელ განცხადებას, რომლიც მან საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა, ასევე მიუღებლად მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლების რეაგირებაც ამ განცხადებაზე.

საქართველო არ არის რუსეთის გუბერნია, რუსეთის პრეზიდენტი კი თავისი ქმედებებით, სწორედ ამის დემონსტრირებას ახდენს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ებმებოდა რუსეთს, ეს კი პუტინის ხელში, ჩვენს ქვეყანაზე ზემოქმედების “კარგი” ბერკეტია. ამ გზით რუსეთი, არა მხოლოდ ეკონომიკურად დამოკიდებულს გვხდის მასზე, არამედ ადამიანების განწყობებზეც მოქმედებს.

ეკონომიკური სანქციების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების მაგალითი 2006 წელს უკვე გვქონდა, საბედნიეროდ, მაშინ ქვეყანამ ამ გამოწვევასთან გამკლავება მძიმედ, თუმცა მაინც მოახერხა. ის რაც 2006 წელს მოხდა, კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მოქმედი ხელისუფლებისთვის, როდესაც მან მუშაობა დაიწყო რუსული ბაზრის გახსნაზე. პარალელურად უნდა შემუშავებულიყო სტრატეგიული გეგმაც, რომ მოვლენების იგივე სცენარით განმეორების შემთხვევაში, ქართულ ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა მოეხდინა. სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი გაკეთებულა, მეტიც, თითქოს ყველამ დაივიწყა კიდეც ამ რისკების შესახებ. ახლა კი ვხედავთ, რომ თურმე ჩვენი ბევრი თანამოქალაქის კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს რუსეთის პრეზიდენტი. გუშინ ის ,,გულმოწყალე და კეთილი“ აღმოჩნდა. გამაოგნებელი იყო საქართველოს ხელისუფლების ,,მადლობა“ ამ ,,გულმოწყალებაზე“. საქართველოს ხელისუფლებას პუტინის განცხადებისთვის არ უპასუხია ისე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას შეეფერება, საქართველოს ისტორიის ,,ხელახლა გადაწერის“ ამბავიც მხოლოდ მეორე დღეს შეიმჩნიეს.

სიტუაცია თითქოს ,,განიმუხტა“, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს რუსეთის ხელისუფლების მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევაა და სანქციები ნებისმიერ დროს შეიძლება ამოქმედდეს, ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ,,ჭკვიანად“ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება და ხალხი. სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთებულა საგარეო ბაზრების დივერსიფიკაციისა და ახალი ბაზრების ათვისებისათვის. ხელისუფლება და ბიზნესი, არ და ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ქვეყანას აძლევს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან. რატომ ვებმებით 150 მილიონიან რუსულ ბაზარს, მაშინ როცა წვდომა გვაქვს 600 მილიონიან ევროპულ ბაზარსა და 1.5 მილიარდიან ჩინურ ბაზარზე?!

არსებული სიტუაციიდან ერთი გამოსავალია- საქართველო უნდა გახდეს მიზიდულობის ცენტრი, ჰაბი რეგიონში. ამას კი ხელისუფლების მხრიდან კარგად გააზრებული და წლებზე გათვლილი კონკრეტული სტრატეგია სჭირდება. მოვუწოდებ ხელისუფლებას დროულად გამოასწოროს დაშვებული შეცდომები და გამონახოს გზები რუსულ ბაზარზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად. ნუ გადააქცევთ ქვეყანას რუსეთის ეკონომიკურ გუბერნიად, რომელსაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურადღა ექნება შენარჩუნებული!” – მიმართავს ხელისუფლებას გიორგი კოდუა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული