ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
წინასაგაფიცო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა! სოციალური მომსახურების სააგენტომ და სამინისტრომ სოციალურ სააგენტოში დასაქმებულთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს. სოციალურ სააგენტოებში 381 დასაქმებული იფიცება. ხვალ ოფიციალური წერილის ჩაბარების შემდეგ, 3 დღეში სოციალური მომსახურების შემდეგი ცენტრები ვეღარ მოემსახურებიან ბენეფიციარებს:
1. თბილისი: ყველა რაიონი;
2. აჭარა: ბათუმი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური;
3. იმერეთი: ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული;
4. კახეთი: სიღნაღი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი ლაგოდეხი;
5. გურია: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი;
6. სამეგრელო-ზემო სვანეთი: მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, აბაშა, მესტია;
7. მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი;
8. სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი;
9. შიდა ქართლი: გორი, ქარელი;
10. ქვემო ქართლი: დმანისი;
დასაქმებულთა მოთხოვნები კი შემდეგია:
- სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის ორივე ნაწილის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;
- სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით. (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);
- რეგიონში და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვის ცენტრებში იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება;
- იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში;
- სააგენტოს მიერ, სხვა დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებით შრომის ანაზღაურება;
- სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება;
- გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
- ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.