საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ რამდენიმე წლის განმავლობაში რაზე ამახვილებდა ყურადრებას და ირონიული შეთავაზებით მიმართავს ოპოზიციას:
“2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან და პარლამენტის შეკრებიდან მალევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხშირად ვეკითხებოდი, როგორ ემზადებოდნენ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. გაკვირვებული სახით მიყურებდნენ და მპასუხობდნენ, რომ “2020 წლამდე ჯერ შორია!“
შემდეგ წლებშიც “ტვინი წავუღე”, – საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების მიღებას თუ ადევნებთ თვალს მეთქი. ისევ გაკვირვებულები მიყურებდნენ: “ჩვენ პარლამენტში არ ვართ!“
2019 წლის ივლისში თავიდან დავიწყე: რას აპირებთ, მუშაობთ მთლიანად პროპორციულზე გადასვლაზე? ისევ გაკვირვებული სახეები. დაახლოებით ასეთი: “ნუ შეგვჭამე, რა!” და მაინც კორექტული პასუხი: “ახლა ზაფხულია, სექტემბერში დეპუტატები შვებულებიდან დაბრუნდებიან და მერე დავიწყებთ!”
2019-20 წლებში ისევ ავიჩემე: რას აპირებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კანონმდებლობას თუ გაეცანით და როგორ ემზადებით მეთქი. პასუხი: “ჯერ ადრეა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე!“
ამ შეკითხვებით მმართველი პარტიის ლიდერებსაც მივმართავდი და მპასუხობდნენ: “ვემზადებით!” “ვმუშაობთ!” “ვაგრძელებთ!“
ეს “ვაგრძელებთ!” იმას ნიშნავდა, რომ მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო!
ისე, როგორც ოლიპიადისთვის ემზადებიან სპორტსმენები: მერე დღიდანვე! ოთხი წლის შემდეგ რომ ჩატარდება, იმ ოლიმპიადისთვის!
ახლა ეს ყველაფერი რატომ გამახსენდა: ქართველი პოლიტიკოსების კომენტარები მოვისმინე ყაზახეთზე!
წადით რა, დაჯექით, მაწონი ჭამეთ!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

