პარასკევი, აპრილი 26, 2024

პარლამენტს, ჩვენს სახელმწიფოს ზიანი ადგება პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით – დავით უსუფაშვილი

ღრმად მჯერა, რომ ამ ინსტიტუტის და ამ ინსტიტუტთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა და შებღალვა აი იმ სკამში მხოლოდ ვინმე გავრილოვის ჩაჯდომით, თუ შემთხვევით მოხვედრით არ ხდება. იგივე ზიანი ადგება ამ ინსტიტუტს და, შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოს ამ სკამიდან სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით. და სამწუხაროდ, ამ პარლამენტში სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში მე პირადად, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მეორედ გვხდით მოწმე არასწორი ადგომის იმ სავარძლიდან ადამიანის, რომელსაც პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგის განხორციელება კი არ ევალება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს თანამეთაურობა ევალება და ქვეყნის მოქალაქეების და სახელმწიფოს წარმომადგენლობა ევალება. ის ამ სავარძელში ჩაჯდომით აღარ არის ინდივიდი, ადამიანი, ოჯახის წევრი, მეგობარი, პოლიტიკური გუნდის წევრი. ის ხდება სახელმწიფო კაცი და სახელმწიფო ქალი. და შესაბამისად, არა მხოლოდ ამ სავარძელში ჯდომისას უნდა იქცეოდეს სახელმწიფო კაცის და სახელმწიფო კაცის დარად, არამედ იქიდან ადგომისასაც“, – განაცხადა ფრაქციის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვისას.

მის შეფასებით, ქვეყანას, პარლამენტს, ქვეყნის ხვალინდელ დღეს ზიანი უკვე მიადგა პარლამენტის წინა ორი თავმჯდომარის „არასწორი ადგომით“.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვის ორ ძალიან საპატივცემულო, კვალიფიციურ ადამიანს ასე არასწორად მოუწია აქედან ადგომა, ამითი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ამ ინსტიტუტს და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ასე ვერ შენდება ვერანაირი საპარლამენტო სუვერენიტეტი, რამდენადაც ასე ბრტყლად და მუქად არ უნდა დავწეროთ ეს სიტყვები. ამითი კნინდება საპარლამენტო სუვერენიტეტი და საერთოდ პარლამენტის დანიშნულება და მისი როლი და მერე გვიკვირს, რატომაა რომ ჩვენს მოქალაქეებს აღარ ესმით ან არჩევნები რატომ ტარდება, ან რატომ შემოვდივართ ამ დარბაზში და ა. შ. ასე მოქცევა არ შეიძლება. ასე ჩვენ ძირს ვუთხრით იმ სახელმწიფოებრიობას, რომლის მშენებლობისთვისაც გამოგვიშვა აქ ხალხმა თითქოს.

როგორ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობაც კი მიიღო გაწეული საქმიანობისთვის, დღეს აქ დარბაზში არ იყოს და ყველას ჩვენ ერთად და მოსახლეობას არ გვეუბნებოდეს რაშია საქმე, სად წავიდა, რატო წავიდა, სად არის ის მნიშვნელოვანი საქმე რომელიც მან უნდა გააკეთოს, ან მისი წინამორბედი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, ხელი მოაწერა და აქ გვითხრა ჩემი ვალი შევასრულე და ახლა წავედიო. ხალხო, ვის სჯერა ეს ამბავი და ვინმეს უმრავლესობიდან, ან უმცირესობიდან სჯერა და ან თავად სჯერათ ეს ყველაფერი? ასეთ ვითარებაში არ შეიძლება ჩავაყენოთ საკუთარი თავი, საკუთარი პოლიტიკური გუნდი, საკუთარი ამომრჩეველი და ასე შემდეგ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული