შაბათი, აპრილი 20, 2024

“მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ” – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ორგანიზაციის წლიური ანგარიში წარადგინა.

მედიასთან შეხვედრის დროს სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომპანიების მიერ ზედმეტობით დარიცხულ თანხებზე და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სემეკს ან გადაამოწმონ დარიცხვა *303#-ის მომსახურების საშუალებით:

მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს *303#-ის მომსახურება. მიმდინარე წლის ბოლოს ამ სერვისს დაემატა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის დარიცხული გადასახადის გადამოწმების ფუნქციაც. მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად, ერთი ღილაკის საშუალებით გაუგზავნონ კომპანიებს მოთხოვნა დარიცხვის გადამოწმებაზე. მკაცრად ვაკონტროლებთ კომპანიების საქმიანობას, ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს სისტემური დარღვევებისთვის დავაჯარიმეთ „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) და „თელასი“ უმაღლესი ოდენობის ჯარიმით. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომპანიებს გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება.

მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ. ჩვენი დავალებით, კომპანიებმა სხვადასხვა მომსახურების სტანდარტის დარღვევის გამო, მომხმარებლებზე 300 ათას ლარამდე კომპენსაცია გასცეს. ასეთი ოდენობის თანხების ჩამოწერა და კომპენსაციების გადახდა მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევას არცთუ იშვიათად აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საკითხი არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რომლის აღმოსაფხვრელად ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტსა თუ რეგულაციას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მან სხვა პროექტებთან ერთად, ისაუბრა იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური მომსახურებების დადებითი დინამიკის შესახებ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული