ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის და თეონა აქუბარდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს.

საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, კომიტეტს ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ გააცნო.

ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ფარული კენჭისყრით, პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი იყოს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.

ჩვენი აზრით, ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი სასწავლებლების დამოუკიდებლობას და ასევე პროფესორ – მასწავლებლების ჩართულობას ზოგადად უმაღლესი სასწავლებლების განვითარების პროცესში. თითოეულ ადამიანს, ვინც მიიღებს მონაწილეობას რექტორების არჩევნების პროცესში მას მოუწევს შესაბამისი პროგრამით წარდგენა პროფესორ-მასწავლებლების წინაშე და რომელი ხედვაც მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, იქნება არჩეული პირდაპირი ფარული კენჭისყრით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საკითხზე მსჯელობა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს საერთაშორის პრაქტიკა გააცნო, რომელიც შეთავაზებულ ცვლილებებთან თანხვედრაში არ მოდის.

კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სისტემის ჰარმონიზებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება.

ჩვენ, როგორც ბოლონიის პროცესების მონაწილე და როგორც სხვადასხვა სტრუქტურებში ჩართულებს, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სისტემების ჰარმონიზაცია და თანხვედრა, ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემაშიც ერთ ენაზე ვისაუბროთ სხვა კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული