,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ არაძალადობრივი აქციების შედეგად მმართველი ხელისუფლება იძულება გახადეს გლდანის მე-18 დაწესებულებიდან საქართველოს მე-3 პრეზიდენტი გადაეყვანათ გორის ჰოსპიტალში:
,,მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. რა თქმა უნდა, გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანებს გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ციხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ იქ, სადაც არანაირი ელემენტარული სამკურნალო, პრაქტიკულად შესაძლებლობებიც კი არ არსებობდა. ეს დაამტკიცა სამმა განსხვავებულმა კონსილიუმმა მედიცინის მუშაკებით დაკომპლექტებულმა.
თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად აკეთებს მხარდასაჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის.
დიახაც! რომ არა ეს არაძალადობრივი ბრძოლა მერწმუნეთ, არც ერთი განცხადება დღეს არ გაკეთდებოდა. ეს არის ის, რაც უნდოდა ,,ქართულ ოცნებას“, რომ ჩავეთრიეთ ჩვენ ძალადობრივ პროცესებში. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში, ადგილობრივი საზოგადოების თვალშიც, თავი აქვს უბრალოდ მმართველ პარტიას მოჭრილი, მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს და ოლიგარქს აღარაფერი დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა.
ისინი ეძებდნენ, მეგობრებო, ეძებდნენ არგუმენტს, საბაბს – როგორ გამოეყენებინათ ძალა და როგორ ჩაეხშოთ პროტესტი, კიდევ უფრო მძიმე პირობებში ემყოფებინათ, ამ ყველაფრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც ჰყავთ დატყვევებული. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ არ აჰყევით ამ რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავაღვრევინეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


