,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის საშემოდგომო სხდომაზე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება გააკეთა და ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ მძიმე, ნეგატიურ ფაქტებზე:
,,გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის დღეს ახლა ამ პარლამენტში, ამ ვითარებაში ჯდომა. ძალიან ბევრს ვფიქრობდი შემოვსულიყავი თუ არა დღეს სხდომაზე, რადგან თავისუფალი აზრი არ მოსწონს არც ერთ მხარეს, ძალიან პოლარიზებულია გარემო. მე ვიცი, რომ იტყვის ვიღაც, ფასადურია რასაც ვაკეთებთ აქ ჯდომით და ფასადს ვუქმნით ,,ქართულ ოცნებას“, მაგრამ ის სიმართლე, რის თქმასაც დღეს ვაპირებ ამ ტრიბუნიდან არის იმაზე მეტი, ვიდრე ,,ქოცობა“ და ,,ნაცობა“!
თქვენ ცხოვრობთ ძალიან განსხვავებულ, პარალელურ რეალობაში და ეს დამანახა დღევანდელმა დღემ…
მე ოპტიმისტი ვარ ბუნებით, მაგრამ რა გამოსავალი უნდა იყოს?! გამოსვლებს ვუყურებ, უმრავლესობას ვგულისხმობ – ,,ქართული ოცნების“, ძალიან აცდენილი ხართ იმ რეალობას, საჭიროებებს, რაც ხალხს სტკივა და აწუხებს. მე მიკვირს მართლა ის ოვაციები, ტაში – რას უკრავთ ტაშს?! – რომ პანდემია დაამარცხეთ, ეკონომიკური გარღვევა გაქვთ, ინვესტიციები შემოიტანეთ, სამუშაო ადგილები შექმენით, ადამიანები არ შიმშილობენ – რომელი პრობლემა გადაწყვიტეთ?! ტაშს რას უკრავთ?! ეს ხომ ფასადურია ყველაფერი. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა იმ რეალობისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც დღეს გვიყურებს და არაფერი ხალხისთვის სასიკეთო არ გვითქვამს!
ნამდვილი ტაში, ოვაცია ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც იმ ზეწოლის, უთანასწორო ბრძოლის პირობებში, მხარი დაუჭირა ოპოზიციას და ეს არის ასობით ათასი ადამიანი. ქედს ვიხრი და ტაშს ვუკრავ ყველა ამ ადამიანს. სახელი და გვარებიც შემიძლია – მაგალითად იზა ჩირგვაძე, რომელიც ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრი იყო. ის არ იყო ოპოზიციიდან, არამედ ,,ქართული ოცნებიდან’’, რომელმაც გაახილა სქემა თუ როგორ ხდებოდა, როგორ აძალებდნენ სხვისი პასპორტებით/პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას. ასევე იმსახურებს ტაშს ადამიანი, რომელიც იყო ჩვენი წარმოამდგენელი ლანჩხუთში – გვანცა ჩხარტიშვილი. რომელიც გვეუბნებოდა, რომ “კი დაგიდგებით გვერდში, მაგრამ რომ მორჩება არჩევნები მე გამიშვებენ“. მე ვეუბნებოდი: “არა, შეიცვალა ის დრო, ესე არ მოხდება“, მაგრამ როგორც კი დასრულდა არჩევნები გვანცა ჩხარტიშვილს გამოართვეს გასაღები და განხორციელდა მასზე ზეწოლა. დღესაც არ იცის სამსახურში გათავისუფლებულია, მივიდეს თუ არა იმიტომ, რომ ოთახი არ აქვს, სადაც უნდა განახორციელოს უფლება-მოსილება. ასევე ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა სურსათის უვნებლობის სამსახურში – მარტიროს მარკოსიანი, გამოუშვეს სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მამამისი იყო ოპოზიციის სიაში.
აი, ასეთი არჩევნები ჩაატარეს.
მე მინდა, რომ მათ ტაში დავუკრა იმ ძალოვნებს სამეგრელოდან, იმის გამო, რომ ოპოზიციის მხარეს იყვნენ ჩაუდეს ხელყუმბარა სახლში და დააპატიმრეს ასეთი ადამიანი.
ეს არჩევნები არ იყო ხალხნო, ეს იყო ბრძოლა და ვინც ამ ბრძოლაში გამოუცხადა თანადგომა ოპოზიციას ყველა იმსახურებ ტაშს!
დაუსრულებელია საუბარი იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ. მიიტაცეთ და ახლა კარგია ძალაუფლება და მოდი შევრიგდეთ, მაგრამ მთავარ მისიად ოპოზიციის განადგურება რომ გაქვთ დასახული, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობდეთ, აქ გეგმებით მოსულიყავით თუნდაც, გვესაუბრა ქვეყნის განვითარებაზე. წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე, მაშინ გახსენდებათ “სისხლიანი რეჟიმი” არჩევნები რომ მოვა, მანამდე დაკავებულები ხართ, კარგად ცხოვრობთ – მე მიხარია მდიდარი ადამიანის ნახვა, კარგად რომ ცხოვრობს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სხვა ადამიანების ძარცვის და გაღატაკების ხარჯზე. ამის წინააღმდეგი ვარ და ვიბრძვი. ესე ვერ გაგრძელდება, რეალობას დაუბრუნდით!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე