თბილისში, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” შემაჯამებელ შეკრებაზე, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით, პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე, ყველა მიმართულებით, სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა, ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას და რაც მთავარია, ხელისუფლება ემსახურება ხალხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს აქციაზე შეიკრიბნენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს, აჩვენეს ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე და მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა.
„მივესალმები ჩვენს ღირსეულ, ამაყ, თავისუფლების მოყვარულ და დაუმარცხებელ ქართველ ხალხს, მივესალმები სრულიად საქართველოს !
ჩემთვის დიდი პატივია ათიათასობით საქართველოს მოქალაქის, ამდენი გულანთებული, პატრიოტი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა. პირველ რიგში მინდა გულწრფელი მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა,
დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, თქვენი სიმტკიცისთვის, თქვენი ბრძოლისთვის, მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ყველას!
დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს, სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა.
2012 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა.
ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია, ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე.
„დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და რომ აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა.
ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები, ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. 1 ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში.
ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

