მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის, თბილისის მერია პირველი ნოემბრიდან მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
„ნებისმიერ, თბილისში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომელიც 4 პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით მოამზადებს და გადაამზადებს პროგრამის მონაწილეებს. ეს კოლეჯები გახლავთ: იკაროსი, მერმისი, სპექტრი და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი.
პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება-გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროგრამის მონაწილეთა მომზადება-გადამზადებისთვის საჭირო გადასახადს მუნიციპალიტეტი თვითონ უზრუნველყოფს.
„პროგრამა 2018 წლიდან ავამოქმედეთ, 2018 – 2020 წლებში მოვახერხეთ 4500-ზე მეტი მოქალაქის ჩართვა და მათგან უმრავლესობა უკვე დასაქმებულია, თავიანთი სამსახური აქვთ და ეს ადამიანები არიან მადლიერები. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ამ ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge, ასევე, ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს